soso_jachvlianiპარლამენტის კონსერვატორი წევრი „ქართული ოცნებიდან“ იმ კანონში მოითხოვს რადიკალური ცვლილების შეტანას, რომელსაც თავად დაუჭირა მხარი სამივე მოსმენაზე. საუბარია ანტიდისკრიმინაციულ კანონზე, რომელიც პარლამენტმა შარშან დაამტკიცა.
მკლავჭიდელმა, მსახიობმა და კინორეჟისორმა სოსო ჯაჭვლიანმა, რომელიც პარლამენტში 2012 წლის არჩევნების შედეგად მოხვდა, საკანონმდებლო ორგანოში შეიტანა ინიციატივა, რომელიც ანტიდისკრიმინაციული კანონიდან სექსუალური ორიენტაციისა და სქესობრივი იდენტობის ამოღებას ითვალისწინებს.
ეს გულისხმობს კანონის იმ ნაწილის შეცვლას, სადაც საუბარია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრაზე, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის კანის ფერთან, ენასთან, სქესთან, მოქალაქეობასთან, წარმომავლობასთან, სექსუალურ ორიენტაციასთან და სქესობრივ იდენტობასთან.
საკანონმდებლო ინიციატივის განმარტებით ბარათში ჯაჭვლიანი აღნიშნავს, რომ კანონში ამ ტერმინების არსებობა აზიანებს ოჯახისა და საზოგადოებისზნეობრივ სტანდარტებს.
ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც ევროკავშირთან გაფორმებულ ასოცირების შეთანხმებასთან არის კავშირში, პარლამენტმა მაისში დაამტკიცა. კანონში სექსუალური ორიენტაციის ასახვას აქტიურად ეწინააღმდეგებოდნენ რადიკალური რელიგიური შეხედულებების მქონე ადამიანები და სასულიერო პირები.
გასულ წლებში საქართველოში სექსუალური უმცირესობების მიმართ არატოლერანტული დამოკიდებულების ბევრი შემთხვევა მოხდა. 2013 წლის 17 მაისს 30-მდე აქტივისმა თბილისის ცენტრში ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციის მოწყობა სცადა. მაშინ პარალელურად რადიკალურმა ძალებმა, სასულიერო პირების წაქეზებითა და მონაწილეობით, კონტრაქცია მოაწყვეს და აქტივისტებს აგრესიულად დაუპირისპირდნენ. ამ უკანასკნელთ პირდაპირი ძალადობის საფრთხე დაემუქრათ, და სამართალდამცველები იძულებულნი გახდნენ ისინი ქალაქის ცენტრიდან ავტობუსებით გაეყვანათ. აგრესიული ბრბო რამდენიმე ავტობუსს თავს დაესხა. მაშინ რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ჟურნალისტები.
მოგვიანებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა 17 მაისი ოჯახური სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადა. 2014 წლის 17 მაისს სექსუალური უმცირესობების უფლებადამცველმა აქტივისტებმა მასობრივი აქციებისგან თავი შეიკავეს.
წლეულს 17 მაისს ამ მხრივ მცირეოდენი გაუმჯობესება აღინიშნებოდა. რამდენიმე მცირე აქცია მნიშვნელოვანი ინციდენტების გარეშე ჩატარდა.