ამბები

ცხინვალის მინისტრის ევროტური

by | Oct 25, 2017

დიმიტრი მედოევი იტალიის “ჩრდილოეთის ლიგის” წამომადგენლებთან, ელიზეო ბერტოლაზისა (მარცხნივ) და პალმარინო ზოკატელისთან. (http://www.mfa-rso.su)

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი 23 ოქტომბერს კატალონიაში იმყოფებოდა. როგორც ცხინვალის საგარეო უწყება აცხადებს, „ვიზიტი ოფიციალური იყო“ და ბარსელონაში „სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობა გაიხსნა“.

ბარსელონაში საქართველოს ვიცე-კონსული ლიკა ახალბედაშვილი პასუხად ამბობს, რომ ეს არის „კერძო პირის კერძო მოგზაურობა“ და „არანაირი ოფიციალური წარმომადგენლობა არ გახსნილა“.

DFWatch-თან საუბრისას ვიცე კონსული ამბობს, რომ ინფორმაცია ყველა მიმართულებით გადაამოწმა და გაარკვია, რომ ბარსელონაში სახელმწიფო უწყებებთან, ან ოფიციალურ პირებთან არანაირი შეხვედრა და კომუნიკაცია არ ყოფილა.

„თავადაც აცხადებენ, რომ ოსი ეროვნების თანამემამულეებს შეხვდნენ. ცალსახაა, რომ ეს არ იყო რაიმე ვიზიტი, როგორც უნდათ რომ გაასაღონ. ეს იყო კერძო პირის კერძო მოგზაურობა. ვერანაირი „წარმომადგენლობა“, რომელსაც დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან რაიმე საერთო ექნება, ვერ შეიქმნება. ესპანეთის სამეფო არ ცნობს ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმებს და ამ ორ რეგიონს საქართველოს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს,“- აცხადებს ვიცე კონსული ახალბედაშვილი.

ცნობისათვის, ესპანეთის ავტონომიურ რეგიონში, კატალონიაში, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთიდან სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლის ჩასვლაზე ინფორმაცია 24 ოქტომბერს გავრცელდა.

„დიმიტრი მედოევი კატალონიაში თანამემამულეებს შეხვდა, რომლებიც ინარჩუნებენ კავშირებს სამშობლოსთან და ცდილობენ, სამხრეთ ოსეთის შესახებ დასავლეთში სწორი ინფორმაციის გავრცელებაში საკუთარი წვლილი შეიტანონ,“ – აცხადებენ ცხინვალის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში.

როგორც ოსური მედია წერს, თანამემამულეებთან შეხვედრაზე მედოევმა განაცხადა, რომ  კატალონიაში მიმდინარე პროცესები ინტერესს იწვევს სამხრეთ ოსეთში, მიზეზად კი დაასახელა ის, რომ  26 წლის წინ “სამხრეთ ოსეთის ხალხმა ასევე გადადგა მსგავსი გარდამტეხი პოლიტიკური ნაბიჯები საკუთარი სახელმწიფოებრიობის დასაარსებლად“.

დე ფაქტო საგარეო უწყება  აცხადებს, რომ 23 ოქტომბერს ბარსელონაში „სამხრეთ ოსეთის  საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობის ოფისი გაიხსნა“, რომელმაც კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობები უნდა გაააქტიუროს.

ცნობისათვის, ბოლო ერთ 10 დღეა მედოევი ევროპაში შეხვედრებს მართავს. დე ფაქტო საგარეო უწყების ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, მას 14-იდან 22 ოქტომბრამდე შეხვედრები ჰქონდა ვენეციაში, რომში, ვერონაში, ფლორენციაში, და სან-მარინოში. როგორც დიმიტრი მედოევი ამბობს, „ეს იყო სამუშაო ვიზიტი“ და „სამხრეთ ოსეთი“ გეოგრაფიის გაფართოვებას და კონტაქტების დამყარებას გეგმავს იმ ქვეყნებში, სადაც ოსური დიასპორაა. მედოევი რუსულ მედიასთან საუბარში ამბობს, რომ ის პეზარო-ურბინოს პროვინციის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ალბერტო დრუდიმ მიიწვია.

ამ ვიზიტს თბილისშიც გამოეხმაურნენ სტანდარტული განცხადებით, რომ იტალია აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და „დე ფაქტო მინისტრის შეხვედრები იტალიაში არის მხოლოდ კერძო პირის კერძო ვიზიტი“.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

November 2017
M T W T F S S
« Oct    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930