police_carიარაღის უკანონო შეძენა-ტარების ბრალდებით სამშაბათს, 8 სექტემბერს ღამით ბათუმში 27 წლის მოჭიდავე მინდია ოჯახიშვილის დაკავებას მისი ახლობლების დიდი პროტესტი მოჰყვა. ისინი აცხადებენ, რომ პოლიციამ დაკავებულს იარაღი ჩაუდო და ფიზიკურადაც გაუსწორდა, რის შედეგადაც სამართალდამცველები იძულებულები გახდნენ დაკავებული საავადმყოფოში მიეყვანათ.  

შს სამინისტრო ოჯახიშვილის ცემის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს. DFWatch-ს პრეს-სამსახურში განუცხადეს, რომ დაკავებული თავის ტკივილს იმიზეზებდა და ამიტომ გახდა მისი რეფერალურ საავადმყოფოში გადაყვანა საჭირო. იქ კი „ჩაუტარდა გამოკვლევა და არანაირი დაზიანება არ აღენიშნება“.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სს 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო შეძენა-ტარებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 5- წლამდე.

ცემის ფაქტს სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს. ომბუდსმენის წარმომადგენელი ციალა ქათამაძე ამბობს, რომ მინდია ოჯახიშვილს სახესა და ზურგს არეში ფიზიკური ძალადობის კვალი აღენიშნება და სამართალდამცველებს ამ ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდებს.

აღსანიშნავია, რომ სამშაბათს საღამოს ბათუმის სხვადასხვა უბანში პოლიციის რეიდები ტარდებოდა. პოლიცია მანქანებს აჩერებდა და ჩხრეკდა.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კი ეს უკვე მესამე გახმაურებული ფაქტია, როდესაც იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით დაკავებული პირი სამართალდამცველებს სდებს ბრალს იარაღის უკანონოდ ჩადებაში. კონკრეტულად კი 3-4 სექტემბერს თბილისში დაკავებულები გიორგი ფეიქრიშვილი და ნოდარ ნიშნიანიძე.

ბათუმში დაჭერილი 27 წლის სპორტსმენის ახლობლებმა აქცია ჯერ დაკავების ღამით ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოსთან მოაწყვეს, ოთხშაბათს კი წინასწარი დაკავების იზოლატორთან.

ახლობლები საავადმყოფოში შესვლას და დაკავებულის მონახულებას ცდილობდნენ, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

საავადმყოფოს მორიგე ექიმის განცხადებით, დაპირისპირებისას მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. გამოძიება ამ ფაქტზეც 125-ე მუხლით დაიწყო.

“იარაღი ჩაუდეს, “კაპეზემ” არ მიიღო, ისეთი ნაცემია და რეფერალურში გადმოიყვანეს,” – ტელეკამერებთან საუბარში განაცხადა დაკავებულის დედამ, თინა დოლიძემ.

დოლიძის თქმით, მის შვილს იარაღი იმის გამო ჩაუდეს, რომ მეგობარს მოწმედ დაუდგა და მისი უდანაშაულობა დაამტკიცა.

„ერთი წლის წინ მოჭიდავე გიორგი ფაღავას ჩაუდეს ნარკოტიკი. ჩემი შვილი ამ მომენტს შეესწრო და დაინახა, ვინც ჩაუდო, ის კაცი. სასამართლოზე მოწმედ გაიყვანეს და ეს ფაქტი დაადასტურა. ამის გამო ეუბნებოდნენ  კიდეც, რომ წასულიყო,“- შვილის დაკავებას შურისძიებას უკავშირებს თინა დოლიძე.

დაკავებულის ფიზიკურ შეურაცხყოფაზე საუბრობს ადვოკატი დავით ჯაფარიძეც და დედის მსგავსად ამბობს იმასაც, რომ დაკავებამდე ოჯახიშვილს პოლიციიდან აფრთხილებდნენ კიდეც, რომ ქვეყნიდან წასულიყო.

„გაუსწორდნენ ფიზიკურად, სცემდნენ ხელებითა და ფეხებით, რომ მისთვის იარაღი ჩაედოთ. საბოლოოდ, მოერივნენ შარვალში ჩაუდეს პისტოლეტი. მანამდე ეუბნებოდნენ, რომ წასულიყო აქედან, თორემ დაიჭერდნენ. ვარაუდობდა, რომ პოლიცია ჩაუდებდა იარაღს, მსგავსი ინფორმაციები ჰქონდა, მაგრამ იგი არ აპირებდა დამალვას“, – განაცხადა ადვოკატმა.