უმცირესობები

ნაადრევი ქორწინებების პრევენცია ქვემო ქართლში

by | Mar 25, 2015
სამირა ბაირამოვა. (DF Watch)

სამირა ბაირამოვა. (DF Watch)

მარნეული, DFWatch – „კაცები ფიქრობენ, რომ გოგონა ჯერ კიდევ ბავშვია, არაფერი არ იცის და ეს მისთვის კარგიცაა,“ ამბობს სამირა ბაირამოვა, რომელიც მარნეულში ქალთა უფლებების დაცვის კუთხით  მუშაობს, უფრო კონკრეტულად კი არასრულწლოვანი  გოგონების ნაადრევად გათხოვებისგან დაცვას ცდილობს.

„დედამთილებსაც მოსწონთ ეს, რადგანაც იმედი აქვთ, რომ ისე აღზრდიან ამ გოგონებს, როგორც სურთ და, რასაც უნდათ, იმას ასწავლიან.“

26 წლის სამირა ბაირამოვა გენდერული თანასწორობის მომხრეა. ის ხვდება ახალგაზრდებს სკოლიდან სკოლაში, რათა აუხსნას თითოეულ მათგანს, რა საფრთხის შემცველია ნაადრევი ქორწინება.

საქართველო ნაადრევი ქორწინებების მიხედვით ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს ევროპულ ქვეყნებს შორის. გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNPF) კვლევის თანახმად, ქალების 17 პროცენტი 18 წლამდე თხოვდება. ეს ძირითადად რეგიონებში ხდება, მაგალითად ქვემო ქართლში.

სამირა ბაირამოვას მარნეულის მესამე საჯარო სკოლაში შევხვდით, სადაც ის მერვედან მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს ნაადრევ ქორწინებაზე ესაუბრებოდა.

„არ მოუსმინოთ მშობლებს თუ მათ სურთ, რომ თქვენ დაოჯახდეთ. ეს თქვენი ცხოვრებაა და არა სხვისი,“ თქვა მან ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსწავლეებით სავსე საკლასო ოთახში, რომლებიც ყურადღებით უსმენდნენ სამირას პრეზენტაციას.

ბაირამოვას თქმით, ამ რეგიონში მამაკაცს ცოლი  მეტწილად 23 წლის და უფროსი ასაკიდან მოჰყავს და ჩვეულებრივი ამბავია, როცა ის მეუღლეზე უფროსია 10 წლით და ზოგჯერ მეტითაც.  როცა, მაგალითად, ქმარი 28 წლისაა, ცოლი კი 17 წელზე უმცროსი.

მარნეულში ძალიან იშვიათია, როცა ორივე დაქორწინებული არასრულწლოვანია.

ბაირამოვა მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაციაში ‘ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის’, რომელიც ძირითადად მარნეულსა და მის მიმდებარე სოფლებში საქმიანობს, აწყობს შეხვედრებს სტუდენტებსა და სკოლის მოსწალეებთან ძირითადად ადრეული ქორწინების შედეგად გამოწვეულ სოციალურ, ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ საფრთხეებზე.

სამირა უხსნის მოზარდებს, რომ 15-19 წლის ასაკის გოგონებს გათხოვება საფრთხეს უქმნის, რომ რთული ორსულობა ექნებათ და შეიძლება ბავშვის გაჩენისას პრობლემები შეექმნათ. კიდევ ერთი პრობლემა კი ისაა, რომ ისინი არ ამთავრებენ სკოლას, რაც მათი დასაქმებისას ბარიერს წარმოშობს; ასეთი ქალები დაუცველები არიან და ავტომატურად ხდებიან ოჯახური ძალადობისა და სექსუალური ძალადობისა რისკ–ჯგუფში.

როგორც წესი, ახალგაზრდა ოჯახებს არა აქვთ ნორმალური შემოსავალი, ამიტომაც მათ მშობლები ეხმარებიან, რაც მათ ახალგაზრდა წყვილის ურთიერთობაში უხეშად ჩარევის ბერკეტს აძლევს.

მარნეულის მე–3 საჯარო სკოლის უფროსკლასელები. (DF Watch.)

მარნეულის მე–3 საჯარო სკოლის უფროსკლასელები. (DF Watch.)

კვლევების მიხედვით, მცირეწლოვანთა ქორწინება უფრო ხშირია რეგიონებში, რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობათა თემებში, როგორიც არის მაგალითად აჭარა, პანკისი, აზერბაიჯანული სოფლები ქვემო ქართლსა და კახეთში.

ერთ-ერთი უახლესი კვლევა აჩვენებს, რომ ეთნიკურ უმცირესობების (აზერბაიჯანელი და, არკვეულწილად, სომეხი) ქალების 42 პროცენტი ქვემო ქართლში 13-დან 18 წლამდე თხოვდება – 30 პროცენტი გათხოვდა 17-18 წლის ასაკში, 16 პროცენტი – 15-16 წლისა, ხოლო 5 პროცენტი 13-14 წლის ასაკში.

იმავე კვლევის მიხედვით, ქვემო ქართლის მოსახლეობის 26.6 პროცენტი მხარს უჭერს გარიგებით ქორწინებას და ეთნიკური აზერბაიჯანელები უფრო უჭერენ მას მხარს, ვიდრე სომხები ან ქართველები.

ზემოთჩამოთვლილი რეგიონების მოსახლეობის უმეტესობა ისლამის მიმდევარია, რაც შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ აქ ადგილი აქვს რელიგიის ფაქტორს, თუმცა ბაირამოვა ამ მოსაზრებას არ ეთანხმება.

მისი აზრით, ეთნიკური აზერბაიჯანელები ძალიან იშვიათად იცავენ რელიგიურ წესებს, ხოლო ნაადრევი ქორწინებები უფრო მეტად გამოწვეულია მოძველებული ადათებითა და სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობით.

რატომ თხოვდებიან გოგონები ასე ადრე? უპირველეს ყოვლისა, სოფლებში ახალგაზრდებს ნაკლები შესაძლებლობები გააჩნიათ, რაც მოზარდ გოგონებს ორ არჩევანს უტოვებს: ან სწავლა ან ოჯახი. ბაირამოვას თქმით, ახალგაზრდებისთვის სოფელში საინტერესო არაფერია, მარნეულშიც არ დადიან, არათუ სხვა ქალაქში და მათი დღე ძირითადად სკოლაში სიარულით და სახლში ყოფნით შემოიფარგლება.

„ისინი ვერაფერს ხედავენ ცხოვრებაში, არა აქვთ ოცნებები, არაფერი…“ გვეუბნება სამირა და მარნეულისა და შემოგარენის ახალგაზრდების  ცხოვრების ფრიად უსახურ და პესიმისტურ სურათს ხატავს.

„ამ ორი გზიდან ისინი ირჩევენ ერთს. თუ სწავლა არ უნდათ, მაშინ თხოვდებიან.“

სოფლებში მეტად ღარიბი ხალხი ცხოვრობს და უმეტესობა ფიქრობს, რომ გოგონებს განათლება არ სჭირდებათ.

„უსწავლელობა ქალთა და გოგონების ხვედრია აზერბაიჯანულ თემში, მათი ადგილი ოჯახშია,“ ამატებს ბაირამოვა.

როგორც DF Watch უკვე წერდა, სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, 2011-დან 2013 წლამდე სკოლა 7-ე – 9-ე კლასებში  7,367 გოგონამ მიატოვა. მათი უმეტესობა ქვემო ქართლიდანაა. მიუხედავად იმისა, რომ სკოლის მიტოვების მიზეზები არ სახელდება, ნაადრევ ქორწინებას ამაში შეიძლება ლომის წილი  მიუძღოდეს.

გოგონებში ნაადრევი გათხოვების კიდევ ერთი მოტივაცია შეიძლება უკავშირდებოდეს მათ სურვილს, საკუთარ ოჯახებში უფრო დამოუკიდებლები გახდნენ. თუმცა უმეტეს შემთხვევაში დამოუკიდებლობის ნაცვლად მათ დედამთილ-მამამთილთან, და ქმრის ოჯახის სხვა წევრებთან, ერთად ცხოვრების შეგუება უწვეთ–ხოლმე.

ბაირამოვა იხსენებს მისი ნაცნობი ერთი გოგონას ისტორიას, რომელიც 13 წლის ასაკში გათხოვდა, რადგანაც მშობლებისგან ცალკე ცხოვრება სურდა. თუმცა მალევე მიხვდა, რომ მკაცრ დედამთილთან ცხოვრება კიდევ უფრო უარესი იყო.

„ის ახლაც მასთან ერთად ცხოვრობს, ჰყავს ორი შვილი, თუმცა არ არის ისეთი დამოუკიდებელი, როგორიც მას სურდა.“

სამირას თქმით, აზერბაიჯანული წესის თანახმად, გოგონები ქმრის ოჯახში საცხოვრებლად გადადიან, რაც მათ დამატებით წინააღმდეგობებს უქმნის.

კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც პატარა გოგონებს გათხოვება სურთ, არის ქორწილის ცერემონიის ხიბლი.

„მათ უბრალოდ სურთ, ჩაიცვან თეთრი კაბა, მიიღონ უამრავი საჩუქარი, ოქროულობა,“ ამბობს სამირა, რომელიც ფიქრობს, რომ გოგონათა უმეტესობა შეცდომას უშვებს, როცა ამ ასაკში ფიქრობენ, რომ ‘ნამდვილი სიყვარული’ იპოვეს.

ამასთანავე, გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოება გოგონებისთვის ქორწილამდე სექსუალურ ურთიერთობას  გმობს, სწორედ ეს ფაქტორი, სექსუალური ურთიერთობის სურვილი, ხშირად დაოჯახების დამატებითი მოტივია–ხოლმე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი განსაზღვრავს, რომ ქორწინებისთვის კანონიერი ასაკი არის 18 წელი, თუმცა უშვებს გამონაკლისს 16 წლის ახალგაზრდებისთვის. 16 წლამდე ასაკის მოზარდებთან სექსუალური ურთიერთობა დანაშაულად  ითვლება და სამ წლამდე პატიმრობით ისჯება.

პირველი აპრილიდან კანონში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც კანონდარღვევად ითვლება, თუკი ადამიანს ქორწინებას აძალებენ. ასეთი დანაშაული ისჯება 200-დან 400-საათამდე საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ან 2–დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით იმ შემთხვევაში თუ ძალდატანების ობიექტი18 წლამდე  ახალგაზრდაა.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

August 2017
M T W T F S S
« Jul    
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031