რუსი სამხედროები ცხინვალის რეგიონში. (სპუტნიკ-ოსეტიას ფოტო)

ოჩამჩირის რაიონის სოფელ ნაგვალოუში, კოდორის ხეობის სოფელ წებელდაში, გადაუთასა და  ცხინვალის რეგიონის სოფელ ძარწემში,  ოთხივე ამ რუსულ სამხედრო ბაზაზე რუსული სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს და საერთო ჯამში, 2 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი და 1000-ზე მეტი ერთეული საბრძოლო ტექნიკაა ჩართული.

4-ვე ამ ტერიტორიაზე წვრთნები თითქმის ერთდროულად დაწყო და ამ დრომდე გრძელდება.

ცხინვალის რეგიონის სოფელ ძარწემის მთიან პოლიგონზე სამხედრო წვრთნები 4 დეკემბერს დაიწყო. მასში მონაწილეობას იღებს ოკუპირებულ რეგიონში განლაგებული 58-ე რუსული სამხედრო ბაზის 1 500-ზე მეტი ჯარისკაცი და ისინი თავდაცვით და შეტევით ოპერაციებს მთიან რელიეფზე როგორც დღის, ასევე ღამის პირობებშიც ამუშავებენ.

წვრთნებში მონაწილეობს 500-მდე ერთეული სამხედრო ტექნიკა, ტანკები და საარტილერიო დანადგარები. რუსული საოკუპაციო ბაზის ჯარისკაცები ბრძოლაში ტანკების და თვითმავალი საარტილერიო დანადგარების Акация და Гвоздика, ასევე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების მეთოდებს სწავლობენ.

ძარწემში მიმდინარე სწავლება სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო  პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმაც მოინახულა, სადაც განაცხადა, რომ მცირერიცხოვანების მიუხედავად, “სამხრეთ ოსეთის არმია ანგარიშგასაწევ ძალაა”.

იმავე პოლიგონზე 7 დეკემბერს რუსი სნაიპერების საბრძოლო წვრთნებიც დაიწყო. „რია ნოვოსტის“ ცნობით, სპეციალურ კურსს 100-მდე ახალგაზრდა სნაიპერი გადის.

რუსი სამხედროები გააქტიურდნენ ოკუპირებულ აფხაზეთშიც, სადაც სამ სამხედრო ბაზაზე – წებელდაში, ნაგვალოუსა და გუდაუთაში მიმდინარეობს წვრთნები.  ცხინვალის მსგავსად ზემო აფხაზეთში მიმდინარე მანევრებში ჩართული კონტინგენტი ტყესა და მთიან რელიეფზე, დღისა და ღამის პირობებში სადაზვერვო მოქმედებების ათვისებაში, მონაცემების დამუშავებასა და შეტევაზე გადასვლაში ვარჯიშობს.

კოდორის ხეობის სოფელ წებელდაში რუსული სამხედრო წვრთნა 8 დეკებრიდან დაიწყო. მასში 300 სამხედრო მოსამსახურე, 30 ერთეული საბრძოლო ტექნიკა, მათ შორის, ჯავშანტრანსპორტიორები , 12,7 მმ-იანი კალიბრის ტყვიამფრქვევებით აღჭურვილი საბრძოლო-სადაზვერვო მანქანები  და დაჯავშნული  Мустанг-ებია ჩართული.

რუსი ოკუპანტები წებელდაში ახლო დაზვერვის სადგურ СБР-5-თან და დაზვერვის ლაზერულ ხელსაწყოებთან ЛПР-2-თან მოპყრობასაც ითვისებენ.

წებელდას წვრთნებს ასევე დაემატა ოჩამჩირის რაიონის სოფელ ნაგვალოუსა და გუდაუთის სამხედრო ბაზებზე დაწყებული სამხედრო სწავლებებიც. ოკუპირებულ აფხაზეთში განლაგებული სამივე რუსული სამხედრო ბაზა რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის შემადგენლობაში შედის. როგორც ოლქის პრესსამსახური აცხადებს, წებელდასა და ნაგვალოუს წავლებებში ჯამში 500-ზე მეტი სამხედროა ჩართული და ის 1-დან 2 თვემდე გაგრძელდება.  სწავლებაში ჩართულია 500-ზე მეტი ერთეული სამხედრო ტექნიკა და განცხადებულია ისიც, რომ საბრძოლო მომზადების ღონისძიებაში ჯამში მთელი სამხედრო ბაზის ძირითადი პერსონალის 100% იქნება ჩართული.

სწავლებაში მოტომსროლელები და ტანკისტები ასობით საბრძოლო გასროლას შეასრულებენ როგორც სტანდარტული იარაღიდან, ისე სამხედრო ტექნიკით – ესენია თანამედროვე ჯავშანტრანსპორტიორი BTR-82AM-იდან, ტანკი T-72B3, “გრადის“ სარაკეტო სისტემები და საზენიტო-სარაკეტო სისტემები  Оса-АКМ დს Стрела-10.

აფხაზეთის გუდაუთის რუსულ სამხედრო ბაზაზე ასევე მიმდინარეობს სნაიპერების სწავლებაც.

აღსანიშნავია, რომ სწავლება, საქართველოს ოკუპირებული ნაწილების გარდა, ასტრახანსა და კრასნოდარის მხარეში მდებარე პოლიგონებზეც მიმდინარეობს.