მოსაზრება

რატომ გამახსენა მარნეულში ჩატარებულმა არჩევნებმა აზერბაიჯანი

by | Nov 7, 2017

21 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა არჩევნებს უცხო ქვეყანაში ვაკვირდებოდი. ისე მოხდა, რომ იმ უბნებზე აღმოვჩნდი, სადაც ძირითადად ეთნიკური აზერბაიჯანელები აძლევდნენ ხმას.

მქონდა პატივი, აზერბაიჯანში 8 არჩევნებს დავკვირვებოდი. საქართველოში ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს კი მარნეულის მუნიციპალიტეტში ვაკვირდებოდი. აქ ამომრჩეველთა ძირითადი ნაწილი ეთნიკური აზერბაიჯანელია. ვიყავით სოფლებში: საბირქენდი, თაზაქენდი, ალგეთი და ყიზილაჯლო.

სიმართლე გითხრათ, ამ არჩევნებმა აზერბაიჯანში ჩატარებული არჩევნები გამახსენა: ყიზილაჯლოში, 48-ე საარჩევნო უბანზე ჟურნალისტების მიმართ ადამიანთა ჯგუფის მხრიდან გამოხატული აგრესიის მოწმე გავხდი. ისინი ჟურნალისტებს პროვოკატორებს ეძახდნენ და პროფესიული მოვალეობის შესრულების საშუალებას არ აძლევდნენ.“დამკვირვებლები”, რომლებიც ეთნიკური აზერბაიჯანელები იყვნენ და საკუთარ ვინაობას არ ასახელებდნენ, საარჩევნო უბნის წინ იდგნენ და უბანზეც დაბრკოლების გარეშეც შედიოდნენ.

საქმე იმაშია, რომ  დამკვირვებელს, წესით, ე.წ. ბეიჯი უნდა ჰქონდეს,  სადაც მისი ვინაობა და ის ორგანიზაცია უნდა იყოს აღნიშნული, რომლის წარმომადგენელიცაა. როდესაც ერთ-ერთ მათგანს ვინაობა ვკითხე და ბეიჯის ჩვენება მოვთხოვე, მითხრა, რომ ეს მოწმობა ავტომანქანაში დარჩა. მეორე მათგანი კი ჩემს კოლეგას შეეკამათა და სამსახურიდან დათხოვნითაც კი დაემუქრა. ვინაობა არც მან გაგვიმხილა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ აზერბაიჯანში მიმდინარე არჩევნებს ვაკვირდებოდი. ასეთ მოვლენებს სულაც არ ველოდი იმ ქვეყანაში, რომელიც რეგიონში დემოკრატიის ოაზისად მიიჩნევა.

ჩემი ყურადღება იმ ფაქტმაც მიიქცია, რომ ამომრჩევლები უბნებზე მიკროავტობუსებით მოჰყავდათ. ამ ყველაფრის ორგანიზატორებიც ეთნიკური აზერბაიჯანელები იყვნენ. საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ კი განაცხადა, რომ ამომრჩევლების ორგანიზებული ტრანსპორტირების მთავარი მიზანი ხალხის დახმარება იყო. თბილისში ათამდე საარჩევნო უბანზე ვიყავი. მიკროავტობუსი არცერთი უბნის წინ არ მინახავს. ერთ-ერთ უბანზე დამკვირვებელს ვკითხე, ამომრჩევლები იქაც მიკროავტობუსით ხომ არ მიიყვანეს. დამკვირვებელმა მითხრა, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით უბანზე ამომრჩევლების მიყვანა კანონდარღვევაა და ასეთ დარღვევას იქ ადგილი არ ჰქონია.

ხელიდან არ გავუშვი იმ ეთნიკურ აზერბაიჯანელებთან გასაუბრების შანსი, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობდნენ. ერთ-ერთი მათგანი საიად ჰაჯიევი იყო. ამბობდა, რომ ახლანდელი ხელისუფლება არ მოსწონდა. ამიტომაც ვიფიქრე, რომ ის ხმას რომელიმე ოპოზიციურ პარტიას და მის კანდიდატს მისცემდა. თუმცა, საიადმა გვითხრა, რომ მმართველ პარტიას მისცა ხმა, არგუმენტად კი ის მოიყვანა, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელია და ზედმეტ პრობლემებს ერიდებოდა. რაც მთავარია, ის ფიქრობდა, რომ საქართველოში პოლიტიკური აქტიურობა და რამის შეცვლა მათი კი არა, არამედ ეთნიკური ქართველების ვალია. სამწუხაროდ, საქარველოში მცხოვრები ბევრი ეთნიკური აზერბაიჯანელი საიადივით ფიქრობს. სწორედ ეს არის რეალურად იმის მიზეზი, რომ ისინი საქართველოს სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ინტეგრირებულები არ არიან.

გლობალიზაციის პირობებში უამრავი ადამიანი მიდის სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად. ისინი იქ იქაურ ენას, კულტურას და ადათ-წესებს სწავლობენ, ინტეგრაციისკენ ისწრაფვიან და საბოლოო ჯამში იმ საზოგადოების წევრები ხდებიან, სადაც არიან. საქართველოში დაბადებული და გაზრდილი აზერბაიჯანელები კი საკუთარ თავს ამ ქვეყანას ჯერ კიდევ ვერ აკუთვნებენ. შესაძლოა, ეს იყო იმის მიზეზიც, რომ  მარნეულში ჩატარებულმა არჩევნებმა აზერბაიჯანი გამახსენა.

ხაიალ აზიზოვი

სტატია მომზადებულია “თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის” პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და ფონდის – “ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის” ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორთა პოზიციას.

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

November 2017
M T W T F S S
« Oct    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930