ამბები, უმცირესობები

თბილისის სომხურ ეკლესიაში მღვდლებს თავს დაესხნენ

by | Jul 20, 2014
Surb_Etchmiadzin_Church_Tbilisi_Crop

თბილისის სურბ ეჩმიაძინის ეკლესია.

შაბათს თბილისში მდებარე სომხურ ეკლესიას თავს 50-მდე ადამიანი ორგანიზებულად დაესხა თავს და ეკლესიის წარმომადგენლებს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, ამის შესახებ ინფორმაცია სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიამ გაავრცელა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ 2014 წლის 19 ივლისს ქალაქ თბილისის სურბ ეჩმიაძინის ეკლესიაზე მოხდა „დაგეგმილი თავდასხმა, მოტივირებული ეთნიკური და რელიგიური სიძულვილის ნიშნით“.

თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ეს იყო საყოფაცხოვრებო ინციდენტი და ეთნიკური ან რელიგიური სარჩული არ ჰქონია.

როგორც სომხური ეკლესიის განცხადებაშია აღნიშნული, შაბათს, დაახლოებით 16:00 საათზე ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო ორგანიზებული პროვოკაცია. ქალბატონი ცდილობდა ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან მანქანის გაყვანას.წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ქალბატონმა დაიწყო უკმაყოფილობის გამოთქმა სომეხი მღვდელმსახურის მიმართ, რომლის ავტომანქანაც, მისი აზრით, ხელს უშლიდა მანევრირებაში.

ამ დროს მანქანით მოახლოვდა აგრესიულად განწყობილი ორი მამაკაცი, რომლებიც ქალს მანქანის გაყვანაში დაეხმარნენ, მღვდელმსახური კი სომეხთა ეპარქიის ადმინისტრაციულ შენობაში შევიდა.

ამ მომენტში ეზოში მდგარმა ახალგაზრდა დიაკვნებმა გაიგეს, რომ ერთ-ერთი მამაკაცი, რომელიც ქალს მანქანის გაყვანაში დაეხმარა, სომხების მისამართით იგინებოდა. აღნიშნული ფაქტის გაპროტესტების შემდეგ, მამაკაცი გამოვიდა მანქანიდან, ამოიღო ხელკეტი, გინების გაგრძელებით, აიღო ქვა და ცდილობდა დაერტყა სომეხთა ეპარქიის წარმომადგენელთათვის.ჩხუბის ხმის გაგებაზე ეპარქიის თანამშრომლები გარეთ გავიდნენ, ამ დროს მამაკაცმა ეპარქიის ერთ თანამშრომელს დაარტყა ზურგში. გაჩაღდა ხანმოკლე ჩხუბი.

ინციდენტიდან დაახლოებით 2 საათის შემდეგ, ეს მამაკაცი, დაახლოებით 50 ადამიანისაგან მობილიზებული ჯგუფით, რომელთაგან, სომხური ეკლესიის განცხადების თანახმად, ზოგიერთი შეიარაღებული იყო ცივი იარაღით, მიუახლოვდა ეკლესიას და დაიწყო ჩხუბი სასულიერო პირებსა და ეპარქიის თანამშრომლებთან, ამავე დროს აგინებდნენ სომხებს. ამ მომენტში ეკლესიაში ნათლობის ცერემონია მიმდინარეობდა, ცერემონიის მონაწილეები ხმის გაგებაზე გავიდნენ ქუჩაში, რის შემდეგაც თავდამსხმელები მათაც დაესხნენ თავს.

„ნანახით შოკირებული ქალები და ბავშვები მიიმალნენ ეკლესიაში. უნდა აღინიშნოს, რომ მომხდარს თვალს ადევნებდა სოლიდურად ჩაცმულ პირთა ჯგუფი. თავდასხმის შედეგად, სასულიერო პირებმა და სომეხთა ეპარქიის თანამშრომლებმა მიიღეს სხეულის დაზიანებები, ერთ მღვდელმსახურს კი ჩამოსწყვიტეს ჯვარი და თან წაიღეს,” – ნათქვამია განცხადებაში.

სომხური ეკლესია მოუწოდებს საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს სათანადო კვალიფიკაცია მისცენ აღნიშნულ ქმედებებს და გამოიძიონ ისინი, როგორც დანაშაული, რომელიც ჩადენილია ეთნიკური და რელიგიური სიძულვილის საფუძველზე.

შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთოების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნინო გიორგობიანმა DFWatch-თან კომენტარისას თქვა, რომ „ჩხუბი მოხდა ყოფით ნიადაგზე, რადგან კამათი დაიწყო მანქანის გასაჩერებლ ადგილთან დაკავშირებით. სამქე აღძრულია და გამოძიება მიმდინარეობს.”

საქართველოს სომეხთა ეპარქიის იურიდიულ საკითხთა, სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობების და რელიგიათშორისი თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორმა ლევონ ისახანიანმა კი DFWatch-ს უთხრა, რომ შსს-მ ცემის მუხლით დაიწყო გამოძიება, რაც არასწორია. მისი თქმით, არსებობს თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრები, რომელსაც ეპარქია გაავრცელებს.
სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის განცხადებაში ნათქვამია, რომ მოუწოდებენ „მასმედიის საშუალებებს, თავი შეიკავონ საზოგადოებაში ანტისომხური განწყობის გავრცელებისაგან, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლეს იერარქებს მოვუწოდებთ, საჯაროდ დაგმონ ნებისმიერი ქმედება, რომელიც ეფუძნება ეთნიკურ და რელიგიურ სიძულვილს და იქადაგონ ქრისტიანული სიკეთე და სიყვარული.

„ჩვენ ვუფრთხილდებით საქართველოს შიდა სტაბილურობასა და მრავალსაუკუნოვან ეთნოსთაშორის და რელიგიათაშორის ურთიერთობებს და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა, რათა თავიდან აიცილოს საქართველოს საზოგადოების ეთნიკური და რელიგიური ნიშნით დაყოფა,” – ნათქვამია განცხადებაში.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

September 2017
M T W T F S S
« Jul    
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930