ყოფილი სკოლა თაგილონში, რომელიც გასულ წელს დახურეს (DFWatch.)

“ოპტიმიზაციის” ფარგლებში სოხუმის რეჟიმი გალში კიდევ 7 ქართული სკოლის დახურვაზე ალაპარაკდა. ოფიციალურად გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, მაგრამ თუ გავითვალისწინეთ უკვე არსებულ პრეცენდენტს, როცა გასული წლის მიწურულს თაგილონის სკოლა დაიხურა, ადგილობრივი მოსახლეობა უარესის მოლოდინშია.

“ეს ფაქტობრივად ისედაც დაცლილი სოფლების სულ მთლად დაცლას ნიშნავს,“ – უთხრა DFWatch-ს გალის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელმა.

გარდა ამისა, მიდის საუბარი სკოლის ქართველი დირექტორების აფხაზებით ჩანაცვლებაზეც.

„მიმდინარე წელს, სოფელ ბარღების სკოლის დირექტორი უკვე შეცვალეს. ის ახლა აფხაზია. ასევე აქტიურად განიხილება სხვა, კონფლიქტის ზონის კვალობაზე საკმაოდ მაღალკონტიგენტიანი სკოლის დირექტორების ჩანაცვლებაც“, – აღნიშნავს კიდევ ერთი ადგილობრივი პედაგოგი.

გალის საგანმანათლებლო რესურსცენტის ხელმძღვანელი ნონა შონია ამბობს, რომ სკოლების დახურვის შესახებ მასაც სმენია, თუმცა იმედს იტოვებს, რომ საბოლოოდ ეს სისრულეში არ იქნება მოყვანილი.

„სკოლების ოპტიმიზაციაზე მართლაც მიდის საუბარი, თუმცა ადმინისტრაციაში ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. ამ სასწავლო წლის დასრულებამდე ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. აქცენტი უფრო  ქართველი დირექტორების აფხაზებით ჩანაცვლებაზე კეთდება“, – განუცხადა DFWatch-ს ნონა შონიამ.

შეგახსენებთ, რომ ერთი ქართული სკოლა გალის რაიონის სოფელ მეორე თაგილონში გასულ წელს უკვე დაიხურა. ამჟამად გალის რაიონში სულ 10 ქართული სკოლა ფუნქციონირებს. მთლიანობაში გალის რაიონის ტერიტორიაზე 30 სკოლაა, სადაც 4315 მოსწავლე სწავლობს.