უმცირესობები

ისლამის სპეციალისტი საქართველოში ისლამოფობიის ზრდას არ ადასტურებს

by | Feb 23, 2015
რუსლან ბარამიძე (მარცხნივ) საველე სამუშაოების წარმოებისას

რუსლან ბარამიძე (მარცხნივ) საველე სამუშაოების წარმოებისას

იმ ფონზე, როდესაც მთელი მსოფლიოს პრესა სავსეა სტატიებით ისეთ ტერორისტულ დაჯგუფებზე, როგორიცაა ისლამური ხალიფატი და ბოკო ჰარამი, ბევრ ქვეყანაში მაჰმადიანად ყოფნა საკმაოდ რთულია. საქართველოში ამ რელიგიას ყოველი მეათე მოქალაქე მისდევს. რა ვიცით ისლამზე საქართველოში? იზრდება თუ არა აქაც ისლამოფობია? DFWatch-მა ამ და სხვა კითხვებით შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარს, თანამედროვე საქართველოში ისლამის საკითხების  ექსპერტს, რუსლან ბარამიძეს მიმართა.
ზოგადად, საქართველოში ისლამის აღორძინება შეიმჩნევა?

ისლამის  აღორძინებაზე საუბარი არ იქნება სწორი, რადგან ეს რელიგია არც არასდროს ყოფილა მიძინებული. ამის ნაცვლად ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ ტრადიციული ისლამი ადგილს უთმობს უფრო ყურანზე დაფუძნებულ ისლამს და ხდება მისი ინსტიტუციონალიზაცია. ინსტიტუციონალიზაციის პროცესი 1990-იან წლებში დაიწყო და კულმინაციას 2011 წელს მიაღწია, როდესაც საქართველოს მუსლიმთა საბჭო დარეგისტრირდა. ამასთან ერთად მიმდინარეობს სხვა პროცესებიც, მაგალითად, ახალგაზრდები რელიგიურ განათლებას საზღვარგარეთ იღებენ, გაიზარდა დაფინანსება.  სოციალურ და პოლიტიკურ სფეროში განხორციელებული სხვადასხვა საქმიანობის გამო ისლამი სულ უფრო პოპულარული ხდება.
მოკლედ რომ ვთქვათ, საქართველოში ისლამის აღორძინება კი არ მიმდინარეობს, უბრალოდ ის უფრო საჯარო გახდა და ერთგვარი ოფიციალური ფორმა შიეძინა.

გარდა ამისა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ისლამზე, ჯერ ის უნდა გავარკვიოთ, კონკრეტულად რას ვგულისხმობთ – საკუთრივ რელიგიას თუ სხვადასხვა რელიგიურ ჯგუფებს, რომლებსაც საკუთარი დღის წესრიგში გააჩნიათ, დაწყებული მუფთიატიდან და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებით დამთავრებული?!

უფრო დეტალურად, რა ჯგუფებს გულისხმობთ?
პირველ რიგში, საქართველოში ისლამის ერთიანი აღქმა  არ არსებობს და სხვადასხვა ისლამურ ჯგუფებს განსხვავებული ხედვა გააჩნიათ.

ამ მხრივ საქართველოში მთავარი გამყოფი ხაზი არსებობს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში შიიტებსა და სუნიტებს შორის, ისევე როგორც სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მუსლიმებს შორის. მაგრამ ეს მხოლოდ ნაწილია.

ადმინისტრაციულ დონეზე შეიძლება გამოიყოს ორი ჯგუფი. ერთს წარმოადგენს ახალგაზრდა, განათლებული და ამბიციური თაობა. ეს ძალიან ამბიციური ხალხია და როდესაც გარკვეული რელიგიური მიზნების მისაღწევად  იბრძვიან, პირველ რიგში საკუთარ კარიერულ ზრდაზე არიან ორიენტირებულნი. მეორე ჯგუფი შედგება ძალიან კომუნიკაბელური ადამიანებისგან, რომლებსაც კარგად ეხერხებათ მოლაპარაკებების წარმოება ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებთან.

გარდა ამისა, არსებობენ ასევე მარგინალები, რომლებსაც არ მომწონთ ის პროცესები, რაც დღეს მუსლიმურ თემში მიდის. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ფუნდამენტალიზმით გამოირჩევიან, გარკვეულწილად იზოლაციაში იმყოფებიან და მათი მრწამსი მხოლოდ რბილ ფორმებში გამოიხატება, როგორიცაა სპეციფიკური ტანსაცმელი, ქცევა, იდეები მუსულმანური საზოგადოებისა და არსებული ნორმების შესახებ.

მაგრამ, ამავე დროს, არსებობს უფრო რადიკალური ჯგუფები, რომლებიც საკუთარი იდეების პრაქტიკულად განხორციელებას ცდილობენ და აქტიურად იბირებენ მომხრეებს სოციალური ქსელებით, გაზეთებითა და სხვა საშუალებებით. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ ეს რადიკალური ჯგუფები მცირერიცხოვანია, რადგან მეინსტრიმ რელიგიურ მიმდინარეობას არც თუ დიდი ხნის წინ გამოეყვო და მათი იდეები  სხვა მუსლიმებში ყოველთვის პოპულარობით არ სარგებლობს.

ხედავთ რაიმე ცვლილებას მუსლიმების დამოკიდებულებაში „ისლამური ხალიფატის“ რიგებში პანკისის ხეობის მკვიდრთა ბრძოლის , ქვემო ქართლში მამაკაცების მიერ  ცოლების მკვლელობის ან პარიზის ტერაქტების ფონზე?

მე ვერ ვხედავ რაიმე ცვლილებას. ჩვენი საზოგადოების სოციალურად აქტიური წევრები მუსლიმებს ჩვეულებრივ რელიგიურ ჯგუფად განიხილავენ, რომლებსაც გააჩნიათ თავიანთი რიტუალები და ტრადიციები. თუმცა ზოგადად საზოგადოება მათ ქართული იდენტობის ნაწილად არ აღიქვამს. კი, მათ ქართველ მუსლიმებს უწოდებენ, მაგრამ ქართველებად მხოლოდ ნაწილობრივ აღიქვამენ.

გარდა ამისა, ამ კუთხით მნიშვნელოვანი გავლენა აქვს სოციალურ გამოცდილებასაც. მაგალითად, სკოლებში მოსწავლეებს ასწავლიან, თითქოს ისლამი ყოველთვის უკავშირდება აგრესიასა და ომს. ასე რომ, ბევრი ადამიანი მას აგრესიულ რელიგიად განიხილავს.

მიუხედავად იმისა, საქართველოში მუსლიმების მიმართ რაიმე განსაკუთრებულ აგრესიას მე ვერ ვამჩნევ. რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული დაპირისპირება ინდივიდუალურ დონეზე, მაგრამ ყველა ამ კონფლიქტს, სავარაუდოდ, პირადი ხასიათი აქვს და არა რელიგიათშორისი, იმისდა მიუხედავად, თუ რას და როგორ აშუქებს მედია, და როგორ წარმოადგენენ სხვადასხვა ორგანიზაციები თუ საინიციატივო ჯგუფები.

ამიტომ, ვფიქრობ, რომ დღეს საქართველოში აგრესიული ისლამოფობია არ არსებობს. თუმცა, რა თქმა უნდა, სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

October 2017
M T W T F S S
« Sep    
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031