ამბები

კიევში დაკავებული ქართველი ჯარისკაცი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება

by | Jan 23, 2017

gia tsertsvadze1„მკვლელების ნაწილში რუსეთთან უნდა ვითანამშრომლოთ“ – ასე ეხმაურებიან საპარლამენტო უმრავლესობაში უკრაინაში დაკავებული ქართველი ჯარისკაცის საქმეს. თუმცა, ამავდროულად ირწმუნებიან, რომ გია ცერცვაძესთან დაკავშირებით არაფერი იციან. ოკუპანტი ქვეყნისათვის საკუთარ ჯარისკაცზე რაიმე მასალების გადაცემას ძალოვან უწყებებშიც კატეგორიულად უარყოფენ.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ჯარისკაცი გია ცერცვაძე რუსეთის მოთხოვნით უკრაინაში დააკავეს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა.

რუსეთის მიერ უკრაინაში გადაგზავნილ საქმის მასალებში წერია, რომ ქართველ ჯარისკაცს 2003 წელს რუსეთში ჩადენილი მკვლელობისთვის ეძებენ. საერთაშორისო ძებნა კი 2016 წლის 23 დეკემბრის, ანუ 13 წლის შემდეგ გამოცხადდა.

დაკავებული ჯარისკაცის ოჯახი და მისი უკრაინელი ადვოკატი ამბობენ, რომ რუსეთმა აგვისტოს ომის მონაწილეებზე „ნადირობის ახალი სეზონი“ გამოაცხადა და ამ პროცესის მთავარი მოკავშირეები ქართველი მაღალჩინოსნები არიან, რადგან სამხედროს  პერსონალური მონაცემები რუსეთში სწორედ საქართველოს ხელისუფლებამ გაგზავნა.

ცერცვაძე უკვე ერთი წელია რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ უკრაინელ სამხედროებს ეხმარება. 15 იანვარს იგი უკან, უკრაინაში დაბრუნდა და კიევის აეროპორტში დააკავეს. ოჯახის მტკიცებით, კრიმინალურ ისტორიაში მონაწილეობა რუსეთში მასზე შურისძიების მიზნით გამოიგონეს.

მათივე მტკიცებით,  საქართველოს იუსტიციის ან შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზიდან მოსკოვის ხელში აღმოჩნდა ქართველი ჯარისკაცის ყველა საპასპორტო მონაცემი, ასევე სრული ინფორმაცია იმ ქვეყნების შესახებ, სადაც გია ცერცვაძეს საზღვარი გადაუკვეთავს.

ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფენ  საქართველოს პროკურატურაში და აცხადებენ, რომ მათთვის ამ საკითხზე არც ერთი ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს არ მიუმართავს და შესაბამისად, არანაირ ინფორმაციას არ ფლობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი განცხადება მოგვიანებით მედიასაშუალებების მეშვეობით გაავრცელა. მათი თქმით, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის შს  სამინისტროებს შორის პირდაპირი საპოლიციო თანამშრომლობა არ ხორციელდება. შესაბამისად, ინფორმაციას არ ცვლიან.

„ქართულ მხარეს არც საკმარისი ინფორმაცია, არც საფუძველი და არც არავითარი მოტივი არ ჰქონდა ზემოთ აღნიშნული პირის დაკავებისთვის, ან მისთვის თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობის შეზღუდვისთვის,“ – აცხადებენ უწყებაში.

კიევის საქალაქო სასამართლომ დაკავებულ სამხედროს 40-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატებმა გადაწყვეტილება კიევის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

July 2017
M T W T F S S
« Apr    
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31