prosecutors_office_Cropსაქართველოს პროკურატურამ პრეზიდენტის და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებაში მითითებულ ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

როგორც პროკურატურის განცხადებაში წერია, „გუშინ პრეზიდენტ გ. მარგველაშვილის მიერ ტელევიზიით საჯაროდ გაკეთდა განცხადება, რომლის მიხედვითაც მისი ოჯახის წევრის მიმართ სამართალდამცველთა მხრიდან ადგილი ჰქონდა ზეწოლის მცდელობის ფაქტს, რაც გამოიხატა ხსენებული პირის მიმართ, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებების წარმოებაში“.

ვითარებაში გარკვევის მიზნით მთავარი პროკურატურამ მოქალაქე მინდია გოგოჭურის მიმართ შს სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან განხორციელებულ შესაძლო ზეწოლის ფაქტზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ნიშნებით დაიწყო გამოძიება, სს კოდექსის 333-ე მუხლის I ნაწილით, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამავდროულად, მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება საკონსტიტუციო სასამართლოში სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით სასამართლოს საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უხეში ჩარევის, ასევე პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და გამოყენების შესაძლო ფაქტებზე სს კოდექსის 364-ე მუხლის II ნაწილითა და 157/1 მუხლის I ნაწილით.

„საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გ. პაპუაშვილის მიერ ტელევიზიის საშუალებით საჯაროდ გაკეთდა განცხადება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების მიმართ ხორციელდება მიზანმიმართული ზეწოლა, რათა ზეგავლენა მოახდინონ მიმდინარე სამართალწარმოების პროცესში მოსამართლეების გადაწყვეტილებებზე, ასევე, რომ ხსენებული მიზნის მისაღწევად შეიძლება გასაჯაროვდეს მოსამართლეების პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

„საჯარო განცხადების გაკეთებიდან მოკლე ვადაში გ. პაპუაშვილს გაეგზავნა შეთავაზება, პროკურატურაში გამოცხადებისა და მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის დეტალებში გარკვევის მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ამ უკანასკნელმა თანხმობა განაცხადა პროკურატურის შეთავაზებაზე, საბოლოოდ მან შეცვალა პოზიცია, უარი განაცხადა თანამშრომლობაზე და პროკურატურაში გამოცხადებაზე.

„პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების მიმართ შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტების გადამოწმების მიზნით”, – წერია პროკურატურის განცხადებაში.

გიორგი მარგველაშვილმა ორშაბათს, 25 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან, გიორგი პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ ავლაბრის რეზიდენციაში ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პაპუაშვილმა მას მოსამართლეებზე წნეხის კონკრეტულ ფაქტებზე მიაწოდა ინფორმაცია, რამაც სამწუხაროდ არ გააოცა, რადგან მისი ოჯახის წევრზეც იყო ზეწოლის მცდელობა. ამ სკანდალური განცხადებას გამოეხმაურა შს სამინისტრო ოფიციალური განმარტებით და თქვა, რომ ჩხრეკა ჩატარდა პრეზიდენტის გერთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მამაკაცის, ადრე „რამდენჯერმე ნასამართლევი“ მინდია გოგოჭურის სახლში და ეს ყველა კანონის დაცვით მოხდა.