ამბები

ბურჭულაძის პარტია ჟურნალისტმა მერაბ მტრეველმა დატოვა

by | Aug 23, 2016
merab metreveli

მერაბ მეტრეველმა ბურჭულაძის პარტია ყოფილი “ნაციონალების” გამო დატოვა (ipn)

ამის შესახებ,  მეტრეველმა ორშაბათს, პაატა ბურჭულაძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.  წასვლის მიზეზად კი პარტიასთან ყოფილი „ნაციონალების“ გაერთიანება დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ 18 აგვისტოს პაატა ბურჭულაძემ სპეციალურად გამართულ პრესკონცერენციაზე გიორგი ვაშაძის „ახალი საქართველოსთან“, ზურაბ ჯაფარიძის „გირჩსა“ და „ახალი მემარჯვენეებთან“ გაერთიანების შესახებ განაცხადა.

აღნიშნულ პრსკონფერენციას მერაბ მეტრეველი არ ესწრებოდა. ამის გამო მის მიერ პარტიის დატოვებაზე ინფორმაცია უმალ გავრცელდა. ეს ინფორმაცია მაშინ არც ბურჭულაძემ და არც თავად მეტრეველმა არ დაადასტურეს. ბურჭულაძემ აღიარა, რომ მეტრეველი ამ გაერთიანების მომხრე არ იყო. თავად მეტრეველმა კი ჟურნალისტებთან მხოლოდ ის თქვა, რომ გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებდა.

„დავტოვე პარტია. მინდა წარმატება ვუსურვო მათ. პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება მივიღე, რადგან ეს იყო ახალი ძალა. მივდიოდი ახალ ძალასთან სათანამშრომლოდ. მართალია, პოლიტიკაში ხდება ყველაფერი – შერწყმა, გაერთიანება – მაგრამ ეს გადაწყვეტილება ჩემთვის იყო მიუღებელი”, – განაცხადა  მეტრეველმა ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ის პირველი არაა, ვინც ბურჭულაძის პარტიას ტოვებს. ბოლო დღეების განმავლობაში მსოფლიო ბანის მიერ შექმნილი მოძრაობა უკვე ასეულობით ადამიანმა დატოვა.

თავიდან პარტია დატოვეს „ტოიოტა ცენტრი თბილისის” დამფუძნებელმა ირაკლი გურჩიანმა და ექიმმა ნინო ნადირაძე-კუზანოვამ.

გურჩიანს გადაწყვეტილების მიზეზებზე ამ დრომდე არ უსაუბრია, თუმცა ნინო კუზანოვამ  პარტიის დატოვების მიზეზად „პარტიის სიჭრელე“ დაასახელა. როგორც მან აღნიშნა, პარტიაში იყო ისეთი ხალხი, რომელთა გვერდით ყოფნასაც არ ისურვებდა.

ბურჭულაძის პარტია დატოვეს ასევე : ისნის #8 საარჩევნო ოლქის აღმასრულებელმა მდივანმა და ამავე პარტიის ვაზისუბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ პინაიშვილმა; ისნის რაიონის შტაბის აღმასრულებელმა მდივანმა იოსებ  ხიმშიაშვილმა  20-მდე ადამიანთან ერთად; პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და ნაძალადევის რაიონის 18 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა კახაბერ ქურციკიძემ; ასევე სამგორის რაიონის 11 ოლქის საორგანიზაციო სამსახურის უფროსმა გოჩა ბალოიანმა; იმერეთის რეგიონის აღმასრულებელმა მდივანმა სოსო გაბრიჭიძემ, რომლის თქმითაც მასთან ერთად პარტიას 180 ადამიანი ტოვებდა; არტიუშ ამბარცუმიანმა, რომელიც ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მაჟორიტარობის კანდიდატად განიხილებოდა; ასევე  პარტიის ბორჯომის დამკვირვებელთა კოორდინატორმა, თემურ ლურსმანაშვილმა და ფოთის საქალაქო ორგანიზაციის აღმასრულებელმა მდივანმა, ზაზა ჭურღულიამ 50 ადამიანთან ერთად;  ხობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე კახა ბუკიამ და 80-მდე ადამიანმა; ბათუმის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა.

ისინი წასვლის მიზეზად  ძირითადად ფინანსურ პრობლემებსა და ბურჭულაძის ვაშაძე-ჯაფარიძესთან, როგორც თავად უწოდებენ „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტებთან“ გაერთიანებას ასახელებენ.

თავად ბურჭულაძე კი ამბობს, რომ სუს-ის (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური) მიერ მისი პარტიის წევრებზე ზეწოლა ხორციელდება,რის გამოც ამ ადამიანებმა წნეხს ვერ გაუგრძელეს და პარტია დატოვეს.

ცნობისთვის, მსოფლიოში აღიარებულმა ოპერის მომღერალმა, „საქართველოს განვითარების ფონდის“ დამფუძნებელმა, პაატა ბურჭულაძემ პოლიტიკაში მოსვლის შესახებ პირველად მიმდინარე წლის 12 მაისს განაცხადა.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

September 2016
M T W T F S S
« Aug    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930