ამბები

ხაჯიმბა ფეისბუქის რეგულაციაზე ფიქრობს –  „შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც არავის გააღიზიანებს“

by | Feb 7, 2018

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას განცხადებით, მას ბევრი მიმართავს სოციალური ქსელების აკრძალვის თხოვნით, მოსახლეობაც და დეპუტატების ნაწილიც, ამიტომ ამ საკითხზე მსჯელობა და “შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება”.

ხაჯიმბამ ამის შესახებ სოხუმის მოსახლეობასთან შეხვედრაზე ისაუბრა. მიზეზად კი დაასახელა ის, რომ „სოციალური ქსელებს მეშვეობით ერთმანეთს ტალახს ესვრიან“.

„დიდი ხანი შევეჩვიე, რომ იქ „ასეთად“ თუ „ისეთად“ წარმომაჩენენ, მაგრამ, როდესაც ამას ვაკეთებთ ისეთი ქვეყნების ლიდერების მიმართ, რომელთანაც ურთიერთობას ვამყარებთ, როდესაც მათ შეურაცხვყოფთ, ვამცირებთ – ეს აფხაზი ხალხისთვის ნამდვილი სირცხვილია. სოციალური ქსელებს მეშვეობით ერთმანეთს ტალახს ვასხამთ. ეს სამარცხვინოა. ამიტომ, ბევრი მომმართავს, მათ შორის პარლამენტის დეპუტატები, და მეკითხება სოციალური ქსელების აკრძალვის შესაძლებლობის შესახებ… ალბათ, საერთო აზრამდე  მივალთ და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც არავის გააღიზიანებს“, – განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.

ოკუპირებულ აფხაზეთში რაულ ხაჯიმბას მომხრე ე.წ. დეპუტატების მხრიდან „ფეისბუქის“ აკრძალვის მოთხოვნა მას შემდეგ დაისვა, რაც მათვე რამდენჯერმე უკმაყოფილება გამოთქვეს იმაზე, რომ ძალიან მომრავლდა ყალბი სახელებით დარეგისტრირებული მომხმარებლების რიცხვი, რომლებიც დე ფაქტო ხელისუფლების მიმართ აგრესიულობითა და შეურაცხყოფებით გამოირჩევიან.

ხაჯიმბას მომხრეებმა ჯერ მოითხოვეს შეურაცხმყოფელი პუბლიკაციების ავტორების ვინაობის დადგენა და გასაჯაროვება. ასევე იყო სხვა წინადადებები, რომ მოძებნილიყო გზები და „ფეისბუქზე“ სხვისი სახელით დარეგისტრირება აკრძალულიყო, თუმცა შედეგს ვერ მიაღწიეს. ბოლო კი,  რამდენიმე დე ფაქტო დეპუტატი „ფეისბუქის“  საერთოდ აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა და სწორედ ამას გამოეხმაურა რაულ ხაჯიმბაც.

აფხაზებში აკრძალვის მომხრეებიც ბევრია და მოწინააღმდეგეებიც, რის გამოც ხაჯიმბას ამ განცხადებამ გააფთრებული დისკუსია „ფეისბუქშიც“ გამოიწვია.

 

 

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

February 2018
M T W T F S S
« Jan    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728