ამბები

ცხინვალი “საზღვარზე” სასწრაფო დახმარების მანქანებსაც ზღუდავს

by | Nov 14, 2017

სასწარაფოს მანქანები ახალგორში (cominf.org).

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში სასწრაფო დახმარების მანქანების თბილისში გამოტარებაზე ახალი არაფორმალური წესი ამოქმედდა. აკრძალულია ახალგორში არსებული სასაზღვრო პუნქტი სასწრაფო და მძიმე ავადმყოფებისთვის გაიხსნას სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, ღამის 8-იდან დილის 8 საათამდე და, ასევე, შაბათ-კვირას.

ინფორმაციას “ეხო კავკაზა” ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ეს შეზღუდვები უკვე თითქმის ერთი თვეა მოქმედებს, მაგრამ ახალგორში მცხოვრები აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის თქმით, ამის შესახებ მისთვის შემთხვევით გახდა ცნობილი, როცა მისი ნაცნობი ახალგაზრდა კაცი შეუძლოდ გახდა და ოჯახმა ახალგორის სასწრაფო გამოიძახა იმ მიზნით, რომ ავადმყოფი თბილისის კლინიკაში გადაეყვანათ.

სასწრაფო დახმარების ავადმყოფების თბილისში გადაყვანაზე შეზღუდვას ადასტურებს ახალგორის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მთავარი ექიმი ჯემალ ბედოევი. ამბობს, რომ ოფიციალური დოკუმენტით არანაირი აკრძალვა არ არის, მაგრამ არასამუშაო საათებში და დასვენების დღეებში თბილისისკენ უბრალოდ არავის უშვებენ.

„მესაზღვრეები ამბობენ, ზევით იკითხეთო,“ -ამბობს ბედოევი.

ამ აკრძალვამდე წლებია სასწრაფო დახმარების პაციენტებისთვის ახალგორის გამშვები პუნქტი დღე-ღამის ნებისმიერ დროს იხსნებოდა და მანქანას ავადმყოფით დაუყოვნებლივ ატარებდნენ. ოსური მხარის პოზიციით, ეს იყო არაფორმალური წესები, რომელიც ადამიანების მიმართ ჰუმანურ დამოკიდებულებას ეფუძნებოდა და ახლა რატომ შეიცვალა, ახალგორელებისთვის გაუგებარია.

თამარ მეარაყიშვილი იმ რამდენიმე მიზეზსაც ასახელებს, თბილისიდან რატომ იძახებენ სასწრაფო დახმარებას ახალგორელები და არა მაგალითად ცხინვალიდან, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დედაქალაქადაა გამოცხადებული.

მისი თქმით, პირველი მიზეზი ისაა, რომ სამხრეთ ოსეთში მედიცინა დაბალ დონეზეა და თავად ცხინვალელებიც კი, რომლებსაც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვთ, ან თბილისში მიდიან ან ვლადიკავკაზში. მეორე მიზეზი მანძილია. ახალგორიდან ცხინვალი შორსაა,საათნახევარი სჭირდება გზას, თბილისში ნახევარ საათში შესაძლებელია ჩასვლა. სასწრაფო ავადმყოფებისთვის კი დრო გადამწყვეტია. ამიტომ ახალგორში ყველა სასწრაფო გამოძახების შეტყობინება მიდის თბილისშიც. დე ფაქტო საზღვარზე პაციენტი მიჰყავს ახალგორის სასწრაფო მანქანას, შემდეგ მას გადააბარებს ქართულ საგანგებო მობილურ გუნდს, რომელიც ყველანაირადაა აღჭურვილი, რომ კლინიკაში მიყვანამდე დაუყოვნებლივ დაუწყოს ავადმყოფს დახმარება.

“ეხო კავკაზას“ ცნობით, 2013 წელს “საზღვარზე” არგატარების გამო ავადმყოფი მამაკაცი გარდაიცვალა. მაშინ ეს აკრძალვა ახალგორის იმჟამინდელმა დე ფაქტო გამგებელმა ჯემალ ჯირკაევმა დაუწესა სოფელ წინაგარის მცხოვრებლებს იმის გამო, რომ ადგილობრივებმა მის წინააღმდეგ ცხინვალში, “პრეზიდენტის” სახელზე საჩივრის წერილი გაგზავნეს.

ამ ინციდენტის შემდეგ სასწრაფო შემთხვევებისთვის ახალგორში არსებული საოკუპაციო გამშვები პუნქტი ავადმყოფებისთვის ნებისმიერ დროს იხსნებოდა.

ცნობისათვის, ცხინვალის რეჟიმი დიდი ხანია უკმაყოფილებას გამოხატავს, რომ „რესპუბლიკის“ მოქალაქეები სამკურნალოდ თბილისში დადიან. მიაჩნიათ, რომ ეს არის თბილისის პოლიტიკის ნაწილი და მათ ავადმყოფები კი არ ადარდებთ, არამედ სურთ ამით აფხაზებსა და ოსებზე ზეგავლენა მოახდინონ.

თუმცა პარალელურად სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმის ხელმძღვანელები თავადაც აღიარებენ, რომ ჯანდაცვის სფეროს განვითარება ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევაა მათთვის, თანამედროვე სამედიცინო მომსახურების შექმნას ათეული წლები სჭირდება, ადამიანების სიცოცხლე კი გადასარჩენია, ამიტომაც ისინი ან ვლადიკავკაზში მიდიან, ან – თბილისში და ამის აკრძალვა არ შეიძლება.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

November 2017
M T W T F S S
« Oct    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930