ამბები

გალში ქართულად სწავლა კიდევ უფრო შეიზღუდა

by | Sep 3, 2016
Gali school

From the school in Gali (Dfwatch)

ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ახალი სასწავლო წელი უკვე დაიწყო და გალის რაიონის სკოლებში ქართულად სწავლა კიდევ უფრო შეიზღუდა. თუ ზოგიერთ სკოლაში რუსულად სწავლება აქამდე მე-4 კლასის ჩათვლით ხდებოდა, ახლა ეს წესი მე-5 კლასზეც ვრცელდება. ასევე კონტროლდება ის, რომ მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ქართულად სკოლის კლუბებსა და ეზოშიც კი არ ისაუბრონ, არც ქართული სიმღერა და ცეკვაა საჯაროდ ნებადართული. გალში ქართველებისთვის საუბარი მხოლოდ მეგრულად და რუსულადაა დაშვებული.

„1-ელ სექტემბერს გალის რაიონის ომამდელი საზღვრის 31-ვე სკოლაში სწავლა რუსულ ენაზე დაიწყო. შარშანდელისგან განსხვავება ისაა, რომ ქვედა ზონის 11 სკოლის მე-5 კლასში შარშან საგნებს მოსწავლეები ქართულად სწავლობდნენ, წელს კი სწავლება მთლიანად რუსულენოვანი გახდა. რამდენიმე წელიწადში ქართული კლასი გალის ქვედა ზონაშიც არ იქნება, ისევე როგორც არ არის ზედა ზონასა და ტყვარჩელისა და ოჩამჩირის რაიონებისათვის მიკუთვნებულ სკოლებში. ყველა პედაგოგმა ზაფხულში გაიარა ტრენინგი, რომ გაკვეთილების რუსულად ჩატარება შეძლონ,“ – აცხადებს DFWatch-თან საუბრისას გალის რაიონის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი ნონა შონია.

მისი თქმით, სახელმძღვანელოები რუსეთშია დაბეჭდილი და ყველასთვის ფასიანია. თითო მოსწავლეს წიგნებისათვის, საშუალოდ, 300 ლარის გადახდა უწევს. გარდა ამისა, ოკუპირებული აფხაზეთის სკოლებში წელს შემოიღეს და სავალდებულო გახადეს სასკოლო ფორმების ტარება, ლურჯი ან შავი შარვალი და ქვედაბოლო, თეთრი პერანგითა და ჟილეტით, რომლის ფასი დაახლოებით 350 ლარია. ჯამში, სკოლაში შვილის გაშვება ოჯახს საშუალოდ 650 ლარი უჯდება.

გალში, სადაც თავად აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მონაცემებით 29 287 ადამიანი ცხოვრობს და მათგან 98,7% ქართველია, ყველა ქართული სკოლა ეტაპობრივად დახურეს.

რაიონის ომამდელ საზღვრებში 31 სკოლა ფუნქციონირებდა. მათგან დღეს, ხელოვნური დაქუცმაცების გამო, 10 სკოლა ტყვარჩელის რაიონს ეკუთვნის, 1 – ოჩამჩირეს, 20 – გალის რაიონს, აქედან 9 გალის ე.წ. ზედა ზონას და 11 – ე.წ. ქვედა ზონას.

2008 წელს ტყვარჩელისა და ოჩამჩირის ყველა სკოლა ერთბაშად გადაკეთდა რუსულენოვნად და იქ ქართულის სწავლება რიგით საგნადაც აიკრძალა. გალის ე.წ. ზედა ზონის ქართული სკოლები კი ეტაპობრივად გარუსულდა და უკვე 2014 წლისთვის 9 სკოლაში მხოლოდ რიგით საგნად ხდება ქართული სწავლება – 1 საათი ენას და 1 საათი ლიტერატურას ეთმობა.

ქართული სკოლის სტატუსი შენარჩუნებული ჰქონდა მხოლოდ გალის ე.წ. ქვედა ზონის 11 სკოლას, თუმცა 2015 წლის 1 სექტემბრიდან ამ 11 სკოლის 1-4 კლასებში სწავლა რუსულენოვანი გახდა. ქართულს კი მხოლოდ 2 საათი დაეთმო – ერთი ენას და ერთი ლიტერატურას. მართალია, ზედა კლასებში საგნების სწავლება ქართულად დარჩა, მაგრამ შემცირდა თავად ქართულის საათები და გააძლიერეს რუსული. თუმცა დე ფაქტო განათლების მინისტრმა ბევრჯერ განაცხადა, რომ გეგმაა, 2-3 წელიწადში ყველა კლასში სწავლების პროცესი რუსულ ენაზე წარიმართოს.

გალის 31-ვე სკოლაში სულ დაახლოებით 4 433 მოსწავლეა, პირველ კლასში 450-მდე ბავშვია. კონტიგენტი ჯერ კიდევ ზუსტდება. მასწავლებელი კი 763-ია.

ნონა შონია ამბობს, რომ ქართველ პედაგოგებს უჭირთ ასე საყველპუროდ, ტრენინგებით შესწავლილი რუსულით მოსწავლეებს საგნები ხარისხიანად ასწავლონ, ბავშვებიც ვერ იგებენ რუსულად ახსნილს და ეს დიდი პრობლემაა. ამიტომაც, მასწავლებლები მალულად, დამატებით ქართულად უხსნიან ბავშვებს გაკვეთილებს თბილისიდან ასევე მალულად შეტანილი წიგნებიდან.

გალისგან განსხვავებით პრობლემები არ აქვთ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, ახალგორის რაიონში შემორჩენილ სკოლებს და იქ 1-ელ სექტემბერსაც უფრო მშვიდად ხვდებიან. ცხინვალის რეგიონში მხოლოდ 6 ქართული სკოლაა, ყველა ახალგორის რაიონშია და არცერთ მათგანში ქართულად სწავლებას არ კრძალავენ. ერთადერთი პრობლემა ქართული ისტორიისა და გეოგრაფიის სწავლებაზეა, თუმცა სკოლებში ჩუმად ამ საგნებს ისევ ქართული სახელმძღვანელოებით ასწავლიან.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

September 2016
M T W T F S S
« Aug    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930