DSC_0104_copy_cropped

მკაცრი, ცივი კლიმატის გამო გორელოვკაში ძირითადი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა მესაქონლეობაა. (DF Watch.)

გორელოვკა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის პატარა სოფელია, რომელიც სამხრეთ საქართველოში მდებარეობს. აქ ცხოვრობენ ეთნიკური სომხები, რუსი დუხობორები და ქართველები, რომლებიც ადიგენისა და ხულოს დამეწყრილი ადგილებიდან გადმოასახლეს.

სოფელი პატარაა და როგორც ადგილობრივები ამბობენ, აქ შვიდი თვე ზამთარია. ამიტომაც უმეტესობა მესაქონლეობას მისდევს, ნაწილი ფერმებშია დასაქმებული.

აქ დიდი კონფლიქტი არ არის, მაგრამ ადამიანები მეზობლებს შორის პატარ-პატარა უთანხმოებებზე ყვებიან, რაც ძირითადად საქონლისა და მიწების გამო ხდება.

ბოლო აღწერის მიხედვით, რომელიც 2002 წელს ჩატარდა, გორელოვკაში 1069 ადამიანი ცხოვრობს. აქიდან 200 დუხობორი ოჯახია.

ტანია დუხობორია და უკვე მრავალი წელია, ოჯახთან ერთად აქ ცხოვრობს. მისი თქმით, დუხობოროები მართლმადიდებელი ქრისტიანები არიან, „მაგრამ შუამავლის გარეშე.“

მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს 2000-ზე მეტმა დუხობორმა ძალადობის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად იარაღი დაწვა, რისთვისაც ისინი დასაჯეს და საქართველოსა და ციმბირში გადაასახლეს. 1990-იანების დასაწყისში აქ 4000 დუხობორი ცხოვრობდა, თუმცა ათასწლეულის ბოლოს ბევრმა დატოვა საქართველო.

ტანია ყვება, რომ რუსები სომხებზე ადრე ცხოვრობდნენ გორელოვკაში. 40 000 დუხობორი მეცხრამეტე საუკუნეში გადმოასახლეს რუსეთიდან, თუმცა დაახლოებით 20 000 მალევე გადასახლდა კანადაში, 6 000 – თურქეთში, დანარჩენები კი აზერბაიჯანსა და თბილისში.

Prayer house of Doukhabors in Gorelvka (DF Watch)

დუხობორების სალოცავი სახლი გორელოვკაში. (DF Watch.)

„ყოველ კვირას ჩვენ სალოცავ სახლში დავდივართ, მაგრამ სანთელს არ ვყიდულობთ,“ ყვება ტანია.

ის ამბობს, რომ არავინ ეხმარებთ სალოცავის შეკეთებაში. თვითონ აგროვებენ ფულს და თავისი ხელით არემონტებენ.

ტანია ქმარსა და შვილთან ერთად ცხოვრობს. მეორე შვილი გათხოვდა და გვერდით სახლში ცხოვრობს ოჯახთან ერთად.

„სოფელი სოფელია. ყოველთვის არის პრობლემები და თუკი ამ პრობლემების გადაჭრა შესაძლებელია, ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით.“

მისი თქმით, სოფელში არ არის სერიოზული დაპირისპირებები, თუმცა ხანდახან თანასოფლელები მიწის გამო კამათობენ.

ტანია მაღალი ქალია ვერცხლისფერი თმით, რომელსაც ტრადიციულ ყავისფერ თავსაფარში მალავს. ჩვენთან საუბრისას მწვანე ნაქსოვი ჯემპრი და ყავისფერი კაბა აცვია, მისი სახლი კი მწვანე და ცისფერ ფერებშია შეღებილი, როგორც სხვა დუხობორთა სახლები გორელოვკაში. ეზოში პატარა ბაღია. ტანიას რამდენიმე ძროხა ჰყავს და რძის პროდუქტებს ყიდის. მან, ისევე როგორც სხვა დუხობორებმა, ფოტო გადაღებაზე უარი გვითხრა.

200-მდე დუხობორი შემორჩა გორელოვკას. ტანია ამბობს, რომ არ უნდა, რუსეთის მოქალაქე გახდეს. მისთვის საკმარისია, იყოს საქართველოს მოქალაქე და არც სადმე წასვლას გეგმავს.

Zurab and his son at house in Gorelovka (DF Watch)

ზურაბ შავაძე საკუთარ სახლში შვილთან ერთად. ამბობს, რომ მთავრობისგან 4 წელია, მიწას ელოდება, მაგრამ ამაოდ. „რთულია ქართველი კაცისთვის მიწის გარეშე აქ ცხოვრება“. (DF Watch.)

68 წლის ზურაბ შავაძე ადიგენიდან გორელოვკაში მეწყრის შემდეგ გადმოასახლეს. ის სომეხი მეგობრის ფერმაში მუშაობს, რადგანაც თვითონ მიწა არა აქვს. უხდება ძროხების მოწველა, ფერმის დასუფთავება და სხვა საჭირო საქმის კეთება, რისთვისაც თვეში 120-150 ლარს იღებს.

„რთულია ქართველი კაცისთვის მიწის გარეშე აქ ცხოვრება,“ გვითხრა შავაძემ.

მისი თქმით, მთავრობა დაპირდა, რომ სახლთან ერთად გორელოვკაში მიწასაც მიიღებდა, თუმცა ჯერ არ მიუღია და უკვე ოთხი წელია, აქ ცხოვრობს.

ზურაბ შავაძე ამბობს, რომ სოფელში სულ 220 ოჯახია, აქიდან 70 ქართული ოჯახი და 50-იოდე დუხობორი, დანარჩენი კი სომხები.

ზაფხულში თურქეთში წავიდა, ჩაის პლანტაციაზე რომ ემუშავა, თუმცა საკმარისი ფული არ მისცეს, რომ იქ ეცხოვრა და თან ოჯახისთვისაც გამოეგზავნა. ამიტომაც დაბრუნდა. წყლის და შუქის პრობლემა არა აქვთ, თუმცა ბუნებრივი აირი გამოყვანილი არ არის, ამიტომაც ზამთარში ნავთის გამათბობლით ან შეშით თბებიან.

„ნორმალური ურთიერთბა გვაქვს სომხებთან, თუმცა ისინი ფლობენ აქ ყველაფერს. ჩვენ არაფერი გვაქვს. ამიტომაც გვიხდება, მათ მიწებზე ვიმუშაოთ ფულისთვის.“

ქუჩაში აზადს შევხვდით, სომეხ ფერმერს, რომელიც ძროხებს მიერეკებოდა. დრო არ მაქვს, გესაუბროთო, გვითხრა და არ მოისურვა, გავყოლოდით გზაზე, რომ გავსაუბრებოდით. მოკლედ აღნიშნა, რომ მისი აზრით, სოფელში ყველაზე დიდი პრობლემა წყლის პრობლემაა.

„თითქოს მოდიან ყოველ წელს და გვპირდებიან, რომ წყალს გაგვიკეთებენ, თუმცა ფლანგავენ ამ ფულს და ჩვენ ისევ უწყლოდ ვრჩებით.“

სოფელში ორი სკოლაა. ერთი რუსი და ქართველი ბავშვებისთვის, მეორე კი სომხებისთვის. ბავშვები ეზოში ერთად თამაშობენ, განურჩევლად ეთნიკური კუთვნილებისა, ან ძველისძველ საბჭოთა დროინდელ სატვირთო მანქანაზე ძვრებიან ან კიდევ თივაში ძრომიალობენ.

მოსახლეობის თქმით ადგილობრივი მთავრობა მათ დიდად არ აქცევს ყურადღებას. ზოგი პოლიტიკოსი საარჩევნოდ მოდის, დაპირებებს იძლევა და მერე მომავალ არჩევნებამდე აღარ ბრუნდება.

დუხობორი მამაკაცი, რომელმაც ასევე უარი გვითხრა ფოტოსა და ვრცელ ინტერვიუზე, გვეუბნება, რომ კმაყოფილია ცხოვრებით გორელოვკაში, სადაც ის პატარა გოგონასა და ცოლთან ერთად ცხოვრობს. ჰყავს 15 ძროხა და ყიდის რძეს.

„ერთ დღესაც რუსეთში წავალ, თუმცა ჯერ არა. კარგად ვართ აქ,“ გვითხრა და თავის საქმეს დაუბრუნდა ბაღში.

ტატიანა ტყემალაძე სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. ის აჭარელი ეკომიგრანტია. ფიქრობს, რომ ამ სოფლის ყველაზე დიდი პრობლემა ტრანსპორტია, რადგანაც ნინოწმინდიდან სოფლამდე მუნიციპალური ავტობუსი არ დადის.

Kids playing in old Soviet truck (DF Watch)

გორელოვკელი ბავშვები. (DF Watch.)

ის 2001 წელს დასახლდა აქ ორ შვილთან ერთად. ბევრი ქართული ოჯახი სწორედ ამ დროს გადმოვიდა გორელოვკაში საცხოვრებლად, თუმცა ბევრი მალევე წავიდა უამინდობისა და სხვა პრობლემების გამო.

„ძალიან რთულია ფერმის გარეშე ცხოვრება სოფელში.“

არ ჰყავს ძროხები, თუმცა უკანა ეზოში პატარა კარტოფილის ბოსტანი აქვს.

მისი შვილი სომეხს გა/ყვა ცოლად და უკვე ხუთი შვილიშვილი ჰყავს. მეორე შვილი კი ქუთაისის სამხედრო აკადემიაში სწავლობს. მისი თქმით გორელოვკაში ბევრი შერეული ოჯახია.

 

Photos: მკაცრი, ცივი კლიმატის გამო გორელოვკაში ძირითადი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა მესაქონლეობაა. (DF Watch.)

დუხობორების სალოცავი სახლი გორელოვკაში. (DF Watch)

ზურაბ შავაძე საკუთარ სახლში შვილთან ერთად. ამბობს, რომ მთავრობისგან 4 წელია, მიწას ელოდება, მაგრამ ამაოდ. „რთულია ქართველი კაცისთვის მიწის გარეშე აქ ცხოვრება“. (DF Watch)

გორელოვკელი ბავშვები. (DF Watch)