ამბები

მინისტრი მოუწესრიგებელი ტუალეტების გამო სკოლის დირექტორებს მოხსნით დაემუქრა

by | Jan 19, 2017

jejelava_0269bსკოლის დირექტორი, რომელიც უახლოეს მომავალში საკუთარ სკოლაში საპირფარეშოს არ მოაწესრიგებს და იქ  ბავშვებისათვის საჭირო ჰიგიენურ ნორმებს არ შექმნის, თანამდებობიდან განთავისუფლდება. ამის პირობა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ პირადად დადო.

დირექტორთა საბჭოს სხდომაზე იგი სკოლების ტუალეტებში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვაზე ალაპარაკდა. მინისტრმა განაცხადა, რომ ეს პრობლემა ბევრ სკოლაში არსებობს და რომ ტუალეტებს ზოგან კარიც კი არა აქვს.

მისივე თქმით, აუცილებლად დადგება ყველა იმ სკოლის დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელშიც სველი წერტილების მოწესრიგება შესაძლებელი იყო, მაგრამ ეს არ გაკეთდა. მინისტრმა ყურადღება განსაკუთრებით იმაზე გაამახვილა, რომ ბევრ სკოლას, რომელსაც ეს პრობლემა აწუხებს, ბიუჯეტი აუთვისებელი რჩება. იმ სკოლებს კი, რომელთაც ამისათვის ფინანსური რესურსი არ ყოფნით, მან დახმარება აღუთქვა.

ჯეჯელავას თქმით,  ძალიან კარგია, როცა სკოლას სააქტო დარბაზი და ცეკვის სცენა აქვს, მაგრამ ნორმალური საპირფარეშო, უმთავრესია. თუ ბავშვი სკოლაში საპირფარეშოთი ვერ სარგებლობს, ეს, მისი აზრით, „ყველაზე ცუდი რამაა“ და ამიტომ, „რადაც არ უნდა დაუჯდეთ“, საკითხი უნდა მოაგვარონ.

„ვაპირებ, რომ დავერიო ამ პრობლემას. ტუალეტის საკითხი ისეთია, რაც  ბავშვის ჯანმრთელობასთან პირდაპირ კავშირია. ვერც ერთი დირექტორი, რომელიც ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს, სამსახურში ვერ დარჩება… მე ამ დირექტორებს ვეტყვი – თუ შენ ტუალეტის პრობლემა მოგვარებული არ გაქვს, წამყვანი კი არ იქნები, დაიღუპები. როგორც კი  ტუალეტებს სამკვდრო-სასიცოცხლო საკითხებში შევიტან, უცებ აღმოჩნდება, რომ ბევრ თვითმმართველობას ჰქონია ის ფული, რომელიც ტუალეტების მოწყობას ეყოფა,“ – დასძინა მან.

2013 წელს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გაეროს ბავშვთა ფონდის („იუნისეფი“) დახმარებით საქართველოს სკოლებში არსებული ჰიგიენურ-სანიტარიული მდგომარეობისა და სტანდარტების შესახებ კვლევა ჩაატარა და  600 სკოლის ვითარება შეისწავლა. შედეგები არცთუ დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა.

კვლევაში აღნიშნულია, რომ  ქალაქის სკოლების 4%-ში და სოფლის სკოლების 12%-ში არ იყო უსაფრთხო წყალი, სკოლების 70 %-ში წყლის მოწყობილობა საერთოდ არ იყო შენობის შიგნით, ყოველ მე-10 სკოლაში ხელსაბანი არ ფუნქციობდა, სოფლის სკოლებში ტუალეტები სკოლის გარეთ, სკოლის შენობიდან საკმაოდ მოშორებით მდებარეობდა  და ა.შ.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

May 2017
M T W T F S S
« Apr    
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031