ამბები

ცხინვალში გაიმართა  მიტინგი მოთხოვნით, რომ ტატუნაშვილის ცხედარი თბილისს არ გადაეცეს

by | Mar 6, 2018

(sputnik-ossetia.ru)

ცხინვალში საპროტესტო მიტინგი გაიმართა, სადაც 400-მდე ადამიანი შეიკრიბა, უმეტესად ახალგაზრდები, რომლებიც ითხოვდნენ, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი არ გადაეცეს ოჯახს, ვიდრე საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგულ  და დაღუპულ ოსებს არ მოძებნიან  და ცხინვალს არ გადასცემენ.

როგორც ოსური მედია წერს, აქციაზე სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს ხელში ტრანსფარანტები ეჭირათ წარწერით: „საქართველო, დაგვიბრუნე ჩვენი შვილების ცხედრები“; „ევროკავშირო, არ დაუჭირო მხარი საქართველოს მიერ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ ტერორს“; „საქართველო პასუხისმგებელია უგზო-უკვლოდ დაკარგულ 145 ოსზე“.

ოსური მედიის ცნობით, ცხინვალში მიტინგი მიძღვნილი იყო „გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი და უგზო-უკვლოდ დაკარგულებისადმი“ და ამ მიტინგზე ინტელიგენციის წარმომადგენლები, სტუდენტები და უფროსკლასელები უკმაყოფილებას გამოხატავდნენ იმის გამო, რომ თბილისი ამხელა ხმაურს ერთი გარდაცვლილის გამო ტეხავს იმ დროს, როდესაც ასობით ოსი იყო ქართველების მსხვერპლი. ამიტომ ჯერ „ოსი გარდაცვლილები დააბრუნონ“ და შემედგ მოხდეს ტატუნაშვილის ცხედრის გადაცემა ოჯახისათვის.

მიტინგზე გაიხსენეს 2008 წელის უგზო-უკვლოდ დაკარგული სამი ოსი ახალგაზრდა – ალან ხუგაევი, ალან ხაჩიროვი და სოლტან პლიევი და თქვეს, რომ ისინი ქართველმა სპეცრაზმელებმა მოიტაცეს და ოჯახს წევრებმა 10 წელია არ იციან, ისინი ცოცხლები არიან თუ გარდაცვლილები.

გარდა ამისა, მიტინგზე ორმაგ სტანდარტებში ბრალი დასდეს დასავლეთსაც. ითქვა, რომ თბილისში ხელისუფლებმა, ჟურნალისტები და საზოგადოება მკაცრად ითხოვენ ერთი მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადაცემას და არავინ სცემს პასუხს და არავინ ინტერესდება საქართველოში მოკლული ოსების ნეშთების გადმოცემაზე.
ორგანიზაცია „სამშობლოს დამცველთა“ ლიდერი და “დეპუტატი” ამირან დიაკონი გამოვიდა მოწოდებით, რომ სრული დაიხუროს „საზღვარი საქართველოსთან“, რადგან მისი თქმით, დღეს თბილისიდან გამოგზავნილ დივერსანტებს თავისუფლად შეუძლიათ ცხინვალში შემოსვლა და ტერაქტის დაგეგმვა, ამის დადასტურებაა „ახალგორში ხიდზე აღმოჩენილი ასაფეთქებელი მოწყობილობა“.

ცნობისათვის, 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე – არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. 12 დღეა ოჯახი ცხედრის გადმოსვენებას ელოდება. ცხინვალის რეჟიმი აცხადებს, რომ ტატუნაშვილი დივერსიის მოწყობას გეგმავდა და მათ ამის დამადასტურებლად ცხინვალი-ახალგორის დამაკავშირებელ ხიდზე ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობაც იპოვეს.

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის უფროსი დიმიტრი სანაკოევი DFWatch-თან საუბრისას ამბობს, რომ ეს მიტინგი ცხინვალის რეჟიმის მოწყობილია და აქციაზე გაკეთებული განცხადებები არაადეკვატურია.

„ჩვენს ვიცით, რომ სამი ოსი ახალგაზრდაა დაკარგული და ოსური მხარის განცხადების საფუძველზე თბილისში სს გამოძიებაც მიმდინარეობს, მაგრამ ვერაფერი ვერ დადგინდა. ისიც არ არის დადგენილი, რომ ეს ახალგაზრდები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გაუჩინარდნენ. არაადეკვატურია, რომ თურმე მოსახლეობას ახლა გაახსენდა 10 წლის წინანდელი ამბავი. აშკარაა, რომ ახლა დე ფაქტო ხელისუფლება ცდილობს ხალხი სპეციალურად შეკრიბოს და აჩვენოს, რომ თითქოს ხალხს არ სურს ცხედრის გადმოცემა, რათა მიზეზი ჰქონდეს კიდევ შეაფერხოს ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა. თუმცა, საბოლოდ მაინც მოხდება ცხედრის გადმოსვენება. მე ამის იმედი მაქვს,“ – ამბობს სანაკოევი.

 

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

June 2018
M T W T F S S
« May    
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930