ამბები

„ეს არ შეიძლებოდა მომხდარიყო წამების გარეშე“ – 100-ზე მეტი მოტეხილობა და ჭრილობა ტატუნაშვილის სხეულზე

by | Jun 6, 2018

(RFE/RL.)

თითქმის სამთვიანი ლოდინის შემდეგ ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახმა სახელმწიფო ექსპერტიზის დასკვნა მიიღო, რომლის მიხედვით ყოფილი ჯარისკაცი სასტიკად ნაწამებია და 100-ზე მეტი მოტეხილობა და ჭრილობა აქვს მიყენებული.

ტატუნაშვილების ოჯახის ადვოკატის, თამარ ავალიანის განცხადებით, ამ დასკვნით გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენა შეუძლებელია და გონივრულ ვადაში კომისიური ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს.

„სამედიცინო ექსპერტიზის მიხედვით აღწერილია 100-მდე დაზიანება, რომელიც არჩილ ტატუნაშვილის სხეულზე ჰქონდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი სიკვდილის გამომწვევი მიზეზის დასადგენად. ამისთვის, როგორც დასკვნაში წერია, აუცილებელია ჩატარდეს კომისიური ექსპერტიზა, რათა დაზიანებების სიმძიმე განისაზღვროს. ასევე, განისაზღვროს სიკვდილის გამომწვევი მიზეზები,” – ამბობს ავალიანი, რომელიც „ადამიანის უფლებათა ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეა.

იურისტის თქმით, ექსპერტიზას ნაკლოვანებები აქვს, რადგან მასში რამდენიმე დაზიანება საერთოდ არაა აღწერილი.  კერძოდ,  ტატუნაშვილს ცხვირზე აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები და მოტეხილობები, შეწეული იყო მარცხენა საფეთქლის მხარე, თვალთანაც, შუბლზე ჰქონდა დაზიანება და ოჯახს აქვს განცდა, რომ ეს იყო ნატყვიარი. ამ დეტალზე კი სამედიცინო ექსპერტიზაში არაფერია ნათქვამი.

„საკონტროლო ტყვიაზე საუბარი არ არის, მაგრამ, მაგალითად, ხელის მტევნებზე არის საუბარი. საუბარია სისხლნაჟღენთებზე, მოტეხილობაზე. მარტო ხელებზე 20-ზე მეტი მოტეხილობაა აღწერილი. დაზიანებებია თავის არეში, სისხლჩაქცევები, ასევე სათესლე პარკის მიდამოში. როგორც ამ დასკვნის ანალიზით ირკვევა, ამ მიდამოში დაზიანება მიყენებულია ბლაგვი საგნით. 100-მდე მოტეხილობა და დაზიანებაა. იმდენად მნიშვნელოვანი დაზიანებებია, რომ ეს არ შეიძლება მომხდარიყო წამების და არაადამიანური მოპყრობის გარეშე. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ არჩილ ტატუნაშვილი სასტიკად აწამეს”, – აცხადებს ავალიანი.

ექსპერტიზასთან კითხვები აქვს დაღუპული ჯარისკაცის მამას გიორგი ტატუნაშვილს, რომელიც  დარწმუნებულია, რომ მისი შვილი შუბლზე არსებული ლაქა ნატყვიარია. მისი თქმით, რუსეთის მიერ გამოგზავნილ ექსპერტიზის დასკვნაშიც არ წერია ნატყვიარის და გატეხილი ცხვირის შესახებ.

„რა უნდა იყოს მაშინ? თავიდან არ ეტყობოდა, მაგრამ მერე, ბოლო დღეებში მკვეთრად გამოიხატა. ცხვირთან დაკავშირებითაც, ცხვირი არ იყო თავისი. ფოტოზე ხომ ეტყობა, როგორი ცხვირი ჰქონდა, ცხედარი გადმოგვცეს კეხიანი ცხვირით. რუსულ დასკვნაშიც ეგრე ეწერა, ცხვირი მთელიო. როგორაა მთელი, საშინელი დალურჯებები იყო. უღმერთოდ აწამეს, რომ ვერ გატეხეს. ფოტოსურათები ვნახე, ერთი ადგილი არა აქვს მთელი,” – აცხადებს გიორგი ტატუნაშვილი.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს, დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ცხინვალის რეჟიმის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით ცხინვალის ციხეში გარდაიცვალა. 

საოკუპაციო რეჟიმმა მოკლული ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს ერთი თვის დაგვიანებით, 20 მარტს გადასცა.

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

August 2018
M T W T F S S
« Jul    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031