ამბები, უმცირესობები

სომხების მასობრივი მკვლელობებისადმი მიძღვნილი მემორიალი გაიხსნა

by | Apr 22, 2014
Jughai_khachqar_Tbilisiyum

ხაჩქარის გახსნის ცერემონიალი სურბ ეჩმიაძინის ეკლესიაში.

თბილისში ორშაბათს სომეხთა გენოციდისადმი მიძღვნილი მემორიალი გაიხსნა. ის ქვისგანაა დამზადებული და სურბ ეჩმიაძინის სომხური ეკლესიის ეზოში დგას.

ლევონ ისახანიანმა, სომხური სათვისტომოს წარმომადგენელმა საქართველოში, DF Watch-თან საუბრისას განაცხადა, რომ ხაჩქარი არის ქვა, რომელზეც ჯვარი და ორნამენტებია ამოტვიფრული. ეს არის ხსოვნისადმი მიძღვნილი მონუმენტი, ხოლო საფლავებზე მსგავსი ქვების მოთავსება სომხური ტრადიციაა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში რამდენიმე, სხვადასხვა სიძველის ხაჩქარია შემორჩენილი.

საქართველოში ეს მეორე სომხური ქვის მემორიალია. პირველი რამდენიმე წლის წინ, თბილისში მდებარე სხვა სომხური ეკლესიის წინ მოთავსდა, 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით აქციაზე გამოსული და საბჭოთა ჯარისკაცების მიერ დახოცილი ადამიანების მოსახსენიებლად.

ახალი ხაჩქარი მიძღვნილია იმ სომეხთა ხსოვნისადმი, რომლებიც თურქეთში მეოცე საუკუნის დასაწყისში მასობრივად დახოცეს. ამ მოვლენას, რომელმაც მილიონნახევრამდე ადამიანი იმსხვერპლა, სომხები გენოციდს უწოდებენ და ამის აღიარებას თურქეთისგანაც მოითხოვენ.

ყოველი წლის 24 აპრილს სომხური სათვისტომო საქართველოში თურქეთის საელჩოს წინ აქციებს მართავს და საქართველოს მთავრობისგან გენოციდის აღიარებას მოითხოვს.

მართალია, თურქეთი ოსმალეთის იმპერიაში სომხების მასობრივი დახოცვის ფაქტს აღიარებს, თუმცა ამ მოვლენისთვის “გენოციდის” სტატუსის მინიჭებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

ხაჩქარის გახსნას სხვადასხვა ეკლესიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

„ეს საქართველოს სომხური სათვისტომოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ეს არის დღე, როცა ხაჩქარი პირველად აღიმართა სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა საპატივსაცემოდ,“ თქვა მემორიალის გახსნისას ვაზგენ მირზახანიანმა, სომხური ეკლესიის ეპისკოპოსმა საქართველოში.

„ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოს დამოკიდებულებას ამ დღის მიმართ და გვსურს ეს ხაჩქარი იქცეს საქართველო-სომხეთის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობის სიმბოლოდ,“ დასძინა მირზახანიანმა.

მაშინ, როცა მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ ოსმალეთში მე-20 საუკუნის დასაწყისის მოვლენებს გენოციდის კვალიფიკაცია მიანიჭა, საქართველოში, რომელიც ცდილობს ორ მოსისხლე მტრებთან – სომხეთთანაც და აზერბაიჯანთანაც – კარგი ურთიერთობები იქონიოს, ეს საკითხი სახელმწიფოებრივ დონეზე არასდროს დამდგარა; არსებული სტატუს კვოდან გამომდინარე, არც ოფიციალურ ერევანს მიუმართავს საქართველოს ხელისუფლებისთვის ასეთი თხოვნით.

 

Photo: ხაჩქარის გახსნის ცერემონიალი სურბ ეჩმიაძინის ეკლესიაში

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

August 2017
M T W T F S S
« Jul    
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031