Gali, Abkhazia (Dominik K. Cagara)

აზიურმა ფაროსანამ დიდი ზიანი მიაყენა გალის რაიონს. თხილის პლანტაციები, გალელების შემოსავლის ძირითადი წყარო, ისე დაზარალდა, რომ ბევრ სოფლებში თხილი საერთოდ არ მოუკრეფავთ.

ამის მიზეზი ისიც არის, რომ დაკრეფა-შეგროვება გარკვეულ ხარჯებთანაა  დაკავშირებული (ერთი დამხმარე დღიურად დაახლ. 40 ლარი ღირს), თხილის ფასი ადგილზე 30 თეთრს ვერ გასცდა, „საზღვარზე“ გადმოტანა კი ისევ დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამიტომ, უმრავლესობამ არჩია, თხილი საერთოდ არ მოეგროვებინა. დღეს უხვად ნახავთ პლანტაციებს, სადაც გარედან საკმაოდ ნორმალური შეფერილობის მოუბოჭავი თხილი ყრია. ისინი კი, ვინც გარისკა და თხილი მაინც მოაგროვა, დღეს უკვე ნანობს.

„მეუღლე გარდამეცვალა, ახლა მარტო ვცხოვრობ და თხილის მოგროვებას დამოუკიდებლად ვერ ვახერხებ, ამიტომ იძულებული ვარ მუშახელი დავიქირაო. წელს მეზობლებმა მირჩიეს, საერთოდ დამენებებინა თავი, მაგრამ მაინც გავრისკე და 450 ლარი მუშახელში გადავიხადე, თხილი კი საერთდ ვერ გავყიდე. 20 ცალიდან 1-2 თუ ამოვა საღი, ზოგჯერ ისიც არა, ამიტომ არავის უნდა. შემოსავლის მიღების ნაცვლად, დავზარალდი,“ – აცხადებს სოფელ ზემო ბარღების მკვიდრი ლ.გ.

წელს საქართველოს მთავრობამ აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად 15 მილიონამდე ლარი დახარჯა, თუმცა ამ ეტაპზე შედეგი არ ჩანს. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ, ზურაბ ლიპარტიამ განაცხადა, წამალი, რომელიც საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დარიგდა, ოკუპირებულ რეგიონებშიც გაიგზავნა, თუმცა შედეგი ვერ გამოიღო. რაც შეეხება ადგილობრივ დე ფაქტო მთავრობას, აღნიშნულზე ჯერ რეაგირება არ მოუხდენია, რადგან მავნებელი ჯერჯერობით ძირითადად ქართული მოსახლეობით დასახლებულ ტერიტორიაზეა გავრცელებული (თუმცა აქა-იქ უკვე აფხაზებით დასახლებულ ტერიტორიაზეც შეინიშნება).

„საქართველოს მთავრობა დახმარებას დაგვპირდა, მაგრამ რეალურად ჩვენამდე წამლის რაოდენობის ნახევარსაც არ მოუღწევია. როგორც გვითხრეს, აფხაზებს აქვთ დასაწყობებული და ხალხს არ ურიგებენ. დიდი ალბათობით ამაში სოფლის გამგებლების ხელი ურევია და შესაძლოა, მოგვიანებით ეს წამალი გაიყიდოს და ამით ფული იშვონ. აქ ხომ ყველაფრით ფულს შოულობენ. წესით ამ ზაფხულსვე უნდა დარიგებულიყო წამლის მეორე ნაწილიც, თუმცა არც ეგ დარიგებულა და აწი არც აქვს აზრი, რადგან უკვე აცივდა, მავნებელი დაიმალა,“ – აცხადებს სოფელ ნაბაკევის მკვიდრი რ.ბ.

მავნებელმა სიმინდის მოსავალიც მნიშვნელოვნად დააზიანა – გალელების შემოსავლის კიდევ ერთი ძირითადი წყარო.

ამან გალში სოციალური ფონი იმდენად დაამძიმა, რომ მოსახლეობა აცხადებს, თუ მომავალ წელსაც იგივე შედეგი იქნება, შესაძლოა, სახლების დატოვებაც კი მოუწიოთ.

„აქ იმიტომ ვცხოვრობთ, რომ საკუთარი სახლები არ მივატოვოთ და ვისაც შრომა არ ეზარება, მიწა მოსავალს ყოველთვის იძლეოდა, მაგრამ ასეთ პირობებში, იმ ფონზე, როცა ე.წ. საზღვარზე გადაადგილება დღითიდღე უფრო და უფრო რთულდება, ისედაც რთული ცხოვრება კიდევ უფრო გაძნელდება, რაც გვაიძულებს დავტოვოთ სახლები და დასაქმების გზები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ვეძებოთ, რაც ალბათ არც ისე მარტივი იქნება. აქ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი წლიდან წლამდე თხილის მოსავლით ირჩენს თავს, პენსიიდან და დევნილთა შემწეობიდან მიღებული თანხა, მოგეხსენებათ, იმდენად მცირეა (პენსია -150 ლარი, პლუს დახმარება -45 ლარი), ოჯახის რჩენაზე საუბარიც ზედმეტია. იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალ წელს მდგომარეობა გამოსწორდება, წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ სხვა გზა არ დაგვრჩება,“ – აცხადებს სოფელ თაგილონის მკვიდრი დ.შ.

ცნობისთვის, გალის რაიონში ომამდელ საზღვრებში 80 000-მდე  ადამიანი ცხოვრობდა, აქედან დღეისთვის ადგილზე მუდმივად, დაახლოებით, მესამედი მაინც ცხოვრობს და თავს სწორედ სოფლის მეურნეობით ირჩენს. თხილის მოსავლის ასაღებად კი სეზონურად ის ხალხიც ჩადის, ვინც ენგურს გამოღმა ცხოვრობს და იქ მხოლოდ თხილის მოსავალს იღებს, თუმცა მათი ნაწილი წელს არც კი ჩასულა.