Youtube / Rep. Steve Russell

Youtube / Rep. Steve Russell

ამერიკელი კონგრესმენი ოკლაჰომადან, „რესპუბლიკელი“ სტივ რასელი, აშშის პრეზიდენტ ბარაკ ობამას მოუწოდებს, კარგად დააკვირდეს საქართველოში, ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებს. უფრო მეტიც, ამბობს, რომ ივანიშვილი იარაღით უკანონოდ ვაჭრობდა და ამის გამო მისი ანგარიშების გაყინვას ითხოვს.

ეს განცხადება რასელმა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის სხდომაზე გააკეთა. ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც, მისი თქმით, საქართველოს მთავრობაზე კვლავ ინარჩუნებს  გავლენას, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მოკავშირეა.

„ოქტომბერში საქართველოში არჩევნები გაიმართება, რომელიც გადაწყვეტს, რჩება თუ არა საქართველო დამოუკიდებელ ქვეყნად, თუ დათმობს პოზიციებს და მოიქცევა კორუფციის, რუსი ოლიგარქისა და რუსეთის დომინირების ქვეშ,“ – განაცხადა სტივ რასელმა.

„მთავარი მოქმედი პირი ამ პოლიტიკურ პროცესში ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირე, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია. მისი მიზანი საარჩევნო პროცესში ჩარევაა, ხმების ყიდვისა და პოლიტიკური ოპონენტების დასჯის გზით. ასევე მისი მიზანია, ქვეყნის ადმინისტრაციული და პოლიტიკური რესურსების გამოყენებით, არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენა. ხალხი არჩევნების თავისუფალი ჩატარების თვალსაზრისით გამოწვევის წინაშე დგას,“ – ამბობს რასელი და შემდეგ მოწოდებებსაც ახმოვანებს.

„მოვუწოდებთ, შეერთებული შტატების პრეზიდენტს დაეხმაროს საქართველოს საარჩევნო პროცესის მონიტორინიგის თვალსაზრისით. მოვუწოდებთ შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროსა და დასავლურ ბანკებს, გაყინონ ივანიშვილის ანგარიშები. ასევე მოვუწოდებთ, სახელმწიფო დეპარტამენტს, თავისუფალი არჩევის პროცესში ჩარევის მიმართ გულგრილი დამოკიდებულებს მქონე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ბიზნეს ლიდერებს გაუუქმდეთ აშშ ვიზები. ასევე  მივუწოდებ დასავლეთის თავისუფალ მედიას, დააკვირდეს მომავალი 3 თვის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებს, რადგან ამ ქვეყნისთვის ეს შესაძლოა თავისუფლების უკანასკნელი თვეები იყოს,“- განაცხადა რასელმა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატები არასერიოზულს უწოდებენ და არ მიიჩნევენ ყურადღების ღირსად სტივ რასელის განცხადებას.

„საინტერესო იქნება ვკითხოთ ბატონ კონგრესმენს, რის საფუძველზე გააკეთა მან ეს განცხადებები, რა ფაქტორებს ეყრდნობა და შემდეგ შეიძლება რაღაც დასკვნები გამოვიტანოთ“, – აღნიშნა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძემ.

„განცხადების შინაარსი  არ არის სერიოზული და არარეალურია, ამდენად მოწოდებებიც  ძალიან არასერიოზულია,“ – აცხადებს ეკა ბესელია.

„ანგარიშის დაყადაღების მოთხოვნა აქვთ მხოლოდ საგამოძიებო ორგანოებს სასამართლოს თანხმობით. ყველა დანარჩენი განცხადება რჩება მხოლოდ გამოხატვისა და იმპროვიზირების ფარგლებში,“ – ამბობს  ზაქარია ქუცნაშვილი.

აღსანიშნავია ის, რომ ესპრემიერ ივანიშვილს იარაღით ვაჭრობაში „ნაციონალური მოძრაობა“ ადანაშაულებდა. საუბარია საერთაშორისო სკანდალში, ე.წ. ანგოლაგეიტის საქმეში ივანიშვილის მონაწილეობის ეჭვებზე, როდესაც გასული საუკუნის 90-იან წლებში, ანგოლაში მიმდინარე სამოქალაქო ომის დროს რუსული კომპანიების მიერ იარაღის უკანონო გაყიდვა და მიღებული ფულის (საუბარია 790 მლნ დოლარზე) გათეთრება ხდებოდა.  ამ საქმეზე საფრანგეთის სასამართლომ ივანიშვილის ყოფილი ბიზნესპარტნიორი არკადი გაიდამაკი რამდენიმეწლიანი ძებნის შემდეგ დააკავა. საფრანგეთის პროკურატურის საგამოძიებო მასალებშია წერია, რომ ფულის გათეთრების სქემის ერთ-ერთი მონაწილე ბანკი „როსიისკი კრედიტი“ იყო. თავად ივანიშვილის გვარი საქმეში არსად ფიგურირებს, თუმცა რადგანაც ბანკის აქციების საკონტროლო პაკეტს იმ პერიოდში ბიძინა ივანიშვილი ფლობდა, ამიტომაც „ნაცმოძრაობამ“ ივანიშვილის სახელი ამ საქმეს დაუკავშირა.