ამბები, უმცირესობები

მარნეულში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელების საარჩევნო დღის წესრიგი

by | Oct 22, 2017

„არჩევნებზე ყოველთვის იმ იმედით მივდივართ, რომ იქნებ რაიმე წინსვლა იყოს, მაგრამ შედეგს ვერ ვხედავთ. მხოლოდ არჩევნების პერიოდში მოდიან, დაპირებებს იძლევიან და მიდიან,“– ამბობს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდში მცხოვრები საიად ჰაჯიევი. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში, სადაც ძირითადად ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობენ, საიად ჰაჯიევის მსგავსად ბევრი ადამიანი ფიქრობს.

„მე მმართველი პარტიის კანდიდატს მივეცი ხმა. ისედაც სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენელი გაიმარჯვებს და ჩვენთვის არაფერი შეიცვლება. იმის გამო, რომ ეთნიკურ უმცირესობებს მივეკუთვნებით, ჩვენი პრობლემები უგულებელყოფილია,“ – აცხადებს საიად ჰაჯიევი.

იმავე სოფელში მცხოვრები ნიზამ ალიევი ამბობს, რომ მან ხმა ოპოზიციური პარტიის კანდიდატს მისცა: „წლებია ხელისუფლება გვატყუებს. სკოლა თავზე გვენგრევა. სათანადო უწყებებს არაერთხელ მივმართეთ, მაგრამ უშედეგოდ. კიდევ არჩევნებს ატარებენ აქ უსირცხვილოდ.“

საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლები ავტობუსებით მოჰყავდათ. საბირქენდის საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ, თარგულ მუსაევამ განაცხადა, რომ ამომრჩევლების ორგანიზებული გადაყვანის შესახებ არაფერი იცოდა. სოფელ ალგეთის მე-10 საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ, ალი მურადოვმა კი აღნიშნა, რომ ამომრჩევლების საარჩევნო უბნებამდე ტრანსპორტით გადაყვანას ხელისუფლება უზრუნველყოფდა: „უბნის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის. უბნიდან შორს მცხოვრები ამომრჩევლების აქ მოსაყვანად და არჩევნებში ამომრჩევლების აქტიური მონაწილეობის უზრუნველსაყოფად ტრანსპორტი ადგილობრივმა ხელისუფლებამ დანიშნა.“

სოფელ ყიზილაჯლოს 48-ე საარჩევნო უბანზე მოსული მიკროავტობუსის მძღოლმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ის არცერთი პარტიის მიერ არ იყო დაქირავებული და საკუთარი ტრანსპორტით თავის ნათესავებს მოემსახურა.

გასულ წელს, საპარლამენტო არჩევნების დროს ყიზილაჯლოში მომხდარი არეულობის და დაპირისპირების გამო, 21 ოქტომბრის არჩევნებს დედაქალაქიდან ჩამოსული ბევრი ჟურნალისტი აშუქებდა. თუმცა, უბანზე იყო ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც თავს დამკვირვებლებად გვაცნობდნენ და ცდილობდნენ, ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმის შესრულების  საშუალება არ მიეცათ. ჩვენ ვცადეთ მათი ვინაობის დადგენა, მაგრამ საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ, სათარ იაგუბოვმა ამ თემაზე საუბარი არ ისურვა.

ყიზილაჯლოს საარჩევნო უბანზე არსებული დაძაბულობის გამო ამომრჩევლები ჟურნალისტებთან საუბარს გაურბოდნენ.

სოფელ თაზაქენდში მცხოვრები აგიფ ემინაგროვი ამბობს, რომ არჩევნებზე საკუთარი ნებით მოვიდა, თუმცა, ვის მისცა ხმა, ამას არ გვიმხელს. ამავე სოფელში მცხოვრები ანარ ჰასანოვი კი აცხადებს, რომ ხმა სახელისუფლებო კანდიდატს მისცა: „ახლანდელი ხელისუფლებით კმაყოფილი ვარ. ჩვენი სოფლისთვის ბევრი სასარგებლო საქმე გააკეთეს. ამიტომ ხმა ისევ “ქართულ ოცნებას” მივეცი.“

ფუად ბაირამოვი, რომელიც აქცენტს სოციალურ პრობლემებზე აკეთებს, ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ ამ პრობლემების მოგვარების იმედი აქვს:

„ჩვენი სოფლის ყველაზე დიდი პრობლემა უწყლობაა. ხალხის ძირითადი საარსებო საშუალება ხვნა-თესვაა. იმის გამო, რომ სარწყავი წყალი არ გვაქვს, ვერაფერი მოგვყავს. ყველა კანდიდატი, ვინც არჩევნების პერიოდში შეგვხვდა, ამ პრობლემის მოგვარებას დაგვპირდა. მოვედი და იმ კანდიდატს მივეცი ხმა, რომლისაც ყველაზე მეტად მჯერა. იმედი მაქვს, რომ არჩეული კანდიდატი სარწყავი წყლის პრობლებას მოაგვარებს.“

21 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ამომრჩეველმა ამ არჩევნებში 64 საკრებულოს 2058 წევრი და 64 მერი უნდა აირჩიოს.

ოფიციალური ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტში არჩევნებზე ამომრჩეველთა 38,69% მივიდა.

ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მარნეულში ხმების 68,05%-ით “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა, თემურ აბაზოვმა გაიმარჯვა. “ევროპული  საქართველოს” კანდიდატმა, აკმამედ იმამკულიევმა ხმების 21,33% მიიღო, ხოლო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა რაგიმ ასკეროვმა – 6,29%.

ხაიალ აზიზოვი

სტატია მომზადებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური  მხარდაჭერით  ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების მიერ  სტატიაში  გამოთქმული  მოსაზრება  შესაძლოა არ გამოხატავდეს  ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პოზიციას.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

November 2017
M T W T F S S
« Oct    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930