ამბები, ამბები-ძველი, უმცირესობები, უმცირესობები-ძველი

ოზურგეთელი იეჰოვას მოწმეები ამბობენ, რომ მოსახლეობა მათ მიმართ კეთილგანწყობით არ გამოირჩევა

by | Feb 1, 2014
Giorgi Arbolishvili

გიორგი არბოლიშვილი (DF Watch.)

ოზურგეთში 1 იანვარს მომხდარი შემთხვევა, როცა უცნობები პირები ოზურგეთში იეჰოვას მოწმეების მანქანასა და მათი შეკრების ადგიილს დაესხნენ თავს, პირველი არ ყოფილა. „სამეფო დარბაზს“ ორი წლის წინაც ჩაუმტვრიეს ფანჯრები.

მაშინ დამნაშავეები მალევე იპოვეს, თუმცა რადგან ზარალი 150 ლარს არ ასცდენია, პოლიცია მხოლოდ მათი სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა.

„ეტყობა ამან ისინი წაახალისა,“ ამბობს გიორგი არბოლიშვილი, იეჰოვას მოწმეების წარმომადგენელ, რომლის თქმითაც, ხალხი მათ მიმართ შემწყნარებლობას არ იჩენს.

გურიის ცენტრალურ ქალაქ ოზურგეთში, სადაც 20 000-მდე მაცხოვრებელია, სულ 70-მდე იეჰოვას მოწმე ცხოვრობს.

აქ ხალხს აქვს პატარა სახლები და მეგობრულ-კეთილმეზობლური ურთიერთობა ერთმანეთთან. სამეფო დარბაზი ერთ-ერთ ასეთ პატარა სახლშია მოწყობილი, თუმცა, როგორც გიორგი არბოლიშვილი ამბობს, მათ მიმართ მოსახლეობა კეთილგანწყობით არ გამოირჩევა.

არბოლიშვილმა DF Watch-ს უთხრა, რომ იეჰოვას მოწმეები რამდნეიმე წელია ამ სახლში იკრიბებიან და რამდენიმე ინციდენტი 1 იანვრამდეც მომხდარა.

„ღვთის სიტყვა გვასწავლის მიმტევებლობას და როცა შესაძლებლობა გვაქვს, აუცილებლად ვპატიობთ,“ თქვა მან და დასძინა, რომ რელიგია ძალიან დელიკატური თემაა და ხშირად ხდება დაპირირსპირების მიზეზი, ამიტომაც არ ასაჩივრებენ ყველა ვერბალურ შეურაცხყოფას თუ წვრილმან დანაშაულს.

„მაგრამ, როდესაც საქმე მიდის ვანდალიზმამდე ან შეურაცხყოფამდე, ჩვენ აუცილებლად მიგვაჩნია პოლიციის ჩაევა.“

პოლიციამ უკვე დაადგინა იმ პირთა ვინაობა, ვინც მანქანის მინები ჩაამსხვრია, თუმცა ჯერ უცნობია, დაისჯებიან ისინი თუ არა. გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. იმ დღეს, როდესაც არბოლიშვილი ჩვენ გვესაუბრა, ის ახალი დაბრუნებული იყო პოლიციის განყოფილებიდან, სადაც ჩვენება მისცა. ამბობს, რომ გამომძიებელი დაინტერესებულია საკითხით და ცდილობს გაარკვიოს, სინამდვილეში რა მოხდა.

„დღეს მითხრეს, რომ გამოძიება წარმატებით მიმდინარეობს და იმედი მაქვს, კარგადაც დამთავრდება,“ თქვა მან. „ორი ფანჯარაა ჩამსხვრეული. ახალი მანქანა იყო და ალბათ საკმაოდ ძვირი დაჯდება გაკეთება.“

Kingdom's Hall in Ozurgetei (Dfwatch)

იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზი ოზურგეთში (DF Watch.)

არბოლაშვილის თქმით, პირველ იანვარს მათ ქუთაისიდან იეჰოვას მოწმეები ესტუმრნენ და მანქანა სამეფო დარბაზის წინ გააჩერეს. როდესაც ავტომობილის მფლობელი გარეთ გავიდა და გამვლელებისგან სცადა გაეგო, ვინ ჩაამსხვრია მინები, მათგან წამოუდგენელი აგრესია მიიღო.

მადონამ, სამეფო დარბაზის წინ მდებარე მაღაზიის 35 წლის გამყიდველმა, გვითხრა, რომ ინციდენტის დროს მას შესვენება ჰქონდა და არაფერი უნახავს, თუმცა პოლიციის განყოფილებაში მაინც რამდენჯერმე დაიბარეს.

მისი თქმით, შემთხვევა დღისით მოხდა, მანქანა კი სამეფო დარბაზის ჭიშკართან იყო გაჩერებული. მადონამ ისიც აღნიშნა, რომ პოლიციას თავიდან მის უბნელ ბიჭებზე ჰქონდა ეჭვი.

„შემდეგ აღმოჩნდა, რომ სხვა უბნის ბიჭებმა ჩაამსხვრიეს მინები,“ – თქვა მან და დაამატა, რომ პოლიციამ უკვე იცის დამნაშავე ბავშვების ვინაობა, თუმცა თვითონ ის არ იცნობს მათ.

მადონამ აღნიშნა, რომ მას არ მოსწონს იეჰოვას მოწმეების სიახლოვე და ამას არც მალავს, თუმცა ეს არაა მისი საქმე.

„ვერ ვიტყვი რომ მომწონს, არ მომწონს. თან იმდენი მანქანა ჩერდება აქ, როცა კრებები აქვთ… ყველა მეკითხება, რა ხდება? დავიღალე,“ თქვა მან, თუმცა დაამატა, რომ სხვა არაფრით წუხდება და იეჰოვას მოწმეების შეკრებები მისი საქმე არაა.

ჩვენ ვეცადეთ შევხვედროდით ბესო მგელაძეს, გამომძიებელს, რომელიც აღნიშნულ საქმეზე მუშაობს, რათა გაგვერკვია ახალი დეტალები, გაგვეგო დაისჯებიან თუ არა დამნაშავეები ამჯერად, თუმცა მან ჩვენი მიღება არ ისურვა.

მანქანაზე თავდასხმის შემდეგ, გიორგი არბოლიშვილი, რამდენიმე სხვა იეჰოვას მოწმესთან ერთად მივიდა იმ ბავშვების ოჯახებში, ვინც, მისი აზრით, მონაწილეობდა ინციდენტში, რათა მათთვის აეხსნა ამ ქმედების შედეგები.

„(მშობლები) უფრო აგრესიულები აღმოჩნდნენ და გვითხრეს, რატომ უფრო მეტი არ დააშავესო. ცხადია, რომ ეს ახალისებს ბავშვებს,“ თქვა არბოლიშვილმა და დასძინა, რომ იეჰოვას მოწმეები რელიგიურ ნიადაგზე ხშირად ხდებიან სიტყვიერი შეურაცხყოფის მსხვერპლი. „დაახლოებით 70-მდე იეჰოვას მოწმე ცხოვრობს ოზურგეთში და უკვე მივეჩვიეთ, რომ გვემუქრებიან, სიტყვიერ შეურაცხყოფას გვაყენებენ, თითით ჩვენზე მიუთითებენ. ჩვენი რელიგია მოითხოვს, რომ მომთმენები ვიყოთ და ვცდილობთ ყურადღება არ მივაქციოთ მათ. თუმცა, როდესაც ეს ყველაფერი სერიოზულ სახეს იღებს, პოლიციას მივმართავთ“

მანუჩარ ციმინტიამ, იეჰოვას მოწმეების ადვოკატმა, DFWatch-ს უთხრა, რომ პოლიცია ადრე პასიურად იძიებდა იეჰოვას მოწმეების შევიწროვების საქმეებს, თუმცა სიტუაცია ბოლო დროს შეიცვალა.

არბოლიშვილი ციმინტიას აზრს იზიარებს. მისი თქმით, ახლა პოლიციის ნდობა შეუძლიათ.

„წლების წინ პოლიციაში მისვლას აზრი არ ჰქონდა. ისინი კიდევ უფრო უარესად გვექცეოდნენ,“ თქვა არბოლიშვილმა. მისი მტკიცებით, პოლიცია უფრო ტოლერანტული გახდა მათ მიმართ, თუმცა ხალხი უფრო მეტად აგრესიულია.

„არ გამოვრიცხავ, რომ ეს ამინისტიის ბრალიც შეიძლება იყოს. ბევრი ობიექტი გამოვიდა გარეთ და უცხო გარემოს შეეჩეხა,“ ამბობს ციმინტია.

1 იანვრის შემდეგ მან იეჰოვას მოწმეების შევიწროვების გამო 6 ახალი სარჩელი შეიტანა.

A view of downtown Ozurgeti (DF Watch)

ოზურგეთის ცენტრი (DF Watch.)

არბოლაშვილის თქმით, ქვეყანაში ბევრი რამ უნდა გაკეთდეს, სკოლაში მაინც, რადგან ტოლერანტობის დეფიციტია; თუმცა, ზოგადად სიტუაცია მაინც გაუმჯობესებულია, თუნდაც პოლიციაში, სადაც 10-15 წლის წინ მათ უარესად ავიწროვებდნენ და ემუქრებოდნენ.

სახალხო დამცველმა DF Watch-ს უთხრა, რომ 2013 წელს რელიგიურ ნიადაგზე ფიზიკური და ვერბალური ძალადობის შემთხვევები გახშირდა. ძირითადად, ომბუდსმენის ოფისს სწორედ იეჰოვას მოწმეები მიმართავენ. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მთავარი პრობლემა ისაა, რომ ამ შემთხვევებს დაუყოვნებლივ არ იძიებენ.

„რელიგიურ ნიადაგზე ინციდენტები ყოველთვის ხდებოდა, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ 2013 წლის განმავლობაში ამ ფაქტებმა მედიისა და საზოგადოების ფართო დაინტერესება გამოიწვია, ამ საკითხებზე ეწყობა საჯარო დისკუსიები, რელიგიურ ნიადაგზე შეუწყნარებლობის პრობლემა ყველასთვის აშკარა და თვალსაჩინო გახდა,“ უთხრა DF Watch-ს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა.

ომბუდსმენის ოფისი მუშაობდა ზედა ეწერში მდებარე სამეფო დარბაზზე თავდასხმის შემთხვევაზე, რომელიც 2013 წლის 16 ნოემბერს მოხდა. სახალხო დამცველმა მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს დამატებითი ინფორმაციის მიწოდების თხოვნით, თუმცა პასუხი არ მიუღია.

იუსტიციის სამინისტროს აგვისტოს მონაცემებით, იეჰოვას მოწმეების შევიწროვების ნიადაგზე აღძრული 15 საქმე დაიხურა, მხოლოდ ერთი იქნება დასრულებული, ხოლო 22-ს იმ დროისათვის კვლავ იძიებდნენ.

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2017
M T W T F S S
« Nov    
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031