ამბები

„ლანცეტის” დირექტორი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის მთავრობის დაკვეთით გაასამართლეს

by | Feb 10, 2018

ფარმან ჯეირანლი. 2014 წ. (Facebook).

კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორი, ფარმან ჯეირანლი კლინიკაში ჩატარებული ღვიძლის ტრანსპლანტაციის ორი უკანონო ოპერაციის გამო თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ჯეირანლი ბრალს არ აღიარებს და მიიჩნევს, რომ ის აზერბაიჯანის ხელისუფლების პოლიტიკური დაკვეთით დააკავეს.

კლინიკა „ლანცეტში“ ღვიძლის გადანერგვის ორი ოპერაცია 2016 წლის მარტში ჩატარდა. ორივე ოპერაცია ლეტალური შედეგით დასრულდა და ოპერაციის ჩატარებიდან რამდენიმე დღეში ორივე პაციენტი გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა კლინიკის 50%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი ფარმან ჯეირანლი 2017 წლის 22 მაისს დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც თაღლითობას გულისხმობს და 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

სასამართლო პროცესზე ფარმან ჯეირანლიმ დანაშაული არ აღიარა. მისი თქმით, კლინიკა „ლანცეტს“ ღვიძლის ტრანსპლანტაციისთვის საჭირო ყველა ლიცენზია ჰქონდა, კლინიკაში ჩატარებულ ოპერაციებზე კი სამედიცინო დაწესებულების მთავარი ექიმი იყო პასუხისმგებელი.

ჯეირანლი მიიჩნევს, რომ ის აზერბაიჯანის ხელისუფლების პოლიტიკური დაკვეთით დააკავეს და ამ მოსაზრებას მის დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე აზერბაიჯანულ მედიაში გამოქვეყნებული სტატიით ასაბუთებს. პორტალი Haqqın.az აზერბაიჯანში სამოქალაქო საზოგადოების წევრების წინააღმდეგ მიკერძოებული და ცილისმწამებლური სტატიების გამოქვეყნებითაა ცნობილი. სტატიაში, რომელსაც ”ლანცეტის” ყოფილი დირექტორი იმოწმებს, აღნიშნულია, რომ თბილისში აზერბაიჯანის ანტისამთავრობო ჯგუფი მოქმედებს და რომ ფარმან ჯეირანლიც ამ ჯგუფის წევრია და ის აზერბაიჯანის ოპოზიციას აფინანსებს.

„მას შემდეგ, რაც პაციენტი დაიღუპა, მისმა ახლობლებმა პროკურატურას და ჯანდაცვის სამინისტროს მიმართეს. პროკურატურას გამოძიება მაშინვე არ დაუწყია. ის ჯანდაცვის სამინისტროს დასკვნას დაელოდა. როცა სამინისტრო მოკვლევას ატარებდა, მე ამ პროცესში არ ჩამრთეს, რადგან კლინიკაში ადმინისტრაციული თანამდებობა არ მეკავა. სამინისტროს დასკვნაში აღნიშნულია, რომ კლინიკამ არა სამედიცინო, არამედ ადმინისტრაციული შეცდომა დაუშვა. როგორც გაირკვა, ექიმს, რომელმაც ოპერაცია ჩაატარა, ლიცენზიის ვადა ოპერაციამდე ერთი დღით ადრე ამოეწურა. ამის გამო საავადმყოფო ადმინისტრაციული წესით 30 ათასი ლარით დააჯარიმეს. ამის შემდეგ საქმე დაიხურა. საქმის დახურვიდან 6 თვის შემდეგ კი ეს სტატია გამოქვეყნდა და პროკურატურამ ჩემ მიმართ ასისხლის სამართლის საქმე აღძრა,“ – განაცხადა სასამართლო პროცესზე ფარმან ჯეირანლიმ.

ჯეირანლის დაკავების შემდეგ „ლანცეტს“ ჯანდაცვის სამინისტრომ ლიცენზიაც ჩამოართვა.

ფარმან ჯეირანლის ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა: „ჩვენ სასამართლოს ფარმანის უდანაშაულობის დამამტკიცებელი ყველა საბუთი წარვუდგინეთ. ამის მიუხედავად, მას მაინც მძიმე სასჯელი მიესაჯა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ. იმედი გვაქვს, რომ ქართული სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ საქმეს სტრასბურგში წავიღებთ.“

აზერბაიჯანელი აქტივისტი დაშგინ აღალარლი, რომელიც ამჟამად პოლიტიკურ ემიგრაციაშია და თბილისში ცხოვრობს, აცხადებს, რომ ფარმან ჯეირანლი პოლიტიკური მოტივით დააკავეს: „ფარმანის დაკავებამდე აზერბაიჯანის მთავრობა საქართველოს ხელისუფლებისგან ჩემს გადაცემას ითხოვდა. მას შემდეგ, რაც საქართველოში ჩემი ბინადრობის უფლებას ვადა გაუვიდა, საქართველოს მთავრობა მართლაც გეგმავდა აზერბაიჯანისთვის ჩემს გადაცემას. ჯეირანლის დაკავების და აფგან მუხთარლის გატაცების შემდეგ საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის გამო, საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა, ჩემთვის ბინადრობის უფლების ვადა გაეხანგრძლივებინა.“

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ნესტან ლონდარიძე, რომელიც კლინიკა “ლანცეტში” ღვიძლის ტრანსპლანტაციის შედეგად გარდაცვლილ პაციენტთა ოჯახების ინტერესებს იცავს, ფარმან ჯეირანლის დაკავების პოლიტიკურ მიზანს გამორიცხავს და იმ შეცდომებზე მიუთითებს, რომლებიც კლინიკის საქმიანობაში გამოვლინდა: “კლინიკა “ლანცეტის” წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრმა შეიტანა. ძალიან კარგად ვიცნობთ ამ საქმის დეტალებს და სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფარმან ჯეირანლის დაკავებას პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს. საავადმყოფოში შეყვანიდან მოქალაქეთა გარდაცვალებამდე ჩატარებული მკურნალობა და სამედიცინო მანიპულაციების მთელი ისტორია წარმოებულია კანონმდებლობის სრული უგულებელყოფით, რასაც სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოც ადასტურებს. ექიმებს, რომლებმაც ჩაატარეს ოპერაცია, არ ჰქონდათ ღვიძლის ტერანსპლანტაციისათვის საჭირო ლიცენზია და დაცული არ იყო ყველა ის პროცედურა, რაც ტრანსპლანტაციისთვის არის საჭირო.”

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფურად, პაციენტებისგან დიდი ოდენობით ფულადი თანხების მოტყუებით დაუფლების და დაუფლების მცდელობის ფაქტზე ბრალდებული შპს „ლანცეტი“-ს დირექტორი ფარმან ჯეირანლი დამნაშავედ 2018 წლის 8 თებერვალს ცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, „ლანცეტის“ დირექტორმა, რომელსაც სანებართვო მოწმობის შესაბამისად მოპოვებული ჰქონდა ორგანოთა გადანერგვისა და ტრანსპლანტაციის ნებართვა, 2016 წლის დასაწყისში აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან მოიწვია ქირურგ-ტრანსპლანტოლოგი მ.კ, რომელსაც საქართველოში საექიმო საქმიანობისთვის არ გააჩნდა სახელმწიფო სერთიფიკატი არცერთ შესაბამის სპეციალობაში. მისი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, „ლანცეტის“ დირექტორმა მასმედიისა და სოციალური ქსელის საშუალებით, პაციენტების მოზიდვის მიზნით გაავრცელა განცხადებები და მოამზადა სატელევიზიო სიუჟეტები, რომ თითქოსდა „ლანცეტში“ თურქეთის რესპუბლიკიდან მოწვეული ჰყავდათ ტრანსპლანტაციის დარგის სპეციალისტები და ღვიძლით დაავადებული პაციენტებისთვის ტარდებოდა უფასო კონსულტაციები, რაშიც ასევე დაარწმუნეს გამოკვლევების ჩატარებისა და კონსულტაციის მიღების მიზნით 2016 წლის 12 თებერვალს შპს „ლანცეტში“ მისული საქართველოს მოქალაქეები – გ.ჩ. და  კ.კ.

პროკურატურა აცხადებს, რომ ოპერაციის ჩატარებამდე, მოსალოდნელი რისკების შესახებ პაციენტები არ გააფრთხილეს და არც ტრანსპლანტაციის საბჭოსგან აიღეს თანხმობა. კონსულტაციებისა და შესაბამისი გამოკვლევების ჩატარების შემდეგ კი პაციენტები დაარწმუნეს, რომ მათ სასწრაფოდ ესაჭიროებოდათ ღვიძლის გადანერგვა და მათგან საჭირო თანხის დაუყოვნებლივ გადახდა მოითხოვეს.

ტრანსპლანტაციის საბჭოს მხრიდან ოპერაციის ჩატარებაზე შპს „ლანცეტისთვის“  უარის თქმის მიუხედავად, 2016 წლის 3 და 8 მარტს ორივე პაციენტს ჩაუტარდა ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია. სახელმწიფო ლიცენზიისა და ნებართვის გარეშე ჩატარებული ღვიძლის გადანერგვის ოპერაციების შედეგად კ.კ. კლინიკაში გარდაიცვალა 2016 წლის 10 მარტს, ხოლო გ.ჩ. 2016 წლის 15 მარტს.

ხაიალ აზიზოვი

სტატია მომზადებულია „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და ფონდის – „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორთა პოზიციას.

 

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

August 2018
M T W T F S S
« Jul    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031