girchi„გირჩის“ ოფისში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები მარიხუანას 80 ქოთნის დალუქვითა და ექსპერტიზაზე გადატანით დასრულდა. ოფისში პოლიციას არავინ დაუკავებია, რაც, პარტიის წევრთა აზრით, „მორალური დისკომფორტის” შედეგია.

„მათ სასამართლოს ნებართვა წარმოადგინეს, რომ ჰქონდათ ჩხრეკის უფლება. გამოძიება 265-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც მცირე ოდენობით ნარკოტიკის შემცველი მცენარის კულტივირებას გულისხმობს. არადა მოხდა მეორე და მესამე ნაწილის დარღვევა, რადგან იყო ჯგუფური და იყო დიდი ოდენობით”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

80-ზე მეტი ქოთანი სათითაოდ დაილუქა და ოქმიც შედგა.  ამის შემდეგ საგამოძიებო მოქმედებები გაგრძელდება.

მოგვიანებით „გირჩმა“ განცხადებაც გაავრცელა, სადაც ისინი  ხელისუფლების მხრიდან მოქალაქეების მიმართ 226-ე მუხლით სს დევნის შეჩერებას ითხოვენ.

„ეს კანონი გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში და რადგან ამ უსამართლო კანონის ფაქტობრივი აღსრულება ჭირს საზოგადოების მეტ-ნაკლებად გავლენიანი წევრების მისამართით, მოვითხოვთ კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის დაცვით, ხელისუფლებამ გამოიყენოს თავისი დისკრეციული უფლებამოსილება და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე შეაჩეროს ამ მუხლით განხორციელებული ყველა სისხლის სამართლებრივი დევნა”, – ნათქვამია „გირჩის” განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება პარტიის ოფისში 31 დეკემბერს მარიხუანას დათესვას, რაც პარტიის წევრების მიერ წინასწარ იყო დაანონსებული.  პროცესი  ტელევიზიების პირდაპირ ეთერშიც გადაიცემოდა. სამი დღის წინ კი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მათ მცენარეების ფოტოებიც განათავსეს.  შსს-მ გამოძება 31 დეკემბერსვე დაიწყო, თუმცა ოფისში მხოლოდ 11-ში მივიდნენ.