kandashvili

„მოსამართლეს 700 მიმდინარე საქმე აწერია, რაც არ უნდა კვალიფიციური იყოს ის, საქმეს დროულად და ხარისხიანად ვერ წარმართავს,” ამბობს ადვიკატი ირაკლი ყანდაშვილი (ipn)

თბილისის სასამართლოებში სამოქალაქო დავების განხილვას ადამიანები წლობით ელოდებიან, თუმცა იმ მიზეზით, რომ ამ მიმართულებით თბილისში დღეს მხოლოდ 28 მოსამართლეა და თითოეულს 800-მდე საქმე აწერია, პლუს იმის გამო, რომ სამოქალაქო დავებისთვის განკუთვნილი დარბაზები ძალიან ცოტაა, დავის დასრულებას ბოლო არ უჩანს.

შეიძლება წლები ისე გავიდეს, რომ მოსამართლემ დავა ვერ განიხილოს და მოდავემ იმხელა ფინანსური ზარალი მიიღოს, დავას აზრიც დაეკარგოს. ეს ყველაფერი კი, იურისტების განცხადებით, სასამართლოს მიმართ „სრულ ფრუსტრაციას“ იწვევს.

არადა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი დაპირება სწორედ ე.წ. სამართლიანობის აღდგენა იყო, რაც ძირითადად ქონებრივი დავის განხილვას გულისხმობდა და ბევრმა მეწარმემ თუ ბიზნესმენმა ამ დაპირების იმედად დაიწყო დავა, თუმცა უშედეგოდ.

დღეს თბილისის სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 28 მოსამართლეა, რაც ყველა იურისტი შეფასებით კატასტროფულად მცირეა. 14 ივლისს მოსამართლეების შერჩევის მესამე ეტაპი დასრულდა და იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 65 ვაკანტურ ადგილზე 44 მოსამართლე აირჩია, მათ შორის 10 სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, 21 ადგილი ისევ ვაკანტურია. საბჭოს მიერ არჩეული მოსამართლეები 25 ივლისიდან შეუდგებიან საქმიანობას. როდის გაიმართება ვაკანტურ ადგილებზე დამატებითი ტურები, საბჭო უახლოეს მომავალში იმსჯელებს.

ადვოკატების განცხადებით, იმდენად ბევრი სამოქალაქო დავაა დაგროვილი, რომ არჩეული რაოდენობა ზღვაში წვეთია და წლის ბოლოს განუხილავი საქმეების რიცხვი და შესაბამისად, იმედგაცრუებული ადამიანების რაოდენობა ისევ ათასობით იქნება.

თბილისის საქალაქო სასამართლოში შესული სამოქალაქო დავების სტატისტიკა და განუხილავი საქმეების რაოდენობა ასეთია:

2011 წელს შევიდა 15 343 საქმე, დასრულდა – 15 043; განუხილველი დარჩა – 3 662;

2012 წელს შევიდა – 17 313 საქმე, დასრულდა – 17 909, განუხილველი დარჩა – 3 039;

2013 წელს შევიდა – 19 388 საქმე, დასრულდა – 18 022, განუხილველი დარჩა – 4 351;

2014 წელს შევიდა – 23 249 საქმე, დასრულდა – 18 966, განუხილველი დარჩა 5 857;

2015 წელს შევიდა 28 283 საქმე, დასრულდა – 22 200, განუხილველი დარჩა – 11 908;

დღეის მდგომარეობით თბილისის საქალაქო სასამართლოში 15 000-ზე მეტი საქმეა შესული, ამას ემატება წინა წელს განუხილავი საქმეებიც და ჯამში თითო მოსამართლეს 6000-800 საქმე აწერია.

კანონის მიხედვით სამოქალაქო დავის განხილვისთვის, რთულ საქმეზე 5-თვიანი ვადა არსებობს, მარტივ საქმეზე 2-თვიანი ვადაა, თუმცა აბსოლუტურად ყველა დავა ვადაგადაცილებულია და ზოგიერთი წლებითაც კი.

„როდესაც ვსაუბრობთ, რომ მართლმსაჯულება ეფექტური უნდა იყოს, ეს ყველაფერი ნდობას მოითხოვს. ხოლო თუ მართლმსაჯულება ხარისხიანი და დროული არ იქნება, მის მიმართ ნდობა დაიკარგება. ამაზე დაფიქრება მართებს სასამართლო ხელისუფლებას, – DFWatch-თან საუბრისას აცხადებს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი და ადვოკატი ირაკლი ყანდაშვილი და ისიც მთავარ აქცენტს მოსამართლეების რაოდენობის კიდევ უფრო გაზრდაზე აკეთებს.

იურისტების თქმით, მთელი საქართველოს მასშტაბით სამოქალაქო დავების 50% თბილისზე მოდის, მათ შორის რთული დავების 70% და ამიტომაც ყველაზე მეტად დედაქალაქშია სამოქალაქო დავების პროცესი პარალიზებული.

„ეს ყველაზე მეტად თბილისშია შესამჩნევი. როდესაც მოსამართლეს 700 მიმდინარე საქმე აწერია, რაც არ უნდა კვალიფიციური იყოს ის, საქმეს დროულად და ხარისხიანად ვერ წარმართავს. ეს საბოლოო ჯამში ვნებს ქართულ მართლმსაჯულებას და ეს დროულად უნდა აღმოიფხვრას. უპირველესად საჭიროა, რომ მოსამართლეთა რაოდენობა გაიზარდოს. ეს ამოცანა აქტუალურად დგას სახელმწიფოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე. ბოლო კონკურსზე, რომელიც 14 ივლისს ჩატარდა, 21 ადგილი კვლავ  ვაკანტური დარჩა. შესაბამისად, მოსამართლეების რიცხოვნობა, რომელიც წლებია ღია პრობლემაა, ისევ პრობლემად დარჩა და ამ მიმართულებით ეფექტური მუშაობა მართებს სასამართლო ხელისუფლებას,“ – დასძენს ყანდაშვილი.

akhvlediani

მამუკა ახვლედიანი ყვება, როგორ ზარალდებიან ბიზნესმენები სასამართლო დავების გაჭიანურების გამო: “ორ მეწარმეს ერთმანეთთან 3-მილიონიანი დავა ჰქონდა, დავის გადაწყვეტამდე ორივე მხარის ქონებას ყადაღა დაადეს და 3 წელი სასამართლოში გადაწყვეტილებას ელოდებოდნენ…“

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი მამუკა ახვლედიანი, რომელსაც თანამდებობა სწორედ სასამართლოში არსებულ პრობლემებზე საუბრის გამო დაატოვებინეს, ამბობს, რომ ამ ხელისუფლების დაპირება, ე.წ. სამართლიანობის აღდგენა ვერ განხორციელდება თუნდაც ის გამო, რომ არც საკმარისი მოსამართლეები არსებობს და არც საკმარისი დარბაზებია, რომ სხდომები ჩატარდეს.

მისი თქმით, დღევანდელმა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ არ იცის, რა პრობლემასთან გვაქვს საქმე და არც მისი გადაჭრის გზებზე მუშაობს. მხოლოდ ზოგადი თავის მართლებაა იმით, რომ დღეს საქართველოში 250-მდე მოსამართლეა, მაგრამ საშუალო ევროპული გათვლებით უნდა იყოს 450-მდე, 200 მოსამართლის დამატების შესაძლებლობა კი სისტემას არ აქვს კვალიფიციური კადრების ნაკლებობის გამო და ამიტომაცაა ასეთი გადატვირთული და ლამის პარალიზებული სასამართლოები.

„იუსტიციის უმაღლესი სკოლა 4 წლის განმავლობაში სულ 30-მდე ადამიანმა დაამთავრა და რესურსი რითი უნდა შეივსოს? საბჭოს ამის ხედვა არ აქვს,“ – აღნიშნავს ახვლედიანი.

მისი თქმით, დაუსრულებელი დავების გამო, ბევრმა სასამართლოზე საერთოდ ხელი ჩაიქნია.

„ერთ კონკრეტულ მაგალითს მივიყვანთ. ორ მეწარმეს ერთმანეთთან 3-მილიონიანი დავა ჰქონდა, დავის გადაწყვეტამდე ორივე მხარის ქონებას ყადაღა დაადეს და 3 წელი სასამართლოში გადაწყვეტილებას ელოდებოდნენ, რამაც ბიზნესის გაჩერება და ზარალი მოუტანა კომპანიებს. ერთი მხარე ამბობდა, აბსოლუტურად მომგებიან პოზიციაზე ვიყავი, მაგრამ განხილვის გაჭიანურების გამო იძულებული გავხდი სასამართლოს გვერდის ავლით მორიგებაზე დავთანხმებულიყავი, იმიტომ რომ 1 მილიონის ზარალი მქონდა უკვეო. ასეთ მდგომარეობაში ჰყავს სასამართლოს ბიზნესი, იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ ახერხებენ  დავების განხილვას,“ – ამბობს ახვლედიანი.

ამბობს, რომ სასამართლოებში ერთ-ერთი მწვავე პრობლემა დარბაზებია და, როგორც მინიმუმ, ეს პრობლემა მაინც უნდა მოგვარდეს. თბილისის საქალაქოში მოსამართლეებს სამოქალაქო დავისთვის პროცესის ჩასატარებლად დარბაზი კვირის განმავლობაში მხოლოდ დღენახევარი აქვთ, ამ დღენახევარში კი მაქსიმუმ 15 საქმის განხილვა ესწრება, მაშინ როდესაც, კვირის განმავლობაში შესაძლოა მას დამატებით 20-25 ახალი საქმე დაეწეროს.

მისი თქმით, ასევე პრობლემაა ის, რომ საქმეების განხილვა სარჩელის შეტანის რიგითობის მიხედვით არ ხდება, მოსამართლეს უფლება აქვს ერთ ძველ რთულ საქმესთან ერთად განიხილოს, მისი აზრით, უფრო მარტივი კატეგორიის და ახლადშესული ორი საქმეც, ეს კი უსამართლობის განცდას და კორუფციის შესაძლებლობას ქმნის. ვიღაცეებს იმედი აქვთ, ჩაწყობით საქმეს დროზე დაასრულებენ, ვიღაცეები კი ამის გამო იჩაგრებიან და წლები ეწელებათ პროცესი.

საგულისხმოა, რომ ამგვარი შერჩევითობის მაგალითად შესაძლოა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეც გამოდგეს, მაშინ როდესაც სხვა საქმეები წლები განხილვის რიგს ელოდებიან, „რუსთავი 2“-ის საქმის განხილვა ვადებს არც გადასცილებია.

მამუკა ახვლედიანის თქმით, ამ პრობლემებმა, შესაძლოა, საბოლოოდ ხალხში სასამართლოს მიმართ ნდობის დაკარგვა გამოიწვის და იმის საფრთხე დადგეს, რომ ადამიანებმა დავების მოსაგვარებლად კრიმინალებსაც კი მიმართონ.

„როდესაც ბიზნესმენმა იცის, რომ მის ქონებას და საქმიანობას ამ განუხილველობის გამო წლების განმავლობაში დიდი ზიანი მიადგება, მას ურჩევნია ნაკლები ზიანი მიიღოს და სხვას გადაუხადოს თანხა და ის შედეგი მიიღოს, რაც აწყობს. ამის საფრთხე არსებობს,“ – ამბობს ახვლედიანი და დასძენს,რომ აუცილებელია დავების ალტერნატიული გადაწყვეტის თემა – დისტანციური წარმოება და არბიტრაჟი – წამიოწიოს წინ. თანაც თვლის, რომ თბილისის მოსამართლეების გარდა ამ სისტემაში რეგიონების მოსამართლეებიც უნდა ჩაერთონ, რომ ამით მოხდეს სამოქალაქო დავების მხრივ არსებული კატასტროფული მდგომარეობის გამოსწორება.