ამბები

საქართველომ ცხინვალის რეჟიმს არაოფიციალური ემბარგო დაუწესა?!

by | Mar 13, 2018

(cominf.org)

უკვე სამი კვირაა, რაც ოკუპირებულ ახალგორში თბილისიდან და გორიდან გასაყიდი ტვირთების შეტანა არ ხდება, რის გამოც ცხინვალის რეგიონში ხილისა და ბოსტნეულის დიდი დეფიციტია და ფასებიც მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ახალგორში ამბობენ, რომ ეს სანქცია თბილისმა არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო დააწესა.  

ახალგორის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი DFWatch-თან აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებისაგან არანაირი აკრძალვა არ დაწესებულა, უბრალოდ თავად იმ ადამიანებმა, ვისაც ხილ-ბოსტნეული ახალგორში შეჰქონდა, პროტესტის ნიშნად შეწყვიტეს ვაჭრობა, სანამ ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს არ გადმოგვცემენ.

„ხელისუფლებას არანაირი სანქცია და აკრძალვა არ დაუწესებია. ეს ტყუილია. უბრალოდ ის ბიჭები, ვისაც სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გადაჰქონდა ახალგორში, ყველა ტატუნაშვილის მეგობარია. ისინი ერთად მუშაობდნენ და ახლა პროტესტის ნიშნად არავის არ შეაქვს. ბიჭები ცხედრის გადმოცემას და დაკრძალვას ელოდებიან. როდესაც ეს მორჩება, შემდეგ იფიქრებენ  ამაზე, მანამდე არავინ არაფერს არ შეიტანს. ბიჭებმა თავად გადაწყვიტეს ასე. ქართულ საგუშაგოზე ტვირთებს არავის ართმევენ და ვისაც უნდა, გადააქვს კიდეც. ამას მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით,“ – ამბობს თინიკაშვილი.

განსხვავებულად ფიქრობენ ახალგორში. როგორც იქ მცხოვრები აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ამბობს, ეს სანქცია თბილისმა ტატუნაშვილის გარდაცვალების საპასუხოდ დააწესა  და ახალგორის ე.წ. საბაჟოზე გასაყიდი ტვირთის შეტანა აიკრძალა. ხოლო რადგანაც მთელ ოკუპირებულ რეგიონში სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია ძირითადად სწორედ საქართველოს არაოკუპირებული ნაწილიდან შედიოდა, ხილისა და ბოსტნეულის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

მისივე თქმით, ასევე გაზრდილია წვრილი საყოფაცხოვრებო საქონლის ფასიც, რადგან ახალგორში ესეც თბილისიდან შედიოდა.

„მაღაზიებში პროდუქტების ძველი მარაგი ისევ იყიდება, მაგალითად ისეთი პროდუქტები, რომელიც მალფუჭებადი არ არის: ხახვი, ნიორი, კარტოფილი, დაფნის ფოთოლი, მაგრამ მალფუჭებადი საკვები, როგორიცაა კიტრი, პომიდორი, მწვანილი ახლა ცხინვალიდან ჩამოაქვთ. როგორც მითხრეს, მომწოდებლები იგივეა, მაგრამ აკრძალვის გამო მათ საქონლის ჩამოტანა ზემო ლარსის გამშვები პუნქტიდან, ჩრდილოეთ ოსეთიდან ჯერ ცხინვალში უწევთ, შემდეგ მარაგდება ჩვენი მაღაზიები,“ – ამბობს მეარაყიშვილი.

მისი თქმით, ამიტომაც ფასები ძალიან მომატებულია. მაგალითად, 1 კგ ვაშლი, რომელიც ადრე 100 რუბლი ღირდა (4,3 ლარი), ახლა 170 რუბლი ღირს (7,3 ლარი), ბულგარული წიწაკა 150 რუბლი ღირდა(6,4 ლარი), ახლა ღირს – 250 რუბლი (10,7 ლარი). ამბობს, რომ ეს  ადგილობრივებისთვის ძალიან ძვირია და ამ პროდუქტების ყიდვა მხოლოდ რუს სამხედროებს შეუძლიათ, ქართული მოსახლეობა კი იძულებულია გორსა და თბილისში ჩავიდეს და პროდუქტი იქ იყიდოს, სანამ ეს სანქცია არ მოიხსნება. თუმცა მეარაყიშვილი ამბობს, რომ ქართველი პოლიციელები მოსახლეობას პრობლემებს აქაც უქმნიან.

მისი თქმით, პირად მოხმარებისთვის პროდუქციის შეტანა ახალგორში დაშვებულია, მაგრამ თუკი ქართულ პოსტზე პოლიცია გადაწყვეტს, რომ პროდუქცია იმაზე მეტია, ვიდრე პირადი მოხმარებისთვისაა საკმარისი, ადამიანებს ტვირთს საერთოდ ართმევენ.

ცხინვალში ამბობენ, რომ თუკი თბილისიდან ეს სანქცია გაგრძელდება, ისინი ალტერნატიულ გზებს მოძებნიან, ხილ-ბოსტენულს ყაბარდო-ბალყარეთიდან შემოიტანენ. ვლადიკავკაზის ლოჯისტიკური ცენტრის დირექტორის ვახტანგ ჯირკაევის თქმით, “სამხრეთ ოსეთი ვალდებულია ამ ახალ გარემოებაზე ყურადღება გაამახვილოს”.

არჩილ ტატუნაშვილი ახალგორში 22 თებერვალს ადგილობრივმა დე ფაქტო მილიციამ დააკავა. 23 თებერვალს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების სახელმწიფო კომიტეტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში გულის უკმარისობით გარდაიცვალა. ტატუნაშვილი სასოფლო-სამეურნეო ბიზნესში იყო ჩართული და რამდენიმე წელია ახალგორში ხილ-ბოსტნეული შეჰქონდა.

 

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

September 2018
M T W T F S S
« Aug    
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930