ამბები, უმცირესობები

ერისიმედი – სოფელი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე

by | May 6, 2014
ioseb_Erisimedi

იოსებ გიურაძე ამბობს, რომ საზღვრის გადაღმა მოსაზლეობასთან მწირი კონტაქტები აქვთ, თუმცა რაიმე სახის დაპირისპირებას ადგილი არა აქვს (DF Watch.)

ერისიმედი პატარა სოფელია, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარეობს და მისი მოსახლეობა რამდენიმე ასეულს შეადგენს.

სოფელი სიღნაღის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. სოფლის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემას ის წარმოადგენს, რომ აზერბაიჯანთან საზღვარი დემარკირებული არ არის, რაც ადგილობრივ ფერმერებს ხშირად პრობლემებს უქმნის. რამდენიმე წლის წინ კი ამის გამო საზღვარზე თინეიჯერი ბიჭი მოკლეს.

როდესაც DFWatch ამ სოფელს ეწვია, ჩვენი მობილური ტელეფონები აზერბაიჯანულ ოპერატორებზე გადაერთო. ქართული მობილური ოპერატორების სიგნალი იქ არ იჭერს. „ბილაინის“ მომხმარებლებს კი კომპანია აუწყებს, რომ იგი უკვე აზერბაიჯანში იმყოფება.

ჩვენ იოსებ გიურაძეს ვესაუბრეთ, როცა ის მიწაზე მუშაობდა, სულ რამდენიმე მეტრის დაშორებით სასაზღვრო ზოლიდან. მან თქვა, რომ საზღვარი ძალიან ცუდად არის მონიშნული, თუმცა ადგილობრივებმა ასე თუ ისე იციან, სად გადის იგი. იოსები, რომელიც ძირითადად მესაქონლეობას მისდევს, ამბობს, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი მევენახეობაში გეგმავს ძალების მოსინჯვას. ბევრს ამჟამად კარტოფილი და ხახვი მოჰყავს.

„დამტყდარი მავთულებია, ხელის შეხებით წყდება,“ ამბობს ის სასაზღვრო ინფრასტრუქტურაზე. მისი თქმით, საზღვრის იქით მყოფ ხალხთან დიდად გაცხოველებული კონტაქტი არა აქვთ, თუმცა ურთიერთობები მშვიდობიანია.

აქ მოსახლეობის უმეტესობა მუსლიმია, თუმცა მართლმადიდებლებიც არიან. სოფელში არის ერთი ეკლესია და ერთი პატარა სალოცავი სახლი მუსლიმებისთვის. ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელში რელიგიური კონფლიქტი არასოდეს ყოფილა.

ერისიმედი ახალი სოფელია, 1989 წელს აშენდა, რათა აჭარიდან დამეწყრილი ხალხი დაესახლებინათ. ის ალაზნის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს და მდინარის ადიდების გამო ზაფხულში ხშირად პრობლემები იქმნება.

რამაზ შავაძე, რომელიც აჭარიდან გადმოსახლებული ეკომიგრანტია, ამბობს, რომ სოფელში ბევრი პრობლემა არ არის. ერთი სამედიცინო პუნქტია, სადაც მხოლოდ დიაგნოზს სვამენ. ექიმი სოფელში კვირაში რამდენჯერმე მოდის.

შავაძე 16 წელია, აქ ცხოვრობს. მისი თქმით, ხალხი ძირითადად მუშაობს საზღვრის დაცვის სამსახურში ან სკოლებში. სხვები მიწაზე შრომობენ ან პირუტყვი ჰყავთ. აქ დღეში ერთი სამარშრუტო ტაქსი დადის. მოსახლეობამ ადგილობრივ მთავრობას მიმართა, რომ კიდევ ერთი მუნიციპალური ტრანსპორტი დაინიშნოს, რომელიც სოფელში კვირაში ორჯერ მაინც ივლის, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

DSC_0196_copy_Erisimedi

(DF Watch.)

უკვე წლებია, შეუძლებელია სოფელს ეწვიო ისე, რომ გზად სასაზღვრო პოლიციამ არ შეგამოწმოთ. ისინი დღედაღამ დგანან სოფლის შესასვლელში და ყველა მომსვლელს ამოწმებენ.

2010 წლის პირველ აპრილს ერისიმედის მკვიდრი 16 წლის ახმედ იბრაგიმ გაურაშვილი აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა მოკლეს, როდესაც ის საქონლის გადმოდენას ცდილობდა.

ახმედი ქისტი იყო, საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ ჩეჩენთა პატარა ჯგუფს წარმოადგენდა, რომლებიც ძირითადად პანკისის ხეობაში, რუსეთის საზღვართან ცხოვრობენ. ერისიმედის ოჯახთა უმეტესობა აჭარელი მიგრანტები არიან, თუმცა აქ ქისტებს და ჩეჩნეთიდან ლტოლვილებსაც შეხვდებით.

როდესაც ეს ამბავი მოხდა, ახმედი მეთორმეტე კლასში სწავლობდა ადგილობრივ სკოლაში. ერთ დღეს ის პირუტყვს აედევნა, რომელიც საზღვრისკენ წასულიყო და შეეცადა, უკან მოებრუნებინა, თუმცა თავში აზერბაიჯანელი მესაზღვრის ტყვია მოხვდა და ადგილზევე დაიღუპა.

რამდენიმე წლის განმავლობაში სოფელში ფოტო და ვიდეო გადაღებას კრძალავდნენ, თუმცა დღეს ეს პრობლემა აღარ არის.

რამდენიმე თვის შემდეგ მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ თქვა, რომ სოფელი ‘სადავო ტერიტორიაზე’ მდებარეობს და დელიმიტაციის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ამიტომაც არის შეზღუდვები ამ ადგილას. თუმცა დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესი დღემდე არ დასრულებულა.

house_of_the_kist_lone_woman_Erisimedi

(DF Watch.)

ერისიმედის ზოგიერთი მაცხოვრებელი ამბობს, რომ ისტორიულად მათი კუთვნილი რამდენიმე ათეული ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა საზღვრის იქითა მხარეს არის მოხვედრილი და ვერ იყენებენ, რადგანაც მათ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები აკონტროლებენ.

ერისიმედში ქისტების ათამდე ოჯახი ცხოვრობს. ჩვენ ერთ-ერთ მათგანს, 30-35 წლის ქალბატონს ვესაუბრეთ, რომელიც სოფელში მარტო ცხოვრობს. მისი თქმით, აქ ყველაზე დიდი პრობლემა ტრანსპორტი და გაფუჭებული გზებია, თუმცა ეს მას არ აწუხებს, რადგანაც ისლამური რელიგია არ აძლევს მას უფლებას, რომ ხალხში იაროს და სახლი დიდი ხნით დატოვოს.

„თუ მაღაზიაში რამე მომინდება, (არ შემიძლია) გავიდე, მოვიტანო, იმიტომ რომ მარტოხელა გოგო ვარ,“ გვითხრა მან, თუმცა არ დააკონკრეტა, მარტო რატომ ცხოვრობს. ის პესიმისტურად არის განწყობილი სოფელში ჩამოსული ჟურნალისტების მიმართ, რადგანაც ფიქრობს, რომ ამას აზრი არ აქვს – რაც არ უნდა დაიწეროს, მაინც არაფერი იცვლება.

„წარმოშობით ჩეჩენი ვარ. პანკისის ხეობაშიც ვარ-ხოლმე. ჩეჩნეთიდან ომამდე ვართ წამოსულები. ხან პანკისში ვართ, ხანაც აქ. სულ აქ ქისტების ათი ოჯახი ცხოვრობს.“


მან ლაფანყურის სპეცოპერაცია გაიხსენა, რომელიც წინა მთავრობამ 2012 წლის აგვისტოს ბოლოს ჩაატარა. ამ დროს ორმხრივი სროლის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა – 11 ჩეჩენი მებრძოლი და 3 ქართველი ძალოვანი. ოპერაცია, მთავრობის მტკიცებით, დაიგეგმა მას შემდეგ, რაც ჩეჩნების უკანონო შეიარაღებულმა დაჯგუფებამ პანკისის ხეობიდან ხუთი ახლგაზრდა ბიჭი გაიტაცა.
ერისიმედის მკვიდრი ჩეჩენი ქალის თქმით, სისხლის აღების დროც მოვა.

„ამის დროც მოვა, ჯერ არსად არ გვეჩქარება. სისხლი სისხლით იღება. ისეთი ჯიშისანი ვართ ჩვენ, ქალს და კაცს მნიშვნელობა არა აქვს, ყველა აიღებს სისხლს. ყველამ იცის, ვინცაა დამნაშავე. ეგ ჩვენი საქმეა,“ გვითხრა მან, თუმცა მეტი არაფერი დაუკონკრეტებია.

მისი თქმით, ქისტების ოჯახები აქ 16 წელია, ცხოვრობენ და სერიოზული პრობლემა არასოდეს ჰქონიათ.

როდესაც ახმედ გაურაშვილი მოკლეს, პანკისის ხეობის სოფელ დუისის მოსახლეობა იმუქრებოდა სისხლის აღებით. ისინი მთავობას სთხოვდნენ, დაედგინათ, ვინ მოკლა ახმედი, თუმცა გამოძიების შედეგები დღემდე უცნობია.

დღეს კი სოფელში მშვიდი სიტუაციაა. მას შემდეგ არაფერი მომხდარა. თუ პირუტყვი საზღვარს გადაკვეთს, მოსახლეობა ორივე მხრიდან უკან უშვებს მათ და საზღვართან ახლოს არ მიდიან. საზღვარი კი ზოგ ადგილას წვრილი მავთულებითაა მონიშნული, ან ვიწრო წყლის არხით, ან კიდევ ხეთა რიგებით.

ნინო ზურაშვილი, ერთ-ერთი ადგილობრივი კახელი მოსახლეა. სულ ორი კახელი ოჯახი ცხოვრობს აქ. მისი თქმით, ორი წელია, საზღვართან სრული სიმშვიდეა. ადრე კი ვერ ახერხებდნენ საზღვარზე გადასული პირუტყვის დაბრუნებას. ახლა პრობლემა არ არის, თუმცა არა იმიტომ, რომ ადამიანებს საზღვარზე უშვებენ. მისი თქმით, პირუტყვიც აღარ გადადის საზღვარზე.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

August 2017
M T W T F S S
« Jul    
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031