ამბები

სოხუმის რეჟიმი გალელებზე გააფხაზების კუთხით წნეხს აძლიერებს

by | Jul 21, 2018

„მირზაყანის აფხაზთა“ ყრილობა. გალი, 2018 წლის 19 ივლისი.

აფხაზეთში მოქმედი ორგანიზაცია „მირზაყანის (იგივე სამურზაყანოს) აფხაზთა საბჭო“ გალის რაიონის მოსახლეობას მოუწოდებს, კარგად გაარკვიონ საკუთარი წარმომავლობა და დაიბრუნონ “ძირძველი, პირველადი აფხაზური გვარები და აფხაზური ეროვნება”.

19 ივლისს გალის დღესასწაული ჩატარდა, სადაც ადგილობრივი მოსწავლეების კონცერტი გაიმართა, თუმცა დე ფაქტო ხელისუფლების მთავარი ღონისძიება იყო 139 გალელისთვის ეროვნება „აფხაზის“ მინიჭება და მათთვის ე.წ. აფხაზური პასპორტის საზეიმოდ გადაცემა.

ამ ღონისძიებას ორგანიზატორობდა „მირზაყანის აფხაზთა საბჭო“, რომელიც 2014 წელს შეიქმნა. ის ბოლო 2 წელია ძალიან განსაკუთერბით აქტიურობს და 19 ივლისს, გალის დღესასწაულზე ატარებს კონგრესს.

საბჭოს თავმჯდომარე თენგიზ ინალ-იფას თქმით, მისმა ორგანიზაციამ ხელისუფლების დახმარებით ჩაატარა  ჩაატარა მონიტორინგი, რომელმაც დაადგინა, რომ გალის რაიონის საზღვრებში დაახლოებით 1 200 მკვიდრი აფხაზური ოჯახი, 45-ზე მეტი აფხაზური გვარი ცხოვრობს და მათი საერთო რაოდენობა არის 5 000 ადამიანი.

„1994 წლიდან 2014 წლამდე მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა აღადგინა პირველადი გვარი და ეროვნულობა. ხოლო მას შემდეგ, რაც ორგანიზაცია შეიქმნა, ანუ 2014 წლიდან 2017 წლამდე 500-მა ადამიანმა მოითხოვა ძირძველი აფხაზური გვარისა და ეროვნულობის დაბრუნება. მათგან 300 ადამიანს მიეცა ეს შესაძლებლობა. და მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოქალაქეობა მიიღო და დაიბრუნა საკუთარი ეთნიკური ფესვები 139-მა ადამიანმა,” – აცხადებს ინალ-იფა.

კონგრესზე წაიკითხა 139-ივე გვარი და მათ ყველას ე.წ. აფხაზური პასპორტები საზეიმოდ გადასცეს კიდეც. ასევე მიიღეს „მირზაყანის აფხაზთა საბჭოს“ დეკლარაცია.

დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ გალის რაიონის ტერიტორიაზე ძალიან ბევრი აფხაზი ოჯახი ცხოვრობს, რომლებიც სტალინისა და ბერიას დროს ძალით გააქართველეს, ქართულად გადაუკეთეს გვარები და ეროვნებად ჩაუწერეს ქართველი და ახლა მათი მიზანია ყველა ასეთმა „ძალით გაქართველებულმა“ ძირძველმა აფხაზმა გაიხსენოს საკუთარი ფესვები და დაუბრუნოს წინაპრების აფხაზური გვარი და ეროვნება. ორგანიზაციის მიზანი კი არის დაიცვას სამურზაყანოს აფხაზების შთამომავლების ინტერესები და მათი ინტეგრაცია მოხდეს დანარჩენ აფხაზებთან.

აფხაზური პასპორტის გადაცემა. ცენტრში გალის დე ფაქტო გამგებელი თემურ ნადარაია.

ამ კონგრესზე გალის დე ფაქტო გამგებელმა თემურ ნადარაიამ განაცხადა, რომ სტალინის დროს იძულებით ასიმილაციის მსხვერპლები გვარებს იბრუნებენ და ეს პროცესი წარმატებით მიდის.

ცნობისათვის, გალის რაიონის მოსახლეობა აფხაზების 2015 წლის მონაცემებით 30 247-ია და მათგან მხოლოდ 212 ეთნიკურად აფხაზი (0,7%) ცხოვრობს, 98% კი ეთნიკურად ქართველია.

გალის რაიონის მცხოვრები DFWatch-თან საუბრისას ამბობს, რომ რადგანაც აქ ძალიან ცოტაა ისეთი, ვისაც ეროვნებად „აფხაზი“ უწერია,  ეს დე ფაქტო ხელისუფლებას აღიზიანებს და ყველანაირად ცდილობს შეცვალოს დემოგრაფიული მონაცემები ე.წ. საზღვრისპირა რაიონში, რის გამოც მოიფიქრეს მოსახლეობამ მოიძიოს წინაპრების აფხაზური გვარები და მათ ჰპირდებიან, რომ აფხაზად ჩაწერის შემთხვევაში პრივილეგიები ექნებათ.

მისი თქმით, ტყუილია ის, თითქოს აფხაზები სტალინის დროს ძალით გააქართველეს, რადგან საბჭოთა დროს პირიქით ხდებოდა, აფხაზებს ჰქონდათ პრივილეგიები, რის გამოც ბევრმა ქართველმა აფხაზად ჩაიწერა თავი.

„გალის რაიონში არის რამდენიმე გვარი, რომლის წარმოშობა აშკარად აფხაზურია, მაგალითად, ზუგბაია, ბუთბაია და ა.შ. და ადგილობრივი ხელისუფლება მათ ავალდებულებს, რომ ბოლოსართი – ია მოაშორონ გვარს. თუმცა ასეთი აფხაზური გვარები ცოტაა. ბევრად მეტია ქართული წარმოშობის გვარები, რომლებიც აფხაზებად არიან ჩაწერილები. იგივე გალის რაიონის „გამგებლის“ გვარი – ნადარაიაც ქართულია. ასევე აქ ნახავთ აფხაზს, რომლის გვარია წერეთელი, სიგუა და სხვა ქართული გვარები. ქართველების რაღაც ნაწილმა ადრე გადაიკეთეს ეროვნება. ახლა სეპარატისტები ცდილობენ გალის ქართველების რაღაც ნაწილი აიძულოს აფხაზებად ჩაეწეროს, თუმცა ასეთი შემთხვევა ბევრი არ არის. უმეტესად მაინც ის ადამიანები ეწერებიან აფხაზებად, ვისაც აფხაზური წარმომავლობის გვარი აქვს,“ – ამბობს ადგილობრივი გალელი.

მისი თქმით, ქართველების მცირე ნაწილს გალში ე.წ. აფხაზური პასპორტები აქვთ, ასეთებს თავადაც იცნობს, მაგრამ მათ სხვა გამოსავალი არც ჰქონდათ და დიდი წნეხის მიუხედავად არ არის საშიშროებაა, რომ გალელები გააფხაზდნენ.

„ქართველებს აქ სრულფასოვან მოქალაქეებად არ გვთვლიან, ამიტომ ადამიანები იძულებულები არიან, თუკი მოახერხებენ, „აფხაზური პასპორტები“ აიღონ. აფხაზური პასპორტი არის ერთგვარად გადარჩენის საშუალება. აფხაზური პასპორტის ქონა ნიშნავს ბიზნესი აწარმოო, საკუთრების უფლება გქონდეს, წნეხისგან გათავისუფლდე და შედარებით ნორმალურად იცხოვრო. აფხაზეთში არც თუ ცოტა ქართველს გადაუკეთებია ეროვნება აფხაზად და ეს ახლაც ხდება, მაგრამ მასობრივად ეს არ მოხდება,“ – ამბობს გალის მკვიდრი.

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

August 2018
M T W T F S S
« Jul    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031