kvirik education

პრემიერ მინისტრმა განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე გაათავისუფლა და მის ნაცვლად ალექსანდრე ჯეჯელავა წარადგინა (Facebook)

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე  თანამდებობიდან გათავისუფლდა.  ამის შესახებ, პარასკევს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.  მანვე მინისტრობის ახალი კანდიდატურა – ალექსანდრე ჯეჯელავა – წარადგინა.

კვირიკაშვილმა თამარ სანიკიძეს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ის  „ქართული ოცნების“ გუნდში სხვა მნიშვნელოვანი მანდატით რჩება, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ რა  ადგილს დაიკავებს სანიკიძე მომავალ პოლიტიკურ ცხოვრებაში.

არც იმაზე უსაუბრია, თუ რა მიზეზით ან ვისი სურვილით (საკუთარი თუ პრემიერის გადაწყვეტილებით) დატოვა თანამდებობა სანიკიძემ.

„მინდა ვთქვა, რომ ქალბატონი თამარი შორს არ მიდის ჩვენი გუნდიდან, ის რჩება  გუნდში და საქმიანობას ჩვენთან ერთად  ამ მიმართულებით, ოღონდ სხვა მანდატით გააგრძელებს. უახლოეს პერიოდში გვექნება საუბარი მის ახალ მანდატზე, რომელიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მანვე მინისტრობის კანდიდატურის ალექსანდრე ჯეჯელავას შესახებაც ისაუბრა და მართვის სფეროში მის 20-წლიან გამოცდილებას გაუსვა ხაზი.

„ბოლო პერიდოში არაერთი დისკუსია და მსჯელობა მქონდა და საჭიროდ ჩავთვალე წარმედგინა მისი კანდიდატურა განათლების მინისტროს პოსტზე. ვფიქრობ, განვითარებისთვის განათლების სფეროში განახლებული ხედვები გვჭირდება. ჯეჯელავას  აქვს ძალიან დიდი გამოცდილება როგორც საინფორმაციო ტექნოლოგიების, ასევე ინოვაციების სფეროში და, რაც ყველაზე მთავარია, განათლების სფეროში, რომელიც ეხმიანება ჩვენი 4-პუნქტიანი პროგრამის მიმართულებებს. კერძოდ, მხედველობაში მაქვს პროფესიული განათლების კადრების გადამზადების სფერო,” – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

აქამდე ალექსანდრე ჯეჯელავა საინფორმაციო ტექნოლოგიების და ადამიანური რესურსების დარგში თი-ბი-სი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე და  გამგეობის წევრი იყო. გარდა ამისა, 2010 წელს  პარტნიორებთან ერთად   „მართვის აკადემია“ დააფუძნა.

მანამდე კი  შემდეგ თანამდებობებს იკავებდა : „გაერთიანებული გლობალური ტექნოლოგიების” (UGT) გენერალური დირექტორის მოადგილე, ბიზნესის განვითარების დირექტორი ინტელექტბანკში;  საქართველოს ეროვნული ბანკის აი-ტი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი; საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის, სომხეთის სახელმწიფო რეესტრის, ყირგიზეთის ნაციონალური ბანკის და სხვა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების კონსულტანტი.

რაც შეეხება თამარ სანიკიძეს, შეგახსენებთ, რომ ის განათლების  მინისტრის პოსტს 2013 წლიდან იკავებდა.