ამბები

გერმანელი ტყვეების სავარაუდო სასაფლაოზე კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ

by | Mar 25, 2016
934055_1141839805834605_7497107811306706067_n

ტერიტორია უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსსა და ვაჟა-ფშაველას მე-6 კვარტალს შორის (Khvtiso Turdziladze)

მოძრაობა „პარტიზანულმა მებაღეობამ“ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ინფორმაცია გაავრცელა, რომ უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსსა და ვაჟას მე-6 კვარტალს შორის ტერიტორიაზე, სადაც, ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით,  მეორე მსოფლიო ომის გერმანელი ტყვეების სასაფლაოა, კორპუსის მშენებლობა იგეგმება.

კერძოდ, 19-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს „M2 უძრავი ქონება“ აშენებს, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს „საქართველოს ბანკს“ ეკუთვნის.

„პარტიზანი მებაღე“ წარმომადგენელი მარიამ ბაქრაძე კი DFWatch-თან ამბობს, რომ ამ ტერიტორიას სარეკრეაციო ზონის სტატუსი აქვს და კანონით აქ კორპუსის მშენებლობა დაუშვებელია.

ბაქრაძე ამბობს, რომ ადგილობრივებმა აღნიშნულ ტერიტორიაზე რამდენჯერმე თავის ქალა იპოვეს, რაც სასაფლაოს არსებობას ადასტურებს.

„ჩვენ ვიცით, რომ იქ მცხოვრები ადამიანები აქტიურად აპროტესტებენ ტერიტორიაზე კორპუსების მშენებლობას, განცხადებით გერმანიის საელჩოსაც კი მიმართეს. იმ შემთხვევაში თუ მერია მშენებლობის ნებართვას გასცემს და მოქალაქეები უფრო გააქტიურდებიან, „პარტიზანული მებაღეობა“, რა თქმა უნდა, მოქალაქეების გვერდით იქნება,“ – ამბობს მარიამ ბაქრაძე.

12914887_989952474406941_913841749_o

აღნიშნულ ტერიტორიას სარეკრეაციო ზონის სტატუსი აქვს

სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მომხარებელი ხვთისო ტურძილაძე წერს, რომ უფროსი თაობისგან აქვს ინფორმაცია, რომ იმ ტერიტორიაზე მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული ათასობით გერმანელი ტყვე განისვენებს.

„მახსოვს ბავშვობაში ხეების დარგვას ვაპირებდით და უფროსი თაობის ხალხმა აგვიკრძალა, მანდ სასაფლაო აროსო,“ – წერს ტურძილაძე ფეისბუქზე.

ტერიტორიაზე 19-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნებართვაზე განაცხადი თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ოფიციალურ გვერდზეც არის ხელმისაწვდომი. დოკუმენტის თანახმად, მშენებლობის ნებართვის მისაღებად განცხადება არქიტექტურის სამსახურში  2016 წლის 16 მარტს არის შესული, ხოლო მერიისგან პასუხის გაცემის თარიღად ამავე წლის 13 აპრილია მითითებული.

მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში DFWatch-ს უთხრეს, რომ ამ საკითხზე  ამ დროისთვის მხოლოდ იმის თქმა შეუძლიათ, რომ  განმცხადებელს განაშენიანების რეგულირების გეგმა 2011 წელს აქვს აღებული, ხოლო ნებართვა მშენებლობაზე გაცემული არ არის.

კითხვებზე, განიხილება თუ არა მერიაში მაღლივ კორპუსთან კორპუსების მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხი, ხომ არ აქვს ამ ტერიტორიას სარეკრეაციო ზონის სტატუსი, პასუხი ვერ მივიღეთ.

ისტორიკოსი დავით ჯიშკარიანი DFWatch-თან უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩებს შორის ტერიტორიაზე, სადაც საცხორებელი კორპუსის მშენებლობა იგეგმება , სასაფლაოს არსებობას ადასტურებს.

„გერმანელი ტყვეების სასაფლაო თბილისში არამარტო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან, არამედ კიდევ რამდენიმე ადგილასაა. მათ შორის 31-ე ქარხანასთან, სადაც ეს ფართობი შემოღობილიცაა და ჯვრებიცაა დასმული. რაც შეეხება ქავთარაძის ქუჩისა და მაღლივის მიმდებარე ტერიტორიას, დოკუმენტური წყაროებითაც  დადასტურებულია, რომ იქ  სასაფლაოა. თუმცა შესაძლოა, ყველა გერმანელი  არ იყო, ამიტომ უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ მეორე მსოფლიო ომის ტყვეთა სასაფლაოა. შესაბამისად, მშენებლობა უკანონოა მანამ, სანამ ამ ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები არ ჩატარდება, რომელიც დაადგენს, რომ იქ სასაფლაო არ არის,“ – თქვა ისტორიკოსმა.

მასალაზე მუშაობის პროცესში DFWatch-მა კომპანიასთან „M2 უძრავი ქონება“ დაკავშირება ვერ შეძლო.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031