ამბები

ბათუმის სტრიპტიზ-კლუბის კონფლიქტით არც შსს ინტერესდება და არც ტურიზმის დეპარტამენტი

by | Aug 12, 2016

13912849_10207144008020549_1288289594607043749_nერთ ფინჯან ჩაიში გადახდილი 500 ლარიანი ჩეკის ფოტო, რომელიც სოციალურ ქსელში მოქალაქე ნათია ჯანჯღავამ გაავრცელა, კვლავ განხილვის თემაა. საუბარია ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე მდებარე დისკო კლუბზე „დუბაი“, სადაც საქართველოში დასასვენებლად მყოფ არაბ ბიზნესმენს, როგორც თავად ამბობს, ფინჯან ჩაიში 500 ლარი იძულებით, მუქარით გადაახდევინეს.

ბიზნესმენი აბდულ აზიზი იხსენებს, რომ კლუბში თავდაპირველად 700 ლარის გადახდა მოთხოვეს, როცა მან უარი განაცხადა, დაცვის სამი წევრი დაემუქრა, რომ „ან ფულს გადაიხდიდა ან მოკლავდნენ“. მაგრამ, აზიზის თქმით, მას ამ ოდენობის თანხა არ გააჩნდა, ამიტომ საბოლოოდ 500 ლარის გადახდა მოუწია. ბიზნესმენი ამის შესახებ palitratv.ge-ს ესაუბრა და აღნიშნა, რომ უკვე მეორე წელია საქართველოში ჩამოდის და მსგავსი განუკითხაობა ძალიან ცუდია. აზიზი მომხდარს  „დაყაჩაღება“ უწოდებს, თუმცა შსს-სთვის ჯერ არ მიუმართავს.

როგორც DFWatch-ს შს სამინისტროში უთხრეს, აღნიშნულ ფაქტზე მოკვლევა არ დაწყებულა, რადგან უწყებისთვის არავისთვის მიუმართავს. მოკვლევის დასაწყებად კი მიმართვაა საჭირო.

თავის მხრივ, დისკო კლუბ “დუბაის” თურქი მენეჯერი ჯენგიზ აკგუნი ამბობს, რომ  სტუმარს მხოლოდ  ჩაი არ დაულევია.

„მართალია, მან გადაიხადა 500 ლარი, მაგრამ როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია 500 ლარი გადაეხადა ერთ ჩაიში? არავინ გადაიხდის ერთ ჩაიში 500 ლარს. მე ხშირად გავდივარ და შევდივარ კლუბში, დეტალები არ ვიცი, რომელი სტუმარი რას უკვეთავს, მაგრამ ვიცი, რომ ის იჯდა სტრიპტიზიორ ქალბატონთან ერთად. ისინი ერთად ისხდნენ და სვამდნენ. სტრიპტიზის მოცეკვავემ აიღო ტეკილა და კოქტეილი. ბათუმში ყველა ღამის კლუბში ერთნაირი სისტემაა, როცა ზიხარ და, მაგალითად, მიმტანი ლუდს, ვისკის, არაყს, ჩიფსს, თხილს, ყველს, ხილს და მსგავს რაღაცეებს ჩამოატარებს მაგიდასთან, თუ ეტყვი, რომ არ გინდა, მიმტანი წაიღებს, თუ დაიტოვებ მაგიდასთან და შეჭამ, მოგიწევს გადახდა”, – აღნიშნა აკგუნიმ PALITRATV.GE-სთან ინტერვიუში.

რაც შეეხება, თავდაპირველი ანგარიშის, 700 ლარის, შემცირებას, აკგუნი ამბობს, რომ თუ მომხმარებელს საკმარისი თანხა არ აქვს, უკლებენ, რადგან კლუბზე ცუდად არ ილაპარაკოს.

ამავე ინტერვიუში, დისკო კლუბის სტრიპტიზის მოცეკვავე მორენაც საუბრობს, რომელიც ამბობს რომ არაბ ბიზნესმენის მაგიდასთან საღამო  გაატარა.

“ეს კაცი მოვიდა როგორც მომხმარებელი. დავსხედით ერთად, კოქტეილი, ხილი, ვისკი, ენერგეტიკული სასმელი შევუკვეთეთ. ვისხედით, ვსაუბრობდით, ვცეკვავდი. ყოველთვის ასე ხდება. ვსხდებით, ვსვამთ, ვცეკვავ, შემდეგ იხურება ანგარიში და მიდიან. ვისკის, ხილს, არაყს, ყოველთვის უკვეთავენ მომხმარებლები, მაგრამ მე არ მეხება ამის გადახდა”, – აღნიშნა მორენამ, რომელიც ბათუმში 5 წელია მუშაობს.

DFWatch-ი აღნიშნულ საკითხზე ბათუმის მერიასაც დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ეს საკითხი მათ არ ეხება და კომენტარს ვერ გააკეთებენ.

ტურიზმის დეპარტამენტში კი აცხადებენ, რომ ის არ არის უფლებამოსილი ორგანო მგავსი შემთხვევები გამოიძიოს. ამისთვის არსებობს შესაბამისი საგამოძიებო და ფინანსური ორგანოები, რომელსაც დაზარალებულმა უნდა მიმართოს.

„რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, ის ძალიან ბუნდოვანია, რადგან ორივე მხარეს თავისი არგუმენტი გააჩნია. ნებისმიერ ტურისტული ობიექტის მეპატრონე თავად წყვეტს, ფასების  როგორი პოლიტიკა ექნება. ამას სახელმწიფო ვერ დაარეგულირებს. რაც შეეხება თავად მუქარის ფაქტს, რომელსაც არაბი ბიზნესმენი ასახელებს, რა თქმა უნდა, დასაგმობია, თუკი მას ადგილი ნამდვილად ჰქონდა. ეს ყველაფერი კი, რა თქმა უნდა, შესაბამისმა ორგანოებმა უნდა დაადგინონ,“-უთხრეს DFWatch-ს ტურიზმის დეპარტამენტში.

 

 

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031