ამბები, ამბები-ძველი, უმცირესობები, უმცირესობები-ძველი

ჭელას მინარეთის კონფლიქტი კვლავ გადაუჭრელია

by | Nov 12, 2013
minaret_-_stored

მინარეთის დემონტაჟი ჭელაში (DF Watch.)

სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟის ირგვლივ კონფლიქტი ჯერ კიდევ არ გადაწყვეტილა. ადგილობრივები განაგრძობენ ბრძოლას, რომ მინარეთი თავის ადგილს დაუბრუნდეს. აცხადებენ, რომ კონსტიტუციაში არსებული რელიგიის თავისუფლების მუხლი მათ იცავს.

მინარეთი, რომელიც ზაფხულში სოფელ ჭელაში მდებარე მეჩეთთან დაამონტაჟეს, მეორე დღესვე მოხსნეს. ამან გამოიწვია კონფლიქტი მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე, ათწლეულების განმავლობაში მშვიდობიანად და მეგობრულად ცხოვრობდნენ.

მეჩეთი ჭელაში

სამცხე-ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე ამბობს, რომ ამ რეგიონში 3000-მდე მუსლიმი ოჯახი ცხოვრობს და ათი მეჩეთი ფუნქციონირებს, თუმცა ოფიციალური სტატუსი არც ერთ მეჩეთს არა აქვს. ოფიციალურად ისინი რეგისტრირებულია, როგორც ჩვეულებრივი სახლები, მათ შორის ჭელას მეჩეთი. ვაშაყმაძის თქმით, მეჩეთები დროის განმავლობაში ნადგურდებოდა. რამდენიმე მათგანს ელექტროენერგია გამოურთეს, ზოგი დიდი ხანია არ ფუნქციონირებს, ზოგს როგორც საწყობს ისე იყენებენ, ზოგს კი თავლებად; ზოგი უბრალოდ მოუვლელობის გამო განადგურდა. მუსლიმებმა რამდენჯერმე მიმართეს მთავრობას, რომ მოეპოვებინათ უფლება, ამ მეჩეთებისთვის მიეხედათ, თუმცა უარი უთხრეს.

ჯამბულ აბულაძე, ჭელას მეჩეთის იმამი, იხსენებს 2006 წელს, როდესაც მათ სოფელში მეჩეთი არ იყო. დავით ჩოგაძე, სოფლის მკვიდრი, კერძო სახლს აშენებდა, რადგანაც ძმასთან ერთად ცხოვრობდა და სურდა, საკუთარი სახლი ჰქონოდა. პირველი სართული ააშენა, მაგრამ მისი ძმა სხვა სოფელში გადავიდა საცხოვრებლად და სახლის მშენებლობა შეჩერდა.

ადგილობრივმა მუსლიმებმა მას სთხოვეს, რომ მიეყიდა მშენებარე სახლი, რომელიც მეჩეთად გადაკეთდებოდა. მშენებლობა 2008 წელს დასრულდა. მას ადგილობრივი მოსახლეობა აშენებდა. 2008 წელს, როცა მშენებლობა თითქმის დასრულდა, მღვდელმა ზარზმის მონასტრიდან შეკრიბა 150-მდე ადამიანი და სცადა მეჩეთის დანგრევა, თუმცა უშედეგოდ.

Mosque in Chela (DFWatch)

მინარეთის დემონტაჟი ჭელაში (DF Watch.)

ჩოგაძე ასევე იხსენებს, რომ ჭელა რეგიონში სამაგალითო სოფელი იყო, რადგანაც არასოდეს ყოფილა კონფლიქტი მუსლიმ და ქრისტიან მოსახლეობას შორის. დადიოდნენ ერთმანეთის ქორწილებში, პანაშვიდებზე; ცხოვრობდნენ მეგობრულად. მისი თქმით, ნიკოლოზ გეწაძე, რომელიც ზარზმის მონასტერში მსახურობს, ეწინააღდეგებოდა ჭელას მეჩეთს და ოთხჯერ სცადა ხელი შეეშალა მისი მშენებლობისთვის. ის ამტკიცებდა, რომ მეჩეთი ხმაურს გამოიწვევდა.

„წლებია, აქ მეჩეთი დგას და არასოდეს ჩაგვიტარებია ხმამაღალი ლოცვა,“ განაგრძობს ჩოგაძე, „არასდროს მოვქცეულვართ ასე, რადგანაც არ გვინდოდა, ადგილობრივ ქრისტიანთა უფლებები დაგვერღვია.“

მუსლიმები ამბობენ, რომ სურდათ მინარეთის აგება, რადგანაც ის მეჩეთის განუყოფელი ნაწილია. მუსლიმები არ აპირებდნენ, მინარეთი გამოეყენებინათ თავისი დანიშნულებით, როდესაც მოლა ხმამაღლა იხმობს მომლოცველებს დილის ლოცვაზე.

„ჩვენ გვაქვს მიკროფონიც და დინამიკებიც, მაგრამ არასდროს გამოგვიყენებია ისინი,“ ამბობს ჩოგაძე.

მინარეთის დამონტაჟების გეგმა

მამუკა ვაშაყმაძე იხსენებს, რომ ერთი წლის წინ, როდესაც მუფთიდ დანიშნეს, გაიგო, რომ ადგილობრივ მუსლიმებს წლების განმავლობაში სურდათ, მეჩეთს მინარეთი ჰქონოდა. ისინი ფულსაც კი აგროვებნდენ, რომ მისი მონტაჟი დაეფინანსებინათ.

„მათ სურდათ ნამდვილი მეჩეთი მინარეთით,“ ამბობს ის.

ვაშაყმაძე თურქეთში სწავლობდა და იცოდა კომპანიები, რომლებიც მინარეთს ამზადებდნენ. ის დაუკავშირდა ერთ-ერთ ასეთ კომპანიას და სთხოვა, ჭელაში ინჟინერი გამოეგზავნათ, რომ დაეთვალიერებინა მეჩეთი.

Mufti Mamuka Vashakmadze (DFWatch)

მუფტი მამუკა ვაშაყმაძე (DFWatch)

მინარეთის საძირკველისთვის ორმო მზად იყო, როცა ინჟინერი ჩამოვიდა. გაზომა ადგილი და დაითვალა, რა დაჯდებოდა მინარეთის დამზადება. ჯამში 9 000 დოლარი გამოვიდა. ამ კოპანიას თურქეთსა და ევროპაში მინარეთების დამზადებისთვის ლიცენზია ჰქონდა. ადგილობრივებს მთლიანი თანხა არ ჰქონდათ შეგროვებული, მაგრამ გარანტიისთვის ინჟინერს 500 დოლარი გადაუხადეს.

რამდენიმე თვის შემდეგ კომპანია დაუკავშირდა ჭელას მუსლიმებს და აცნობა, რომ მინარეთი მზად იყო და უკვე გამოეგზავნათ კიდეც. ტვირთი სარფთან, თურქეთ-საქართველოს საზღვარზე იმყოფებოდა. მუსლიმთა ჯგუფი სარფისკენ გაემგზავრა. ერთ-ერთი მათგანი, ჯამბულ აბულაძე, პასუხისმგებელ პირად დარეგისტრირდა. ეს 2013 წლის 14 ივლისს მოხდა.

„ჩვენ მივიტანეთ დოკუმენტები. მიგვითითეს, რომელ კაბინასთან მივსულიყავით. ჩვენ გამოუცდელები ვიყავით ამ პროცესებში და არ ვიცოდით, რა უნდა გაგვეკეთებინა, თუმცა მათი მითითებები შევასრულეთ,“ იხსენებს მუფთი.

მუსლიმებმა 300 ლარი გადაიხადეს სერვისისთვის და 3 175 ლარი სასაზღვრო პროცედურებისთვის. ისინი დაელოდნენ, როდის გაფორმდებოდა საბუთები.

„განბაჟების პროცედურა უპრობლემოდ დასრულდა.“

საძირკველი მზად იყო. 15 ივლისის დილისთვის ცემენტიც მზად ჰქონდათ. 50 ადამიანი მუშაობდა 15-მეტრიანი მინარეთს მონტაჟზე. მუშაობა 48 საათით გაჩერდა, რადგანაც ცემენტი უნდა გამშრალიყო. ამ ხნის განმავლობაში არანაირი პრობლემა არ შექმნილა; არავის გამოუთქვამს პროტესტი. ამის შემდეგ, 18 ივლისს, ამწე მოიყვანეს და დასრულდა მონტაჟის პროცესი. ამჯერადაც ყოველგვარი პროტესტის გარეშე.

ამის შემდეგ მღვდელმა ზარზმიდან, სხვა სასულიერო პირებთან ერთად, დაიწყო ხელმოწერების შეგროვება მოთხოვნით, რომ მინარეთი მოეხსნათ. ის ამტკიცებდა, რომ ეს გამოიწვევდა დიდ ხმაურს და შეაწუხებდა ადგილობრივ ქრისტიანულ მოსახლეობას.

Muslims of Chela (DFWatch)

მუსლიმები ჭელადან (DFWatch)

„სანამ ხელმოწერები შეგროვდებოდა, მინარეთმა გამოარა ამხელა გზა, ამდენი დღის განმავლობაში მონტაჟდებოდა და კაციშვილს ინტერესი არ გამოუჩენია მის მიმართ. პროტესტის ტალღა დაიწყო ამ ხელმოწერებთან ერთად,“ განაგრძობს ჩოგაძე, „ახლა აღარ გვაქვს კონტაქტი. ბავშვები გვეკითხებიან, როგორ მოვექცეთ ქრისტიანული ოჯახების ბავშვებსო.“

ადგილობრივმა თვითმმართველობამ მუსლიმები გააფრთხილა, რომ მათ აკლდათ დოკუმენტები და 30 დღე მისცა მათ შესაგროვებლად. თუმცა ამ დროს შემოსავლების სამსახური გამოჩნდა, რომელმაც დემონტაჟი მოითხოვა იმ მიზნით, რომ ტვირთი, რომელიც თურქეთიდან შემოიტანეს, შემოწმებას საჭიროებდა.

სანამ 30-დღიანი ვადა ამოიწურებოდა, მინარეთი მოხსნეს.

დემონტაჟი და დაპირისპირება

ოთარ მარკოიძე ხელმძღვანელობს ექვს-კაციან კომისიას, რომელიც ჭელას მეჩეთს მართავს. ის იხსენებს 26 აგვისტოს, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარებით მინარეთი მოხსნეს. მარკოიძე სახლში იყო, როდესაც ტელეფონით შეიტყო, რომ მეჩეთთან რაღაც ხდებოდა. მან ასევე შენიშნა ვერტმფრენები, რომლებიც სოფელს მიუახლოვდნენ.

Dismantled Minaret (Samkhretis Karibche)

მოხსნილი მინარეთი (“სამხრეთის კარიბჭე”)

როდესაც მივიდა, ნახა, რომ ხიდი, რომელიც მეჩეთთან 500 მეტრში მდებარეობს, პოლიციას ბლოკირებული ჰქონდა. მეჩეთთან ამწე იდგა და მინარეთის დემონტაჟს ახორციელებდა. ჟურნალისტებს ახლოს არ უშვებდნენ, არც მუსლიმებს. არავინ უპასუხა მათ შეკითხვებს, რა ხდებოდა.

„სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა კაცმა ირონიულად მითხრა, რომ როდესაც საჭიროა, მაშინ გავიგებდით, რა ხდებოდა.“

მარკოიძე ამბობს, რომ ხიდზე სპეცრაზმი იყო მობილიზებული, მეჩეთი კი პოლიციელებით სავსე. მისი თქმით, უფრო მაღალი დონის წარმომადგენლებს სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვათ. მარკოიძე ვარაუდობს, რომ პროვოკაციის მიზნით პოლიციამ ყვირილი დაუწყო მუსლიმებს.

„აჭარლებო, თქვე თათრებო, თქვენი დროც დამთარდაო – გვეუბნებოდნენ. ზოგმა ჩაიწერა ტელეფონით, რა ხდებოდა იქ, თუმცა პოლიციამ წაშალა ეს ფაილები.“

ამ ყვირილის და შეტაკების დროს რამდენიმე მუსლიმს სცემეს, რამდენიმე დააკავეს და ხელები შეუკრეს.

„ხელბორკილიც კი არ დაგვადეს, ხამუტებით შეგვიკრეს ხელები. მე, 63 წლის კაცი, მასწავლებელი, მეც კი მცემეს. რეზინის ჯოხებით მცემეს. დავეცი შეკრული ხელებით. ქუდი და სათვალე დავკარგე,“ იხსენებს მარკოიძე.

ის პოლიციის პიკაპში სხვა ხუთ მუსლიმთან ერთად ჩასვეს და ახალციხის პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს.

იხსენებს, რომ სულ ტალახიანი იყო, შარვალი დაეხა.

„იქ კი გინების ფესტივალი გაგვიმართეს, გვაგინეს განყოფილებაში. განსაკუთრებით კი გელა კოხოძე, პოლიციის უფროსი, აგინებდა ყველას.“

Injured during clashes with police (Samkhretis Karibche)

პოლიციასთან შეტაკებაში დაშავებულები. (“სამხრეთის კარიბჭე”.)

მიუხედავად იმისა, რომ ტალახით იყვნენ დასვრილნი, სუფთა სკამებზე დასვეს ოთახში, სადაც ტელევიზორი იდგა. ახალი ამბები გადიოდა პირდაპირ ეთერში. ჭელას ამბებს გადმოსცემდნენ. დაკავებულები უყურებდნენ ახალ ამბებს, პოლიციელები კი იგინებოდნენ და აგინებნენ ჟურნალისტებს, ვინც ეს სიუჟეტი მოამზადა.

21 ადამიანი დააკავეს. სამი მათგანი სისხლის სამართლის კოდექსით არის ბრალდებულნი. ვახტანგ მარკოიძეც ერთ-ერთი მათგანია. ის 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს.

„ახლაც არ ვიცი რატომ, რადგანაც არაფერი ჩაგვიდენია.“

მუსლიმები ვარაუდობენ, რომ ისინი, ვისაც ძლიერად სცემეს, გაუშვეს, ნაკლებად დაშავებულებს კი მძიმე ბრალდება წარუდგინეს.

„არ გამომიშვეს პოლიციიდან სანამ კარგად არ გამწმინდეს, ჩამაცვეს, რადგანაც გარეთ ბევრი ხალხი იყო შეკრებილი.“

18 წლის რაინდი შანთაძეს, ასევე სს ბრალდება აქვს წაყენებული. იხსენებს, რომ პოლიციას არ გაუწია წინააღმდეგობა. იკითხა, რა ხდებოდა და ცდილობდა, მეჩეთი დაეცვა.

„ამის შემდეგ პოლიციამ დაიწყო ცემა და გინება. დამიჭირეს და პიკაპით წამიყვანეს პოლიციაში. მანქანაში მცემეს. ოთხი პოლიციელი იჯდა ჩვენთან ერთად,“ ყვება შანთძე. „მითხრეს, რომ უნდა მოვინათლო და არ უნდა ვიყო მუსლიმი.“

Raindi Shantadze (DFWatch)

რაინდი შანთაძე. (DFWatch.)

25 წლის გენადი აბაშიძე ხიდზე იყო, როდესაც მინარეთი საბოლოოდ მოხსნეს. ამან შეშფოთება გამოიწვია ხალხში, ვინც ხიდის იქით იდგა. სიტყვიერი შეურაცხყოფა დაიწყეს პოლიციელებმა და ადგილობრივებმა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

„გონება დავკარგე. ამ მდომარეობაში ვიყავი ხელებშეკრული. ხამუტები ხელებს მტკენდა. ვეხვეწეთ, ცოტა მოეშვათ ან ჩვეულებრივი ბორკილები დაედოთ, მაგრამ უშედეგოდ.“

პოლიციის დეპარტამენტში მას უთხრეს, რომ „ქართველი მუსლიმი არ არსებობს.“

„როდესაც გამომძიებელთან მივედი ჩემს ადვოკათთან ერთად, მან მითხრა, რომ ქართველები მარტო ქრისტიანები უნდა იყვნენ.“

რამდენიმე კვირის წინ, სამივე მათგანი სასამართლოში წარსდგა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ კრიმინალური დევნა შეწყდებოდა. ბრალდება მოეხსნათ, სანაცვლოდ კი სასჯელი შეიცვლებოდა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ან სხვა მსუბუქი სასჯელით, დაწერა მოგვიანებით „სამხრეთის კარიბჭემ,“ რომელიც ადგილობრივ ამბებს აშუქებს.

პროკურატურა გამოითხოვს საქმეს. სამნი კი დაისჯებიან 40-საათიანი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით. გადახდილი 2000 ლარიანი გირაო კი უკან დაუბრუნდებათ.

ადიგენის გამგებლის დაკავება

მინარეთის დემონტაჟიდან მეორე დღეს პოლიციამ სიმონ პარუნაშვილი დააკავა, რომელიც ადიგენის გამგებელი იყო. პარუნაშვილი, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” წევრია, უფლებამოსილების გადამეტებისთვის და სამსახურისადმი გულგრილობისთვის დააკავეს.

ის, ისევე, როგროც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ფიქრობს, რომ ეს დაკავება ჭელას ინციდენტს უკავშირდება. იხსენებს, რომ მუსლიმებთან ერთად იყო, როდესაც მინარეთს დემონტაჟს ახდენდენ. ის პოლიციის შენობასთან იდგა იმ ღამეს. დილის ექვს საათზე სახლში დაბრუნდა, რომ გამოეცვალა. როდესაც ოფისისკენ მიდიოდა, პოლიციამ დააკავა.

ირწმუნება, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა და ვარაუდობს, რომ სასამართლო გაამართლებს.

„მე ვიყავი გამგებელი და ჩემი ვალი იყო, ხალხთან ვმდგარიყავი. ისინი დააკავეს და მე მათ მხარს ვუჭერდი.“

პარუნაშვილი ფიქრობს, რომ მის დაკავებას ორი მიზეზი აქვს: პირველი, რომ თითქმის ყველა რეგიონში გამგებლები შეიცვალნენ მას შემდეგ, რაც მთავრობა შეიცვალა, ის კი ერთადერთი იყო რეგიონში, ვინც ჯერ კიდევ წინა მთავრობას წარმოადგენდა. მეორე მიზეზი კი იყო მისი მონაწილეობა ჭელას ინციდენტში.

„მე როგორც ვფიქრობ, აქ ჩარეული იყო სახელმწიფო სტრუქტურები და ალბათ, არ მაპატიეს, რომ მე იქ ვიყავი და გამოვეცი ბრძანება მინარეთის დემონტაჟზე მხოლოდ კანონის ფარგლებში, მე ვიცავდი კანონს. ვიდექი არა მთავრობის მხარეს, არამედ – კანონის მხარეს.“

შემოსავლების სამსახური და ადგილობრივი თვითმმართველობა

Zarzma (DFWatch)

ზარზმა. (DFWatch.)

26 აგვისტოს, როდესაც მინარეთი მოხსნეს, შემოსავლების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ მინარეთის დემონტაჟი შემოწმების მიზნით მოხდა, ხოლო შემოწმების შემდეგ მინარეთს შემოსავლების სამსახური დაამონტაჟებდა.

განცხადების თანახმად, ინდმეწარმე ჯამბულ აბულაძემ 14 ივლისს მინარეთის ასაწყობი ლითონის კონსტრუქცია თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოიტანა. შესწავლის შემდეგ შემოსავლების სამსახურს გაუჩნდა ეჭვი, რომ საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში მითითებული საქონლის არასწორად კლასიფიცირებას შეეძლო გამოიწვია იმპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება. ამ ოდენობის შემცირების დადგენა ფიზიკური დათვალიერებისა და შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის გარეშე შეუძლებელია.

„ვინაიდან მინარეთის კონსტრუქციის წონა და სასაქონლო კოდი შესაძლოა არ შეესაბამებოდეს დეკლარირებულ მონაცემებს, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით, 26 აგვისტოს მოხდა მისი დემონტაჟი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მინარეთის კონსტრუქციის დემონტაჟს და შემდგომ მის აღდგენით სამუშაოებს უზრუნველყოფს შემოსავლების სამსახური,“ ვკითხულობთ განცხადებაში.

ამის პარალელურად, ადიგენის თვითმმართველობაც სწავლობდა მინარეთის საკითხს. მათ გადაწყვიტეს, რომ მუსლიმები უკანონო მშენებლობისთვის 200 ლარით დაეჯარიმებინათ.

გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ მართლმადიდებელ და მუსლიმ მოსახლეობას შორის კონფლიქტი არასოდეს ყოფილა.

მისი თქმით 23 აგვისტოს ადგილობრივმა თვითმმართველობამ საბუთი გამოსცა მინარეთის დემონტაჟის შესახებ. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ადგილობრივმა ქრისტიანულმა მოსახლეობამ და სასულიერო პირებმა პოლიციას განცხადებით მიმართეს, რომელსაც თან ახლდა მოსახლეობის ხელმოწერები. პოლიციამ შეისწავლა საკითხი და დაასკვნა, რომ მინარეთი უნებართვოდ იყო დამონტაჟებული.

ზაზა ზიმზიბაძე, ადიგენის მუნიციპალიტეტის ადოკატი, ხსნის, რომ პოლიციამ მოიტანა განცხადება ასეულობით ხელმოწერით. ისინი მოითხოვდნენ საკითხის შესწავლას და ამტკიცებდნენ, რომ მინარეთი უნებართვოდ დაამონტაჟეს.

მათ გამოსცეს გაფრთხილება მინარეთის მფლობელისთვის და სთხოვეს, წარმოედგინა საბუთები, რომ მათ ჰქონდათ ნებართვა, რომ უკანონო მშენებლობა გამხდარიყო კანონიერი.

„ისინი არ დაემორჩილნენ ჩვენს მოთხოვნას,“ ამბობს ადვოკატი. 5 აგვისტოს მათ მუსლიმებს მისცეს ათი დღე, რომ მოეპოვებინათ ნებართვა. 19 აგვისტოს მომზადდა დათვალიერების აქტი, სადაც აღნიშნული იყო, რომ ისინი არ დაემორჩილნენ ამ მოთხოვნას.

ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაეჯარიმებინათ მუსლიმები და მინარეთის დემონტაჟი განეხორციელებინათ. 20 აგვისტოს გამოიცა ეს ბრძანება, მაგრამ მუსლიმებს მიეცათ სამი დღე, რომ თვითონ მოეხსნათ მინარეთი.

სამი დღე გავიდა, მაგრამ არ მოხსნეს. 24 აგვისტოს მუნიციპალიტეტმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება მოხსნის შესახებ, მაგრამ ამ გადაწყვეტილების აღსრულება უკვე ეროვნული აღსრულების ბიუროს ეკისრება. იყო პარასკევი, ამიტომაც ბიუროს ინფორმირება ორშაბათამდე ვერ მოხერხდებოდა. ორშაბათს კი შემოსავლების სამსახურმა მინარეთის დემონტაჟი შსს-ს დახმარებით განახორციელა.

მშენებლობის ნებართვა და კანონი

Local Orthodox rallying against minaret (Samkhretis Karibche)

ადგილობრივი ქრისტიანები მინარეთის დადგმას აპროტესტებენ. (“სამხრეთის კარიბჭე”.)

მუფთი მამუკა ვაშაყმაძე ამბობს, რომ როდესაც მინარეთი საქართველოში მოიტანეს, მან მიმართა ჯემალ პაქსაძეს, სრულიად საქართველოს მუფთის, თხოვნით, რომ მათ სჭირდებოდათ ნებართვა. პაქსაძემ უთხრა, რომ საქართველოში არ არის კანონი, რომელიც არეგულირებს მინარეთების მონტაჟს და ის ასეთ ნებართვას ვერ მიიღებდა.

„აი, ამიტომ არ მივმართეთ ადგილობრივ თვითმმართველობას, რადგანაც კანონი არ იყო. გვეგონა, აზრი არ ჰქონდა.“

კანონი არც მეჩეთების მშენებლობას არეგულირებს, ამიტომაც არის, რომ თითქმის ყველა მეჩეთი რეგისტრირებულია, როგორც ჩვეულებრივი საცხოვრებელი შენობა – სახლი.

„მუფთიმ მითხრა, რომ, როგორც სახლი ვაქციეთ მეჩეთად, ასევე შეგვეძლო დაგვედგა მინარეთი, როგორც ნაგებობა და ასეც მოვიქეცით.“

მუსლიმები ამის მაგალითად ასახელებენ ბათუმის ორთაჯამე მეჩეთს, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა რეგისტრირებულია როგორც მეჩეთი და არანაირი პრობლემა არ შექმნილა.

ჭელას მუსლიმები აცხადებენ, რომ სცოდნოდათ, ასეთი სკანდალი მოჰყვებოდა მინარეთის დადგმას, არ დადგამდნენ მას, თუმცა მიაჩნიათ, რომ, რაც მოხდა, მათი უფლებების დარღვევაა. ფიქრობენ, რომ ეს არ ღირდა კარგი მეზობლების და მეგობრების დაკარგვის ფასად.

გიორგი გოცირიძე, რომელიც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას წარმოადგენს, გვიხსნის, რომ ნებისმიერი სახის ნაგებობისთვის მთავრობისგან ნებართვაა საჭირო.

განმარტავს, რომ მინარეთის მოხსნის მიზეზი იყო ტვირთის წონის განსაზღვრა, რამდენად დიდი წონის ტვირთი გადმოიტანეს საზღვარზე.

„თუმცა მათ არ ჰქონდათ ამის უფლება. კანონი არ აძლევს შემოსავლების სამსახურს დემონტაჟის უფლებას,“ ამბობს გოცირიძე და განაგრძობს, რომ შემოსავლების სამსახურმა იმით გაიმართლა თავი, რომ გადასახადები არ იყო ბოლომდე გადახდილი, თუმცა ტვირთი საბაჟომ უპრობლემოდ გაატარა.

„ის თურქეთიდან შემოიტანეს. ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება თურქეთთან და არ უნდა ვიხდიდეთ გადასახადებს ტვირთის შემოტანისთვის თურქეთიდან, მხოლოდ დღგ-ს, მაგრამ ისინი ამტკიცებენ, რომ მუსლიმებს მეტი უნდა გადაეხადათ, ეს კი ნიშნავს, რომ ისინი არასწორად უკეთებენ კანონს ინტერპრეტაციას.“

კონფლიქტის შესაძლო მიზეზები

Muslims of Chela (DFWatch)

მუსლიმები ჭელადან. (DFWatch.)

ყველა მხარეს თავისი არგუმენტი და მოსაზრება აქვს, ვინ არის პასუხისმგებელი ამ კონფლიქტში. ზოგი ფიქრობს, რომ ამის უკან “ნაციონალური მოძრაობა” დგას, რომელიც კონფლიქტს საკუთარი პიარისთვის იყენებს. სხვებს მიაჩნიათ, რომ ეს მთავრობის ბრალია, ზოგს კი სჯერა, რომ მართლმადიდებლური ეკლესია დგას კონფლიქტის უკან.

გივი ენდელაძე, ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარე და ნაციონალური მოძრაობის წევრი, ამბობს, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ არაფერი იცოდა, სანამ კონფლიქტი დაიწყებოდა.

„ამიტომაც ვფიქრობ, ნაციონალური მოძრაობა არაფერ შუაშია.“

მისი თქმით, ზოგიერთს სურს, ეს კონფლიქტი პოლიტიკურ ჩარჩოში მოაქციოს. მისი აზრით კი კონფლიქტი გამოიწვია იმან, რომ მინარეთი დაიდგა იმ რეგიონში, სადაც მინარეთი არასოდეს ყოფილა.

„მათ ჰქონდათ სალოცავი ადგილი და არავინ უშლიდათ,“ ამბობს გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, „არ ვიცი, რამ გამოიწვია ეს, რატომ წავიდა ხალხი მათ წინააღმდეგ, როცა მინარეთი დაამონტაჟეს.“

დავით ჩოგაძე, მუსლიმი ჭელადან, იხსენებს, რომ მუსლიმები ეხმარებოდნენ ქრისტიან მოსახლეობას, რომ აეშენებინათ ეკლესია და მონაწილეობას იღებნენ მშენებლობაში, ასევე მასალითაც ეხმარებოდნენ.

DSC_0364

მუსლიმები ჭელადან. (DFWatch.)

„გვგონია, რომ მორწმუნე ხალხი ცუდს არ გააკეთებს, იმის მიუხედავად, რა რწმენისაა. ჩვენ მეზობლებს პროტესტი არ გამოუთქვამთ, როდესაც დავამონტაჟეთ მინარეთი, მაგრამ ზოგიერთმა ხელი მოაწერა იმ განცხადებას, რომლითაც მის დემონტაჟს მოითხოვდნენ.“

ჯამბულ აბულაძე კი ამბობს, რომ საქართველოს კონსტიტუცია იძლევა რელიგიის თავისუფლების გარანტიას.

„ამიტომაც გვგონია, რომ ჩვენ კანონი არ დაგვირღვევია და თუ კი რამე დავარღვიეთ, შეეძლოთ დავეჯარიმებინეთ,“ ამბობს ის, „მაგრამ აქ მეორე საკითხიც არის: საქართველო (რეალურად) არის თეოკრატიული ქვეყანა. ეს მთავრობა არ იღებს გადაწყვეტილებებს. არის კონსტიტუცია, მაგრამ ბოლო სიტყვა საპატრიარქოს ეკუთვნის ამ ქვეყანაში.“

მას მიაჩნია, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია პრივილეგირებულია, რადგანაც მათ მიიწვიეს მუფთი ჯემალ პაქსაძე საპატრიარქოში, იმის მაგივრად, რომ სამთავრობო ორგანოებში მისულიყო და ხელი მოაწერინეს შეთანხმებაზე, რომ მინარეთი არ დაბრუნდებოდა ჭელაში და დასაწყობდებოდა, სანამ ქვეყანაში არ იქნებოდა კანონმდებლობა, რომელიც ამ საკითხს დაარეგულირებდა.

„თუ საპატრიარქო ასეთ ბრძნებებს იძლევა, ცხადია, ასე გაგრძელდება. გადაწვეტილება საპატრიარქომ მიიღო და არა მთავრობამ.“

მუსლიმებს არ ჰგონიათ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” დგას ამ ინციდენტის უკან. ფიქრობენ, რომ ეს არის იმის შედეგი, რომ “მთავრობა საპატრიარქოს ბრძანებებს ასრულებს.”

„როცა პროტესტი გამოვხატეთ ბათუმში, რომ მინარეთი აღედგინათ, საპატრიარქომ გადაწყვიტა, დაესაწყობებინა მინარეთი. მათ დაუძახეს ჯემალ პაქსაძეს, რომ ხელი მოეწერა ამ შეთანხმებაზე. ამის შემდეგ ზარზმის მოძღვარმა განაცხადა, რომ ის იქნება გარანტი, რომ მინარეთი ჭელაში არასოდეს დაიდგმება.“

ბექა მინდიაშვილი, რომელიც უმცირესობათა საკითხებზე მუშაობს, აცხადებს, რომ ჭელას ინციდენტი რელიგიური უფლებებისა და ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევა იყო, რომელიც გამოიწვია მთავრობის არაადეკვატურმა ჩარევამ. მისი თქმით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ მიიღო გადაწყვეტილება, მოეხსნა მინარეთი, მაგრამ შემოსავლების სამსახურმა დაასწრო, მიუხედავად იმისა, რომ ამის უფლება არ ჰქონდა. მიიჩნევს,, რომ ინიციატივა ზარზმის მონასტრიდან მოდის.

მინდიაშვილს მიაჩნია, რომ მთავრობამ არ გააკეთა საკმარისი რელიგიური კონფლიქტების პრევენციისთვის. მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნებამდე ოპოზიცია იყენებდა ისლამოფობიურ რიტორიკას კამპანიის დროს და, როდესაც გაიმარჯვა, ქსენოფობებს მწვანე შუქი აენთოთ და მათ იფიქრეს, რომ ყველაფერი შეეძლოთ.

„ეს დაიწყო ნიგვზიანში, გაგრძელდა სამთაწყაროში, თეთრიწყაროში და შემდეგ უკვე ჭელაში,“ ამბობს ბექა მინდიაშვილი, „ეს იმის შედეგია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა და სამართალდამცავები ამ პრობლემებს ადეკვატურად არ ეხმაურებიან. მთავრობას რომ გადაედგა რეპრესიული ნაბიჯები ნიგვზიანის პრობლემის გადასაჭრელად, პროცესი გაჩერდებოდა.“

Archimandrite Nikoloz of Zarzma (DFWatch)

ზარზმის არქიმანდრიტი ნიკოლოზი. (DFWatch.)

მისი თქმით, პრობლემა გამოწვეულია პოლიტიკური და რელიგიური ავტორიტეტების და არა ადგილობრივი უბრალო მოსახლეობის მიერ.

არქიმანდრიტი ნიკოლოზი ზარზმის მონასტერიდან ამბობს, რომ სამოცი წლის განმავლობაში მუსლიმი და ქრისტიანი მოსახლეობა ჭელაში ერთად ცხოვრობდა. მიიჩნევს, რომ არასწორი იყო მინარეთის დადგმა ქრისტიანების დაუკითხავად.

„თუ რამეს გეგმავდნენ, უნდა მიემართათ საპატრიარქოსთვის, ხალხისთვის, მთავრობისთვის და შემდეგ დაედგათ,“ ამბობს არქიმანდრიტი და განაგრძობს, რომ როცა მართლმადიდებელი ხალხი ეკლესიებს აშენებენ, მათ არ სჭირდებათ ამის ნებართვა საქართველოში, მაგრამ მეჩეთი და მინარეთი სხვა თემაა.

მისი თქმით, არავის აუკრძალავს მუსლიმებისთვის, რომ ელოცათ ჭელაში.

როინ თაქთაქიშვილი, მართლმადიდებელი, რომელიც მინარეთის წინააღმდეგ მოწყობილი აქციის თანაორგანიზატორი იყო, ამბობს, რომ მინარეთის მალულად დადგმა იყო პროვოკაცია, რამაც დაძაბულობა შვა.

„პროვოკაციაა, როცა მინარეთი დაამონტაჟეს ერთ ღამეში, როცა არავინ არაფერი იცოდა ამაზე.“

თაქთაქისშვილს სჯერა, რომ მინარეთი არ არის მეჩეთის ნაწილი, ის არის მოლასთვის, რომ მან ხმამაღლა უხმოს მომლოცველებს.

„ჩვენი უფლებები ირღვევა, ქრისტიანების,“ ამბობს ადგილობრივი ქრისტიანი ქალბატონი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. მისი აზრით, რომ საპატრიარქომ უნდა გადაწყვიტოს, მისცეს თუ არა ნებართვა მინარეთის დადგმაზე, და, თუ საპატრიარქო გასცემს ამ ნებართვას, ისინი დაემორჩილებიან.

ადგილობრივი ქრისტიანები ამბობენ, არავის უკრძალავენ ლოცვას, უბრალოდ ქრისტიანების ინტერესებს იცავენ.

„მუსლიმები ცხობრობენ აქ, მაგრამ ისინი არიან სტუმრები და მათი რელიგიაც სტუმარია. მათ უნდა იცხოვრონ იმ წესებით, რომელიც აქ არის და არ მოუწოდონ მომლოცველებს ხმამაღლა, რომ მივიდნენ და ილოცონ მეჩეთში და არ შეაწუხონ ადგილობრივი მოსახლეობა.“

გამოსავალი

Tariel Nakaidze (DFWatch)

ტარიელ ნაკაიძე. (DFWatch.)

თითქმის ყველა, ადიგენის მუნიციპალიტეტისა და მართლმადიდებელთა დაჯგუფების ჩათვლით, თანხმდება, რომ ყველაზე სწორი გამოსავალი იქნება, რომ მომზადდეს კანონმდებლობა, რომელიც ამ საკითხს დაარეგულირებს. მუსლიმები კი ფიქრობენ, რომ მთავრობამ კონსტიტუციით უნდა იხელმძღვანელოს.

ტარიელ ნაკაიძე, მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელი, ფიქრობს, რომ, თუ მინარეთის დადგმის ნებართვას არ მიიღებენ, ეს იქნება ნიშანი, რომ საქართველოში დემოკრატიას სერიოზული პრობლემა აქვს.

„საბედნიეროდ, ქართველმა მუსლიმებმა მოახერხეს, რომ დაეწყნარებინათ ყველა და გადაეტანათ პრობლემა დიალოგის ფორმატში.“

მისი თქმით, მოხდარში მთავრობაა დამნაშავე.

ამჟამად, მინარეთი სოფის მახლობლადაა დალუქული. ეს იყო საპატრიარქოსა და მუსლიმებს შორის შეთანხმების შედეგი, რომელსაც, საიას ადვოკატის თქმით, არანაირი კანონიერი ძალა არ აქვს.

მუსლიმები გეგმავენ, რომ საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა განაგრძონ და თუ საჭირო გახდება, საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება მიიპყრონ.

მათ მიიღეს დაპირება მთავრობისგან, რომ მინარეთი დაუბრუნდება მეჩეთს, მხოლოდ საჭირო საბუთებია მოსაგროვებელი. არავინ იცის, როდის მოხდება ეს და არავინ იცის, დაბრუნდება თუ არა მინარეთი მეჩეთზე.

„სამხრეთის კარიბჭის” ცნობით, ორი კვირის წინ მუსლიმებმა ადიგენის მუნიციპალიტეტს მიმართეს, რომ აღედგინათ მინარეთი. წერილი ჯემალ პაქსაძემ შეიტანა.

Sealed minaret nearby Chela (DFWatch)

ჭელასთან დასაწყობებული მინარეთი. (DFWatch.)

„,მე ძალიან დიდ პატივს ვცემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, მეუფეებს, ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მეუფე თეოდორეს, იმედი მაქვს, რომ დაპირისპირება არ მოხდება, ჩვენ ტოლერანტულები ვართ და ყოველგვარი არეულობა გამორიცხულია. პოლიტიკური მიზნით ერთმანეთს არ უნდა დავუპირისპირდეთ და არ უნდა ავყვეთ პროვოკაციას. რაც შეეხება მინარეთს, აღდგენის შემდეგ იქიდან არანაირი მოწოდება არ იქნება, ამაზე შეთანხმებულები არიან იქაური ქრისტიანები და მუსლიმები. ჩვენ გვინდა მშვიდობა და მშვიდობიანი თანაცხოვრება, ისევე როგორც ეს წლების განმავლობაში იყო,“ – აცხადებს ჯემალ პაქსაძე.

ადილობრივი მუნიციპალიტეტის მონაცემებით, ადიგენში 55 სოფელია. 20 მათგანში არის მუსლიმი დასახლება, საიდანაც 12-ში მუსლიმები არიან უმრავლესობაში. ადიგენში 22 047 მოსახლეა, 3000 მათგანი მუსლიმია.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

November 2017
M T W T F S S
« Oct    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930