ამბები

ბიუჯეტი 140 მილიონით მცირდება, ძირითადად შს და თავდაცვის სამინისტროების ხარჯზე

by | Jun 23, 2015
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აცხადებს, რომ ყველაზე დიდი დანაკლისი განიცადა თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა და "ორივე სამინისტრო ამას ძალიან გაგებით მოეკიდა"

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აცხადებს, რომ ყველაზე დიდი დანაკლისი განიცადა თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა და “ორივე სამინისტრო ამას ძალიან გაგებით მოეკიდა”

ქვეყნის ბიუჯეტი დაახლოებით 140 მილიონი ლარით შემცირდება, ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრა სამშაბათს დილით გამართულ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

მან ამ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტს ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი წარუდგინა.

დაახლოებით 8-მილიარდიანი სახელმწიფო ბიუჯეტი, 1,8%-ით მცირდება, თუმცა მთავრობა ამტკიცებს, რომ ეს  სოციალურ ხარჯებს არ შეეხება.

მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, შემცირება მიმდინარე ხარჯებს შეეხო, რომელთა დიდი ნაწილიც კაპიტალური პროექტების განხორციელებისთვის იქნება მიმართული.

ის იმასაც ამბობს, რომ ბიუჯეტის კორექტირებისას 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგი და მისი ლიკვიდაცვიისთვის საჭირო თანხაც იქნა გათვალისწინებული.

„ბიუჯეტი საბოლოო ჯამში, დაახლოებით, 140 მილიონი ლარით მცირდება. ეს შეეხება მიმდინარე ხარჯებს, თუმცა აღნიშნული თანხის დიდი ნაწილი, შეიძლება ითქვას, რომ მიმართული იქნება კაპიტალური პროექტების განხორციელებისთვის,” – განაცხადა ხადურმა.

ეს კი, მისივე განმარტებით, თბილისსა და მის მიმდებარე სოფლებში სტიქიური უბედურებით მიყენებული ზიანის აღმოფხვრვისთვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის დამატებითი თანხების გამოყოფას ითვალისწინებს.

ამასთან, ბიუჯეტში ცვლილება კაპიტალურ და სოციალურ ხარჯებს არ შეხებია და მხოლოდ მიმდინარე ხარჯები შემცირდა.

“კაპიტალური და სოციალური ხარჯები არ შემცირებულა, შემცირდა მხოლოდ მიმდინარე ხარჯები. ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ წლის განმავლობაში კაპიტალური ხარჯები პირიქით გავზარდოთ. ჩვენ ვმუშაობთ დონორებთან და მათი სახსრების დიდი ნაწილი სწორედ კაპიტალური ხარჯების ნაწილში იქნება მიმართული”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

რაც შეეხება იმ უწყებებს, ვისაც დაფინანსება უმცირედება, ყველაზე მეტად ეს ძალოვნებს შეეხება.

ხადურის განმარტებით,  ყველაზე მეტად დაფინანსება  შს და თავდაცვის სამინისტროებს შეუმცირდათ.

“მინდა მადლობა გადავუხადო კოლეგებს, რომლებმაც გაგებით მიიღეს არსებული პრობლემები. ყველაზე დიდი დანაკლისი ამ თვალსაზრისით განიცადა თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა და ორივე სამინისტრო ამას ძალიან გაგებით მოეკიდა”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებაზე საუბრისას.

სეკვესტრირებული ბიუჯეტის პროექტის წარდგენისთვის ფინანსთა მინისტრს დედლაინი 10 ივნისამდე ჰქონდა.  ეს დავალება ფინანსთა მინისტრს პრემიერმა ივნისის დასაწყისში მისცა. თუმცა, დათქმულ ვადაზე ხადურმა  პროექტზე მუშაობისთვის კიდევ ერთი კვირა ითხოვა. ამ ვადის გასვლამდე კი თბილისში სტიქიის გამო ფორსმაჟორული ვითარება იყო და საბოლოოდ პროექტი დღეს წარადგინა.

ბიუჯეტის კორექტირების საკითხი ჯერ კიდევ წლის დასაწყისში დადგა, როდესაც ლარის კურსმა სწრაფი ვარდნა დაიწყო. მაშინ  ხელისუფლებას ფინანსისტების დიდი ნაწილი და ოპონენტები ვითარებიდან გამოსასვლელად სწორედ ბიუჯეტის კორექტირებას ურჩევდნენ. თუმცა, მაშინ ხელისუფლება აცხადებდა, რომ, მიუხედავად  კურსის ვარდნისა, ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით პრობლემა არ არსებობდა. ივნისის დასაწყისში კი პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ბიუჯეტი უნდა შემცირებულიყო.

პროექტის წარდგენის შემდეგ ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ  ბიუჯეტში გარკვეული კორექტირება ნორმალური პროცესია, ვინაიდან მთელ რეგიონში სერიოზული კრიზისია.

“ეს ნორმალურია და შეიძლება ითქვას, რომ მანამდეც უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. რეგიონში თითქმის ყველა სახელმწიფომ მოახდინა ბიუჯეტის კორექტირება. ეს რა თქმა უნდა, განხორციელდა გამომდინარე იქედან, რომ მთელ რეგიონში არის ძალიან სერიოზული კრიზისი. ყველგან რთული ვითარებაა, მათ შორის უკრაინაში, რუსეთში. აქედან გამომდინარე, ჩვენც უნდა მოვერგოთ ახალ რეალობას და ამის მიხედვით განვითარდეთ,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კორექტირებული ბიუჯეტის პროექტი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031