ამბები, ამბები-ძველი, უმცირესობები, უმცირესობები-ძველი

საქართველოს რელიგიური კონფლიქტების არასათანადოდ მოგვარებისთვის აკრიტიკებენ

by | Dec 23, 2013
Samtatskaro 2013-07-05

მუსლიმების ლოცვა სამთაწყაროში. (“ინტერპრესნიუსი”.)

საქართველოს სამ სოფელში მომხდარი რელიგიური კონფლიქტიდან ერთი წლის შემდეგ, არც ქრისტიანები არიან კმაყოფილები იმით, თუ როგორ მოგვარდა პრობლემა და არც მუსლიმები.

ქრისტიანები კონფლიქტის ხელახალ გაღვივებას არ გამორიცხავენ, ხოლო ამ სამი სოფლიდან ერთ-ერთში მუსლიმებს საკუთარი სამლოცველოც არ აქვთ.

ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებებს კონფლიქტის ორივე მხარე სხვადასხვაგვარად აფასებს. ერთ-ერთმა უახლესმა კვლევამ აჩვენა, რომ ადგილობრივი მცხოვრებლები კონფლიქტის მიზეზად პროვოკაციას ასახელებენ, რადგან 2012 წლამდე რელიგიურ ნიადაგზე ამ სოფლებში დაპირისპირება არ ყოფილა.

ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის დაძაბულობის მიზეზი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე სამ სოფელში მეჩეთების მშენებლობა გახდა. ნიგვზიანი, სადაც პირველი კონფლიქტი 2010 წელს მოხდა, დასახლებულია როგორც ქრისტიანი, ასევე მუსლიმი მცხოვრებლებით და მდებარეობს გურიაში, საქართველოს დასავლეთ ნაწილში. სოფლები წინწყარო და სამთაწყარო კი მდებარეობენ, შესაბამისად, ქვემო ქართლსა და კახეთში, აღმოსავლეთ საქართველოში.

პირველი კონფლიქტი ნიგვზიანში

ადამიანის სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) კვლევის თანახმად, კონფლიქტი ნიგვზიანში 2010 წელს დაიწყო, როდესაც მუსლიმებმა გადაწყვიტეს სამლოცველო გაეხსნათ. ადგილობრივი მუფტის, ბადრი კახაძის თქმით, რაიონის მუნიციპალიტეტი მათი გეგმის წინააღმდეგი იყო და მუსლიმებს მეჩეთის ნაცვლად ქობულეთამდე ტრანსპორტირების ორგანიზება შესთავაზა, სადაც ისინი ლოცვას შეძლებდნენ. ეს ფაქტი მედიას არ გაუშუქებია და ყურადღების მიღმა მანამ რჩებოდა, სანამ კონფლიქტი არ გამწვავდა.

დაპირისპირებამ საყოველთაო ყურადღება 2012 წლის 26 ოქტომბერს მიიქცია, როდესაც 150 ქრისტიანმა ლოცვიდან დაბრუნებულ მუსლიმებს გზა გადაუღობა. შეკრებილები მოითხოვდნენ ორი თვით ადრე აშენებული სამლოცველოს დემონტაჟს, სადაც 50-70 მუსლიმი რეგულარულად დადიოდა.

5 ნოემბერს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს კონფლიქტში შუამდგომლობა შესთავაზა.

9 ნოემბერს მუსლიმებმა თავიანთი ტრადიციული ლოცვები მშვიდობიანად აღასრულეს და მალე საკუთარი სამლოცველოს გახსნაც შეძლეს.

ადგილობრივი ქრისტიანები უკმაყოფილონი არიან იმით, თუ როგორ მოგვარდა კონფლიქტი და არ გამორიცხავენ, რომ დაპირისპირება განახლდეს. მათი მტკიცებით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, რომლის ლიდერიც ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იყო, მუსლიმებს ხმების სანაცვლოდ მეჩეთის აგებას დაჰპირდა, თუმცა თავად მუსლიმები ამას უარყოფენ.

მუსლიმები თვლიან, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ კონფლიქტის მოგვარებაში დადებითი როლი ითამაშა, ხოლო ადგილობრივმა – ნეგატიური, რადგან არაფერი მოიმოქმედა.

EMC-სთან ინტერვიუში ერთ-ერთმა ადგილობრიბმა მუსლიმმა თქვა, „ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხალხი ჩვენს წინააღმდგებ განაწყო. კონფლიქტი სახელმწიფომ მოაგვარა.“

ქრისტიანების აზრით კი კონფლიქტი სასულიერო პირებმა მოაგვარეს. ისინი უკმაყოფილონი არიან, რომ მუსლიმებს საკუთარი მეჩეთი აქვთ და მიიჩნევენ, რომ სასულიერო პირებმა პრობლემის ასეთნაირად გადაჭრით, ისინი შეავიწროვეს.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, პოლიცია კონფლიქტის განმავლობაში საკმაოდ პასიური იყო და მოძალადეების შეჩერება არ უცდია. მუსლიმების მტკიცებით, პოლიცია არც მაშინ ჩარეულა, როდესაც მუფტის საშუალებას არ აძლევდნენ სამლოცველოში შესულიყო. და, ხოლოდ მას შემდეგ ამოქმედდნენ, რაც პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული და ჩარევის შესახებ ბრძანება მიიღეს.

რელიგიური კონფლიქტის გაგრძელება წინწყაროში

პირველი ინციდენტი წინწყაროში 2012 წლის ნოემბერში მოხდა, როდესაც მუსლიმებისა და ქრისტიანების საერთო სასაფლაოზე ჯვრები მოჭრეს. განრისხებულმა ქრისტიანებმა ბრალი ადგილობრივი მეჩეთის წინამძღოლ მარად ღორჯომელიძეს დასდეს, რასაც თავად წინამძღოლი უარყოფს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მას.

2012 წლის 30 ნოემბერს, 30 წუთით ადრე ორმოცამდე ადგილობრივი ქრისტიანი, უმეტესად კაცები, მუსლიმთა სამლოცველოში შეიჭრნენ და არ მისცეს ლოცვის საშუალება.

იმავე დღესვე, სოფლის რწმუნებულმა თამაზ მოსიძემ მედიასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ კონფლიქტი უმრავლესობის სასარგებლოდ უნდა გადაწყვეტილიყო, ხოლო მუსლიმთა უფლებები არ დარღვეულა, რამდენადაც მათ საშუალება ჰქონდათ მეზობელ სოფლებში წასულიყვნენ სალოცავად.

დღეისათვის, პარასკევის ლოცვები, რომელსაც 30-მდე მუსლიმი რეგულარულად ესწრება, შეუფერხებლად მიმდინარეობს. დამსწრეთა რიცხვი რელიგიურ დღესასწაულებზე მნიშვნელოვნად იზრდება.

EMC-სთან ინტერვიუში ადგილობრივმა ქრისტიანმა ქალბატონმა თქვა, რომ “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” არჩევნებში ხმების სანაცვლოდ მუსლიმებს ნება დართო თავიანთი სამლოცველო ჰქონოდათ. სამლოცველოს არსებობის შესახებ კი მხოლოდ არჩევნების შემდგომ გახდა ცნობილი.

ქრისტიანებსაც და მუსლიმებსაც მიაჩნიათ, რომ პატრიარქმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კონფლიქტის მოგვარებაში.

სამთაწყაროს კონფლიქტი, რომელიც მუსლიმთათვის ცუდი შედეგით დასრულდა

კიდევ ერთი კონფლიქტი სოფელ სამთაწყაროში, კახეთში, თბილისიდან აღმოსავლეთით, 141 კმ-ში მოხდა და, წინა ორისგან განსხვავებით, გაცილებით ხანგრძლივი და სერიოზული სახე მიიღო. ამ სოფელში მუსლიმებმა ვერ მოახერხეს დაეცვათ პარასკევის ლოცვის აღვლენის უფლება.

2013 წლის 24 მაისს დაახლოებით 50 ქრისტიანი შეიჭრა მუსლიმების ახლად ნაყიდ შენობაში, რომელიც სოფელში მუსლიმთა პირველი სამლოცველო უნდა გამხდარიყო და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მათ. ქრისტიანებმა ხალიჩა, მაგიდა და ყურანი, რომელიც ამ მაგიდაზე იდო, გარეთ დაყარეს.

ინციდენტის დროს სოფლის რწმუნებული გულნარა ნადირაშვილი შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. ჰაჯი სულიკო ხოზრევანიძის თქმით, მომხდარს პოლიციაც ესწრებოდა, თუმცა მათ არაფერი იღონეს.

28 ივნისის შემდეგ პარასკევის ლოცვები სამთაწყაროში აღარ აღუვლენიათ.

სახალხო დამცველის მიერ 7 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სულიკო ხოზრევანიძესთან მივიდნენ, ცინიკურად ელაპარაკებოდნენ, ემუქრებოდნენ, რომ დააპატიმრებდნენ და “ციხეში ამოალპობდნენ”. 8 ივლისს ხოზრევანიძემ სოფელი სამთაწყარო დატოვა.

მუსლიმების მტკიცებით, ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობდა კონფლიქტის ესკალაციას და სოფლის რწმუნებული გულნარა ნადირაშვილი უშუალოდ იყო ჩართული მიმდინარე პროცესებში. ხოზრევანიძის თქმით, ნადირაშვილმა თქვა, რომ ის მუსლიმთა ლოცვის და სამლოცველოს დაარსების წინააღმდეგი იყო.

ნადირაშვილი EMC-სთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ სოფელში კონფლიქტი არ მომხდარა. ის უარყოფს მუსლიმებზე ძალადობის ფაქტებსაც. მისი თქმით, სამთაწყაროში მუსლიმები აღარ არიან.

„(მუსლიმების) უმრავლესობა გაქრისტიანდა, მცირე ნაწილი კი სახლებში ლოცულობს. ამ საკითხთან დაკავშირებით პრობლემა არასდროს გვქონია,“ – თქვა ნადირაშვილმა.

კვლევის თანახმად, რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტის ყოველი ახალი შემთხვევა წინაზე მეტი დარღვევით გამოირჩევა.

EMC-ის მტკიცებით, სახელმწიფომ ვერ შეასრულა ადამიანთა უფლებების დამცველის ფუნქცია, იყო პასიური, არ პასუხობდა დარღვევებს ადეკვატურად და კონფლიქტის გადაწყვეტა სასულიერო პირებს მიანდო. სწორედ მის მიერ გამოჩენილი პასიურობის გამო კონფლიქტი სხვა რეგიონებშიც გავრცელდა.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

November 2017
M T W T F S S
« Oct    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930