ამბები

ვალიშვილი: “გაზპრომთან მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში დასრულდება”

by | Mar 31, 2016
Anti-Gazprom Demonstration in Tbilisi March, 2016 (DFWatch)

Anti-Gazprom Demonstration in Tbilisi March, 2016 (DFWatch)

“გაზპრომთან” გასაფორმებელი ხელშეკრულების დეტალებზე მუშაობა  გრძელდება და ვფიქრობ, ეს პროცესი უახლოეს დღეებში დასრულდება, – ამის შესახებ ოთხშაბათს ჟურნალისტებს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილმა განუცხადა.

რაც შეეხება ხელშეკრულების პირობებს, მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება “გაზპრომს” თანამშრომლობის ძველი პირობებით გაგრძელებას სთავაზობს.

ხელშეკრულების დეტალებზე DFWatch-მა მინისტრის მოადგილესთან საუბარი ვერ მოახერხა, რადგან უწყების საზოგადეობასთან ურთიერთობის სამსახურში  გვითხრეს, რომ მარიამ ვალიშვილი გაკეთებული განცხადების გარდა დამატებით დეტალებზე არ ისაუბრებდა.

მართალია, რუსული გიგანტისგან გაზის დამატებითი მოცულობის მიღება საქართველოს აღარ სჭირდება, თუმცა ახლა მოლაპარაკებები სომხეთისთვის გაზის მიწოდების პირობებზე მიდის.

კერძოდ, საუბარია, იმაზე რომ საქართველოს გავლით რუსეთიდან სომხეთში გატარებული გაზის 10%, რაც  200 მილიონ კუბურ მეტრ გაზს წარმოადგენს, საქართველომ „გაზპრომისგან“ კვლავ  ბუნებრივი აირის სახით მიიღოს. რუსული კომპანია კი გატარებული გაზის ფულად ანაზღაურებას (მონეტიზაციას) ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ გასული წლიდან მოყოლებული საუბარია, რომ საქართველოში ბუნებრივი აირის მოხმარების გაზრდის გამო გაზის დამატებითი მოცულობის შეძენის საჭიროება იყო. ამ მოცულობის მიღებას კი ხელისუფლება  უდიდესი რუსული კომპანიისა და მსოფლიოში ბუნებრივი აირის უმსხვილესი მწარმოებლისგან, „გაზპრომისგან“ გეგმავდა.

თუმცა, მას შემდეგ რაც 4 მარტს,  საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია „სოკარს“ შორის საქართველოსთვის დამატებით 500 მილიონი კუბური მეტრი გაზის მოწოდების შესახებ  ხელშეკრულება გაფორმდა, ენერგეტიკის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ საქართველოს რუსული “გაზპრომისგან” ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობის შეძენა აღარ დასჭირდებოდა.

4 მარტს დადებული ხელშეკრულებით, საქართველოს მთავრობასა და კომპანია “სოკარს” შორის 2011 წლის დეკემბერში გაფორმებულ მემორანდუმში ცვლილება შევიდა , რომელიც  2030 წლამდეა ძალაში.

ამ ცვლილების თანახმად, გარდა დამატებითი მოცულობის მიღებისა, “სოკარი”  მზადაა  გაზგასამართი სადგურებისათვის კომერციული გაზის ფასი 1000 კუბურ მეტრზე 35/40 აშშ დოლარით შეამციროს. თუმცა, უცნობია ამჟამად  რა ფასად აწვდის “სოკარი” კომერციულ სექტორს ბუნებრივ აირს. ენერგეტიკის სამინისტროს მიერ 2015 წელს  ფრაქცია “რესპუბლიკელებისთვის” გაგზავნილი წერილში წერია, რომ ეს კონტრაქტები კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს, თუმცა სამინისტროს ინფორმაცით,  კერძო სექტორი “სოკარისგან” 1000 კუბურ მეტრ გაზს 260 ევროდ ყიდულობს.

რაც შეეხება, საქართველოში ბუნებრივი აირის მოხმარებას, ამასთან დაკავშირებით ენერგეტიკის სამინისტრომ DFWatch-ს წლიური მონაცემები მიაწოდა. სადაც წერია თუ რა რაოდენობის გაზს იღებს საქართველო, რომელი ქვეყნიდან იღებს და როგორია წლიური მოხმარება.

იხილეთ სტატისტიკა (2011-2016)



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

September 2016
M T W T F S S
« Aug    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930