amindiსინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში ტემპერატურამ შესაძლოა, 38-39 გრადუსამდე მოიმატოს.

ამავე დროს, როგორც DFWatch-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა ხათუნა ქოქოსაძემ უთხრა, 25 ივლისამდე არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში.

ზოგიერთ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი და ქარი.

არამდგრადი ამინდი იქნება თბილისშიც. საღამოს-ღამის საათებში  მცირე, ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, თუმცა მაღალი ტემპერატურის ფონზე.

ყველაზე მაღალი ტემპერატურა  ამ პერიოდის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში დაფიქსირდა,  37 გრადუსი. დაახლოებით  ასეთივე ტემპერატურაა მოსალოდნელი ივლისის მეორე ნახევარსა და აგვისტოში. კერძოდ, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა  37-38 გრადუსამდე აიწევს, აღმოსავლეთში 36-37 გრადუსამდე, ხოლო თბილისში 35-36 გრადუსია მოსალოდნელი.

რაც შეეხება ზოგადად ზაფხულს, ქოქოსაძის თქმით, ნორმაზე ანუ საშუალო ტემპერატურაზე,  23-24 გრადუსზე, ოდნავ მაღალი ტემპერატურა მოსალოდნელი იყო, თუმცა განსაკუთრებული და ანომალიური სიცხეები ამ ზაფხულს არ გველოდება.