Prison_No_8_Gldaniპარლამენტმა „ამნიისტიის შესახებ“ კანონი მესამე მოსმენით, 77 ხმით დაამტკიცა , რაც  ნიშნავს, რომ გათავისუფლდებიან ხანდაზმული პატიმრები, კერძოდ კი, 65 წელს ზევით ასაკის ქალები და 70-ს გადაცილებული მამაკაცები, რომლებმაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაულები ჩაიდინეს.   

აღნიშნული კანონპროექტის ინიციატორი  ფრაქცია „ეროვნული ფორუმი“, ავტორი კი გუბაზ სანიკიძე იყო. ცვლილებათა ავტორის აზრით, კანონით გათვალისწინებული ამნისტია მხოლოდ იმ პირზე გავრცელდება, რომელმაც  დანაშაული 2015 წლის 31 დეკემბრამდე ჩაიდინა.

როგორც პროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, ეს კანონის სავარაუდოდ 116 ბრალდებულსა და მსჯავრდებულს გათავისუფლებას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები არ შეეხება განზრახ მკვლელობის, კანონიერი ქურდობის, ნარკოტიკების, ტერორიზმის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადმოკვეთის, ციხიდან გაქცევის თუ სხვა მძიმე დანაშაულისთვის დაკავებულ  პირებს.

კანონპროექტის ინიციატორთა განმარტებით, ცვლილებები  ასაკოვანი პირების მიმართ ჰუმანურობის აქტს წარმოადგენს და მისი მიზანია მათი რესოციალიზაციისთვის ხელშეწყობა.

რაც შეეხება პროცედურას, პატიმრების გათავისუფლებისთვის მათი  საქმეები ამნისტიის პირობებთან შესაბამისობის დასადგენად სასამართლოებს გადაეცემა. იმ შემთხვევაში თუ ეს საქმე ამნისტიის პირობებს დააკმაყოფილებს, სასამართლო პატიმრების გათავისუფლების გადაწყვეტილებას მიიღებს.