ამბები

პუტინს ყველაზე მეტი მხარდამჭერი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჰყავს

by | Mar 21, 2018

რაულ ხაჯიმბა აფხაზეთში რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ერთ-ერთ უბანზე (“ეხო კავკაზა”).

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმების 90%-ზე მეტი მიიღო, აფხაზეთში – 94%, ცხინვალის რეგიონში – 93%. ამ პროცესში ირონიულია ის, რომ „დამოუკიდებელი აფხაზეთისა“ და სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტებმა“ მისცეს ხმა და აირჩიეს სხვა ქვეყნის – რუსეთის პრეზიდენტი.

რუსეთის არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ განცხადებები ორივე ოკუპირებული რეგიონის ლიდერმა, რაულ ხაჯიმბამ და ანატოლი ბიბილოვმა, გააკეთა და ხაზი გაუსვეს, რომ „ძლიერ პრეზიდენტს“ უჭერენ მხარს, რითიც პუტინის საარჩევნო სლოგანს გამოეხმაურნენ.

18 მარტს რუსეთის ფედერაციაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, ხმათა 76,6%-ით (56 მილიონზე მეტი ხმა) პრეზიდენტი ისევ ვლადიმირ პუტინი გახდა.

საარჩევნო უბნები გახსნილი იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზეც. ორივე რეგიონში ამომრჩევლების ზუსტი რაოდენობა უცნობია.  აფხაზეთში სულ 20 დე ფაქტო საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. კენჭისყრაში მონაწილეობა 41 849 ადამიანმა მიიღო.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის ელჩის სემიონ გრიგორიევის განცხადებით, აფხაზეთში რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებში ვლადიმირ პუტინს 39 427-მა ადამიანმა მისცა ხმა, რაც კენჭისყრაში მონაწილეთა 94,2%-ია და მისი თქმით, „აფხაზეთში პუტინმა 20%-ით მეტი ხმა მიიღო, ვიდრე რუსეთის ტერიტორიაზე“.

მეორე ადგილზე გავიდა კომუნისტი პაველ გრუდინინი 1029 ხმით (2,46%); ვლადიმირ ჟირინოვსკიმ მიიღო – 654 ხმა (1,56%); სერგეი ბაბურინმა – 286 ხმა (0,68%); ქსენია სობჩაკმა – 247 ხმა (0,59%) მაქსიმ სურაიკინმა – 98 ხმა (0,24%); გრიგორი იავლისკიმ – 65 ხმა (0,15%) და ბორის ტიტოვმა – 45 ხმა (0,1%).

აფხაზურ მედიაში საუბრობენ იმაზე, რომ პუტინის კანდიდატურა უკონკურენტო იყო, ხოლო ვლადიმირ ჟირინოვსკი აფხაზეთში მიუღებელი ფიგურაა მისი ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადების შემდეგ, როდესაც მან თქვა, რომ როგორც აფხაზეთი, ასევე სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში უნდა შევიდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ფინანსურ დახმარებას არ უნდა იღებდნენ.

„გინდათ ჩვენთან – გახდით კრასნოდარის მხარის სოხუმის რაიონი, წინააღმდეგ შემთხვევაში დარჩებით დამოუკიდბელ ბომჟებად”,- განაცხადა 2016 წლის სექტემბერში ჟირინოვსკიმ, რასაც სოხუმში დღესაც არ ივიწყებენ.

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში 13 დე ფაქტო საარჩევნო უბანი იყო გახსნილი.  სეპარატისტულმა რეჟიმმა არჩევნებთან დაკავშირებით 2 დღით ახალგორთან ჩაკეტა ე.წ. საზღვარიც. ადგილობრივი მედიის ცნობით, არჩევნების შედეგების საბოლოო და კონკრეტული მონაცემები მოგვიანებით გამოცხადდება, თუმცა წინასწარი ცნობით არჩევნებში მონაწილეობა 17 500-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო და მათგან 92,8%-მა (16 000-ზე მეტმა ადამიანმა) ხმა პუტინს მისცა.

ოსური მედია წერს, რომ რუსულმა დიპლომატიურმა მისიამ ყურადღება გაამახვილა ამომრჩეველთა მაღალ აქტივობაზე და აღნიშნა, რომ აქტივობა 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით 20% -ით მეტი დაფიქსირდა.

ცხინვალის რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ “რესპუბლიკის“ მოსახლეობის დაახლოებით 98%-ს რუსეთის მოქალაქეობა აქვს, ამიტომაც რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები მათი არჩევნებიცაა და დასძინა, რომ „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ საბოლოო მიზანი სწორედ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლაა. ბიბილოვმა პუტინი ცხინვალში დაპატიჟა „რუსეთის მხრიდან სამხრეთ ოსეთის აღიარების 10 წლის აღსანიშნავ ზეიმზე.“

ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება და 33 საარჩევნო უბნის უკანონოდ გახსნა დაგმო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ამ ფაქტს „საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი და მათი ფაქტობრივი ანექსიისაკენ გადადგმული მორიგი უკანონო ნაბიჯი“ უწოდა.

 

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

July 2018
M T W T F S S
« Jun    
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031