გალის რაიონიდან ახალგაზრდები სამუშაოდ საზღვარგარეთ მასობრივად მიდიან. DFWatch-ის ინფორმაციით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მხოლოდ ერთი სოფლიდან 50-მდე ახალგაზრდა წავიდა პოლონეთში.

„აქ მუშაობა მონობას უტოლდება, თუმცა სხვა გზა არ დაგვრჩა. ენგურს გაღმა, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩემი პროფესიით (ფარმაცევტი – რედ.) ნორმალური ანაზღაურებით ვერაფერს იპოვი. მე იქ სახლი არ მაქვს, რამდენჯერმე მივმართეთ მთავრობას ბინით დაკმაყოფილების თაობაზე, რაც ყველა იძულებით გადადგილებულს ეკუთვნის, მაგრამ იმდენჯერვე უარი მივიღეთ. ან უმწეო უნდა იყო, ან ვეტერანი, ან კიდევ რა ვიცი, გაუბედურებული ყოველმხრივ. საბედნიეროდ, არცერთი კატეგორია არ ვარ და შესაბამისად, ბინაც არ მოგვცეს. ის კი არა, საზღვრის გადაკვეთისთვის დევნილის შემწეობაც შემიწყვიტეს. ეს არის ჩვენი მთავრობა. რაში ადარდებთ ჩვენ ემიგრაციაში ვიქნებით თუ კონფლიქტის ზონაში, მათთვის ორივე ერთია. ზუგდიდში რომ იმუშავო, ბინა უნდა იქირავო, ჭამა, ხარჯი და ის ხელფასი, რომელსაც ჩვენ სფეროში გასცემენ შესაბამისი კომპანიები, ამ ყველაფერსაც არ ყოფნის, ამიტომაც აქამდე ვარჩევდით ისევ კონფლიქტის ზონაში, საკუთარ სახლებში მაინც გვეცხოვრა, მაგრამ მოსავლის გაფუჭების შემდეგ, სრულიად ულუკმაპუროდ დავრჩით. წამოვედი და ახლა აქ ვარ, პოლონეთი. პრინციპში, მონობაა, მაგრამ ანაზღაურება შედარებით ნორმალურია, რომ ოჯახს დავეხმარო“, – ამბობს სოფელ თაგილონის მკვიდრი ი.გ., რომელსაც DFWatch სკაიპით ესაუბრა.

ერთ-ერთი მათგანი, რომელმაც ახალშექმნილი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილი დატოვა, გვიყვება, რომ ერთადერთი შემოსავალი თხილი იყო, მოსავლის განადგურების შემდეგ კი სხვა გზა არ დარჩა.

„მიმუშავია თბილისში მშენებლობებზე, მაგრამ ანაზღაურება იმდენი არ არის, რომ ოჯახი არჩინო და თან ქირით იცხოვრო. აფხაზეთში კიდევ პიცუნდაში ან სოხუმში უნდა იმუშავო და იქაც კაცი თუ არ გყავს, გამუშავებენ და მერე უფულოდ გამოგისტუმრებენ, ისე, რომ ვერც მოითხოვ. იძულებული გავხდი, სადაც უკეთესი ანაზღაურება მეგულებოდა, იქ წამოვსულიყავი, თუმცა ძალიან ძნელია, როცა ოჯახი გენატრება, სულ რაღაც 7 თვის შვილი მყავს და ახლა ვერ ვხედავ ის როგორ იზრდება“, – აღნიშნა გალის რაიონის მკვიდრმა ნ.ა.-მ.

საქართველოს მთავრობითაა ასევე უკმაყოფილო ლ.გ.-ც, რომელიც ჯერ ბათუმში მუშაობდა და სახელმწიფოსგან ბინას ელოდა, თუმცა ქირის გადახდა ვერ შეძლო და ორი შვილითა და ცოლით ისევ გალში დაბრუნდა.

„ბინა იმდენი ხანი არ მოგვცეს, ვერ მოვახერხე ქირის გადახდა. მშენებლობაზე აღებული თანხა ორი შვილის პირობებში ძალიან ცოტა აღმოჩნდა. დავბრუნდი გალში, თუმცა აქ რისი იმედიც მქონდა, ისიც არ დამხვდა. მოსავალი განადგურებულია. სხვა სახის დასაქმება ახალგაზრდებისთვის აქ არ არსებობს. დასაქმების ადგილი მარტო სკოლა და საავადმყოფოა და მე არცერთ კრიტერიუმს არ ვაკმაყოფილებ. მშობლებთან დავტოვე ცოლ-შვილი და წამოვედი. არ ვიცი, რამდენ ხანს გავძლებ. უფროსი შვილი ფოტოზე მცნობს, უმცროსმა საერთოდ არ იცის, ვინ ვარ“, – გვითხრა ლ.გ.-მ.

ახალგაზრდებისთვის დასაქმების არარსებობაზე საუბრობს, გალის რაიონის სოფელ თაგილონის მკვიდრი ბ.გ-ც.

„ვინც წარჩინებით დაამთავრა სკოლა და სასწავლებლად წავიდა, სამსახურიც იშოვა და სოფელში, მითუმეტეს კონფლიქტის ზონაში, არავინ ბრუნდება. აქ დარჩენილებს კი სოფლის მეურნეობიდან გვქონდა შემოსავალი, იყო თხილი, სიმინდი, სხვადასხვა ბოსტნეული, ზოგს ვყიდდით, სახლისთვის გვქონდა და გაგვქონდა თავი. ახლა მოსავალი განადგურდა. რა უნდა აკეთოს 18-19 წლის ბიჭმა მთელი დღე სოფელში? ძირითადი ნაწილი დგას ბირჟაზე, ან სვამს, ან ეწევა, დასაქმებით არ ვერსად დასაქმდები და ქვეყნიდან თუ წახვალ, თავის შველის ტოლფასია. ოჯახსაც დაეხმარები და საკუთარ თავსაც. ჯერ ერთი წავიდა, რომ დაიწყო მუშაობა, სხვას მიაწოდა ინფორმაცია, ცოტა წაეხმარა დასაქმებაში და ასე ჯაჭური რეაქციით ხდება გადინება სოფლიდან.“