ამბები

ქართველ სასულიერო პირებს იმ ტაძრებთანაც არ უშვებენ, სადაც მანამდე პრობლემა არ ექმნებოდათ

by | May 7, 2018

(IPN.ge)

ატენისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია, რომელიც ბოლო 4 წელია, გორის მუნიციპალიტეტის ოკუპირებულ სოფელ აძვის წმინდა გიორგის ტაძარში სასულიერო პირებთან ერთად გიორგობის დღესასწაულზე წირვას ატარებდა, წელს ოსმა სეპარატისტებმა სოფელში არ შეუშვეს. უფრო მეტიც, ცხინვალის რეჟიმმა გაავრცელა განცხადება, სადაც ქართველი სასულიერო პირები პროვოკაციაში დაადანაშაულა და დაიმუქრა, თუ შესვლას მაინც შეეცდებოდნენ, მათ დააკავებდნენ.

„გავრცელდა განცხადება ცხინვალის ადმინისტრაციის მიერ, თითქოს საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლები კონფლიქტის განვითარების პროვოცირებას ახდენენ. მივდიოდით ბავშვებთან და ქალებთან ერთად ტაძარში და ეს თუ შეიძლება ჩაითვალოს პროვოცირებად, გაუგებარია,“ – განაცხადა მიტროპოლიტმა ანდრიამ სოფელ აძვის ეკლესიაში, სადაც აძვისთავში არ შეშვების შემდეგ ჩაატარა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებული წირვა.

ის იმედს გამოთქვამს, რომ მომავალ წლებში ქართველები და ოსები, ყველანი ერთად, აძვისთავის ეკლესიაში იზეიმებენ წმინდა გიორგის დღესასწაულის.

აძვისთავის ტაძარი 2008 წლის შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული და ქართულ მოსახლეობას მიახლოება აკრძალული აქვს. ბოლო 4 წელი გიორგობის დღესასწაულზე მოსალოცად იქ მხოლოდ სასულიერო პირებს უშვებდნენ, თუმცა წელს ცხინვალის რეჟიმმა ატენისა და გორის მიტროპოლიტი გააფრთხილა, რომ სასულიერო პირებსაც არ გადაეკვეთათ ე.წ. „საზღვარი”.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელი პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევი ოსურ მედიასთან აცხადებს, რომ მათ მიიღეს ინფორმაცია საქართველოს მართლმადიდებელი სასულიერო პირების მიერ სოფელ აძვისთავის ეკლესიაში წირვის ჩატარების განზრახვაზე და საქმე ეხებოდა „საზღვრის“ უკანონო გადაკვეთის მცდელობას. მან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასაც მოუწოდა, მიიღონ საჭირო ზომები არასასურველი შედეგის პრევენციისთვის.

გარდა ამისა, ჯიოევი ამბობს, რომ ჟენევის დისკუსიებში არაერთხელ მიმართეს ქართულ მხარეს წინადადებით, რომ ერთობლივი მუშაობით მოხდეს „ორ სახელმწიფოს შორის საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაცია“.

ოსური მედიის ინფორმაციით, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების ზეიმთან დაკავშირებით ე.წ. საზღვარი იკეტება 7 მაისის 20 საათიდან 10 მაისის 8 საათამდე.

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

May 2018
M T W T F S S
« Apr    
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031