ამბები

განათლების მინისტრი: (პეტიცია) არ იყო ჯანმრთელი ადამიანის დაწერილი – თავიდან ბოლომდე ტყუილი და ცილისწამებაა

by | Feb 11, 2016

tamar_sanikidzeგანათლების სამინისტროს გეგმას, რომ მომავალ წელს სკოლაში შეიტანოს ახალ საგანი „მე და საზოგადოება“  დიდი განხილვა-ბრალდებები მოჰყვა.  დაიწერა პეტიცია, რომლის ხელისმომწერები პარლამენტისგან კატეგორიულად მოითხოვენ ამ საგნის აკრძალვას, რადგანაც, მათი აზრით,  იქ „შემზარავი“ საკითხებია შეტანილი, ისეთი, როგორიცაა „ჰომოსექსუალობა“, „გენდერი“ და „უსაფრთხო სექსი“.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, თამარ სანიკიძე არ გამორიცხავს, პეტიციის – “განგაშის ზარები” – ავტორებს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლოს.

“ის, რაც წავიკითხე პეტიციაში, არ იყო ჯანმრთელი ადამიანის დაწერილი – თავიდან ბოლომდე ტყუილი და ცილისწამებაა… თუ საჭირო გახდა, სასამართლოსაც მივმართავ”, – განაცხადა სანიკიძემ.

აღსანიშნავია, რომ პეტიციით, რომელიც ორი დღის წინ “კვირის პალიტრაში” გამოქვეყნდა,  პარლამენტს  50-მა ცნობილმა ადამიანმა მიმართა, რომ სკოლაში „განათლების სამინისტრო ევროკავშირის დავალებით სექტემბრიდან ჩვენ შვილებზე მასირებული შეტევის განხორციელებას აპირებს, ახალი სავალდებულო საგნების „მე და საზოგადოება“ და „ჩემი საქართველოა“ მიზანი იქნება დაწყებით კლასებში, 7-13 წლამდე ბავშვების, ერთის მხრივ, ბილწი და უსაშინლესი ცნობიერებით მოწამვლა, გარყვნა და, მეორე მხრივ, მათი სარწმუნოებრივ-ეროვნული ცნობიერების გადაგვარება და აღრევა”.

თამარ სანიკიძე ტელეკომპანია GDS-თან საუბარში ამბობს, რომ  ამონარიდები, რომელსაც პეტიცია შეიცავს, არის წიგნიდან –  “კომპასი” და “კომპასიტო”, რომელიც რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მცირე ტირაჟით გამოსცა, თუმცა ტყუილია ის, რომ სკოლებში მისი შეტანა იგეგემებოდა.

მისივე თქმით, წიგნში “მამათმავლობაზე”, იდენტობასა და უსაფრთხო სექსზე არაფერი წერია. საგნის სტანდარტი თითქმის მომზადებულია, საბოლოო კონსულტაციებს საპატრიარქოსთან გადიან, რელიგიასთან და ოჯახთან დაკავშირებული საკითხების გამო. რელიგიის თემაზე მსჯელობა დღესაც მიმდინარეობს და ჯერ გადაწყვეტილი არ არის, იმ ასაკობრივ ჭრილში, ვისთვისაც საგანია განკუთვნილი, საპატრიარქოს მხრიდან  შეთავაზებული  საკითხები იქნება თუ არა მისაღები. რაც ნიშნავს, რომ ეს საკითხები შეიძლება ამ საგნიდან საერთოდ ამოიღონ.

სავარაუდოდ, ახალი საგნები სკოლებში 2017-18 სასწავლო წლისთვის შევა. საქართველოს საპატრიარქოს მიერ რამდენიმე თვის წინ გავრცელებული განცხადებით, 2015 წლის ივლის-აგვისტოს განმავლობაში საპატრიარქოსთან არსებული განათლების ცენტრის თანამშრომლები რამდენჯერმე შეხვდნენ ახალი სტანდარტების პროექტის ავტორთა ჯგუფს და შეხვედრების შედეგად ავტორებმა ზოგიერთი შენიშვნა გაიზიარეს. როგორც საპატრიარქოს განცხადებაში ეწერა, მოხდა გარკვეული ტერმინების ამოღებაც.

კერძოდ: ამოღებულია ტერმინი “გენდერული იდენტობა”, ასევე პოლიტიკური ხასიათის კატეგორიები: “ლიბერალიზმი” ან “დემოკრატიული ღირებულებები,” რომლებიც ბავშვის პოლიტიკურ ინდოქტრინაციას ახდენს.

მინისტრის ბრალდებებს ხალხის მღელვარების შიშით „უკან დახევად“ აფასებს პეტიციის ერთ-ერთი ავტორი, ფილოლოგი გურამ ფალავანდიშვილი.

მისი თქმით, პეტიციაში აღნიშნული ტექსტი ეხებოდა გზამკვლევს მასწავლებლებისთვის და ის სამინისტროს ვებ-გვერდზეც იყო ატვირთული. ხოლო თუკი ახლა სამინისტრო ამბობს, რომ ასე არ არის, ეს იმიტომ, რომ მღელვარების ეშინიათ.

„ამას იმიტომ უარყოფენ, რომ მღელვარება არ გამოიწვიონ. უნდათ კონსპირაციულად შემოიღონ ასეთი რაღაცეები, ჩვენ კი ვამხელთ. საპატრიარქოს ატყუებენ. ეს არის თვალებში ნაცრის შეყრა. იმ 50 კაცმა ამ პეტიციას ხელი მოაწერეს. ყველას გადავუგზავნეთ იმეილით და ყველამ თანხმობა განაცხადა ხელმომწერი ყოფილიყო. თუ ერთი-ორი წნეხს ვერ გაუძლებს, შეეშინდება და უკან დაიხევს, გასაკვირი არ არის,“- ამბობს ფალავანდიშვილი.

პეტიციის ხელმომწრებს შორის ნაწილმა არ იცოდა ამგვარი წიგნის შეტანა მართლა იგეგმებოდა თუ არა სკოლებში. ერთ-ერთმა მათგანმა, ყოფილმა ფეხბურთელმა არჩილ არველაძემ განაცხადა, რომ მას ტელეფონით ამონარიდები წაუკითხეს სექსუალურ უმცირესობაზე, რა სურვილები შეიძლება გაუჩნდეს “ბიჭს ბიჭზე და გოგოს გოგოზე”, რომელიც სკოლის სახელმძღვანელოში უნდა ყოფილიყო და ეს გააპროტესტა. თუმცა ხელი არაფერზე მოუწერია.

„ ჩვენ მათთნაირი (ევროპელებივით) არ ვართ და კიოლნის ფესტივალის მსგავსი ფესტივალები არ მოგვეწონება. ამიტომაც გვქვია ცოტა აზიატები, ვიდრე ევროპელები“, – მიიჩნევს არველაძე, თუმცა დასძენს, რომ ახლა სიტუაციაში გაერკვა და იცის, რომ სახელმძღვანელოში მსგავსი არაფერი წერია.

“გაუგებრობაში აღმოვჩნდი გარეული, მაგრამ, ვაი, რა უბედურება დაგვემართა, ასე არ ვთვლი. თუკი აჟიოტაჟი გამოიწვია, მით უკეთესი, ყველაფერი უფრო კარგად გაკეთდება,“- აცხადებს არველაძე.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

September 2016
M T W T F S S
« Aug    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930