rugby

(Rustavi 2)

21 ივლისს ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული მორაგბე გიორგი ლომინაძის, მისი მეუღლისა და ეროვნული ნაკრების წევრის, მერაბ კვირიკაშვილის მეუღლის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ისინი ამ დროისთვის მართვით სუნთქვაზე არიან, აცხადებენ საქართველოს რაგბის კავშირში.

რაც შეეხება კვირიკაშვილს, როგორც DFWatch-ს რაგბის კავშირში უთხრეს,  ის ჯერ კიდევ საავადმყოფოშია, თუმცა მხოლოდ დაჟეჟილობები აქვს.

შემთხვევა, წინა ხუთშაბათს ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით  ჩქაროსნულ მაგისტრალზე მოხდა, რომელიც მანამდე რამდენიმე დღის ადრე გაიხსნა. ერთმანეთს ორი სწრაფად მოძრავი ავტომობილი შეეჯახა. ერთ მანქანაში 3 ადამიანი დაიღუპა –  ახალგაზრდა ცოლ-ქმარი და მათი მეგობარი გოგონა, მეორეში 4 ადამიანი დაშავდა – მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი მერაბ კვირიკაშვილი,  საქართველოს ჩემპიონის, “ლელოს” მორაგბე გიორგი ლომინაძე და მათი მეუღლეები.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც  ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და  ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

როგორც DFWatch-ს უწყებაში უთხრეს, ექსპერტიზის შედეგს ელოდებიან, რის შემდეგაც დამატებითი დეტალები გახდება ცნობილი.

“ეკო ტრანსპორტ ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე კი DFWatch-თან საუბრისას ამბობს, რომ საქართველოს გზებზე ეს ადგილი ერთ-ერთ შავ წერტილად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან იმ ადგილას, სადაც ავარია მოხდა, ცალმხრივი მოძრაობა უცებ ორმხრივში გადადის, რაც ავარიის რისკს ზრდის.

„ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე გაიხსნა ერთი მიმართულება, რეალურად ეს არის ცალი მხარე. რადგან მეორე მხარე არ არსებობს, მოძრაობა არის ორმხრივი. ეს მონაკვეთი პირდაპირ ჩქაროსნულ მაგისტრალსაა მიბმული, შესაბამისად, მანქანა, რომელიც ცალმხრივად მაღალი სიჩქარით მოძრაობს, უცებ გადადის ისეთ გზაზე, სადაც მოძრაობა  ორმხრივი ხდება. საერთაშორისო სტანდარტი კი ითვალისწინებს, რომ მსგავსი ჩქაროსნული მაგისტრალი იყოს ცალმხრივი და გამიჯნული.

„ამასთან, გზა არის ვიწრო. საქართველოს ავტოპარკში კი ისეთი ტრანსპორტიც გვხვდება, რომელიც 60-70კმ/სთ-ზე მეტ სიჩქარეს  ვერ ავითარებს, ამ დროს მძღოლი იძულებულია გადავიდეს საპირისპირო ზოლში და გადაასწროს ამ ავტომობილს. სწორედ ეს მოხდა ამ შემთხვევაშიც, რასაც საპირისპირო ზოლში მოძრავ ავტომობილთან შეჯახება მოჰყვა. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის დანაშაული სახელმწიფოს მხრიდან, როცა ადამიანებს საშუალებას აძლევს მსგავს მაგისტრალზე ორმხრივად გაადაადგილდნენ,“ – აღნიშნა ურუშაძემ.

ცნობისთვის, ამ ავარიის შემდეგ, თბილისის  საკრებულოს დეპუტატმა შალვა ოგბაიძემ „ფეისბუქში“ ქუთაისი-სამტრედიის შემოვლითი გზის იმ მონაკვეთის ფოტო ატვირთა, სადაც ცალმხრივიდან მოძრაობა ორმხრივი ხდება.

„ეს არის ქუთაისი-სამტრედიის შემოვლითი გზის მონაკვეთი. ზუსტად ნამდვილად არ ვიცი, რა ადგილზე მოხდა ის საზარელი ავარია, რომელსაც 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მაგრამ კონკრეტულად ეს ადგილი წარმოადგენს მომატებული რისკის ადგილს. ამ ადგილზე სრულდება ცალმხრივი მოძრაობა და ძალიან მოკლე მონაკვეთში (ისე, რომ ავტომობილი ვერ ასწრებს სისწრაფის ,,დაგდებას”) დიდი სისწრაფით მოძრავი ავტომობილები ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდებიან,“ – წერს ოგბაიძე.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავჯდომარე გიორგი სეთურიძე კი ამბობს, რომ გზის ამ მონაკვეთზე საერთაშორისო წესებიდან გამომდინარე ყველა ნორმა დაცულია. ამასთან, აქ სიჩქარის შეზღუდვაცაა დაწესებული – 90  კმ/სთ.

„ქუთაისი-სამტრედიის  შემოვლით გზაზე არის მხოლოდ და მხოლოდ სატრანსპორტო კვანძები, რომლებიც, შეიძლება ითქვას, რომ ოთხზოლიანია. რაც შეეხება ისეთ ადგილს, რომ უცაბედად გზა ოთხზოლიანიდან ორზოლიანში გადადიოდეს, ასეთი არ გვაქვს. ნუ ვეძებთ რაიმე დამატებით მიზეზს,  ამ ავარიის მიზეზი არის უყურადღებობა, სიჩქარის გადაჭარბება და გასწრების დროს  არასწორი მანევრირება,” განუცხადა სეთურიძემ „გურია ნიუსს“.

მისივე თქმით, ოგბაიძეს ძველი გზის გახსნამდე გადაღებული ფოტო აქვს გამოქვეყნებული. მას შემდეგ ამ მონაკვეთზე დამონტაჟებულია ავტოსაგზაო ნიშნები, შეზღუდვები და ა.შ. მისივე ცნობით, ეს ავარია ამ მონაკვეთზე არც მომხდარა.

ცნობისთვის, ქუთაისი-სამტრედიის შემოვლითი ჩქაროსნული მაგისტრალი 15 ივლისს გაიხსნა. საგზაო დეპარტამენტის მიერ მომზადებულ ვიდეოში კი ჩანს, ამ გზის მონაკვეთი, რომლის ამსახველი ფოტოც ოგბაიძემ ატვირთა, სადაც ნათელია, რომ იმ მონაკვეთზე მოძრაობა ორმხრივი ხდება.