ამბები

„ერთხელ რუსმა მესაზღვრემ გვითხრა, არ გაგაგდებთ აქედან, თვითონ წახვალთო” – გალელებს სახლების დატოვებას აიძულებენ

by | Dec 28, 2017

გალის რაიონს დღითიდღე უფრო და უფრო მეტი ქართველი ტოვებს. ყოველ მათგან აქვს პირადი მიზეზი, თუმცა საერთო მიზეზების ჩამონათვალი გაცილებით დიდია.

საბუთები, გადაადგილების შეზღუდვა, განათლების მიღებასთან დაკავშირებული პრობლემები, ჯანდაცვა, კორუფცია, კრიმინალი, ქართველებისთვის შეზღუდვა თითქის ყველა სფეროში, უუფლებობა – ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელმაც შესაძლოა გალი დროთა განმავლობაში მოსახლეობის დიდი ნაწილის გარეშე დატოვოს.

როგორც გალის ერთ-ერთი მკვიდრი, 24 წლის ახალგაზრდა, გ.ბ. აცხადებს, რუსმა სამხედროებმა ის სრულიად უმიზეზოდ, სახლში მიმავალი დააკავეს და აიძულეს „საზღვარი“ გადაეკვეთა.

„მანქანა გააჩერეს და მითხრეს, ჩავმჯდარიყავი. მეც დავემორჩილე, ჯერ მეგონა ჯარის გამო წამომიყვანეს-მეთქი, მაგრამ ადმინისტრაციულ საზღვართან აღმოვჩნდი. მაიძულეს „საზღვარი“ გადამეკვეთა. რა თქმა უნდა, შევასრულე. ცოტა ხნის მერე კი, როცა ვიფიქრე, რომ უკვე წასულები იქნებოდნენ, უკან დავბრუნდი. გასარკვევად გალის პოლიციაში წავედი, სადაც ამოცნობა მომთხოვეს იმ პირების, ვინც ამის გაკეთება მაიძულა, თუმცა იქ მსგავსი არავინ იყო. ყოველგვარი შედეგის გარეშე წამოვედი იქედან, გამოსვლის დროს კი კართან ერთ-ერთმა მითხრა, ასეა, როცა გვინდა, გაგიშვებთ აქედან, როცა გვინდა შემოგიშვებთო. ალბათ ახალი არც არაფერი უთქვამს, მაგრამ ვისაც წასასვლელი აქვს, აქ არ გაჩერდება. მე ჯერჯერობით არ მაქვს პირობები იმისთვის, რომ ოჯახი ენგურსგაღმა ვარჩინო, ამიტომ ვართ აქ და მიწას ვამუშავებთ, რომ ელემენტარული შემოსავალი გვქონდეს“, – განუცხადა DFWatch-ს გ.ბ.-მ.

ყაჩაღობების სერიისგან შეწუხებული 50 წლის ბ.ბ. კი აცხადებს, რომ სახლ-კარი, ახლა უკვე თავისი ნებით, რამდენიმე წლის წინ დატოვა.

„ორი შვილი მყავს და ერთი თვის განმავლობაში რამდენჯერმე დაგვაყაჩაღეს. ბავშვებმა სტრესი მიიღეს, ერთ-ერთი შემთხვევის დროს დაიჭრა კიდეც ოჯახის უფროსი. მშვიდად ცხოვრების საშუალება არ მოგვეცა. კანონი იქ არ კანონობს და პასუხსაც არავინ არავის სთხოვდა, ყოველ ჯერზე მხოლოდ მეზობლების იმედად ვიყავით, ამიტომ იძულებული გავხდით საკმაოდ ბარაქიანი ეზო-კარი მიგვეტოვებინა. ახლა თბილისში ვცხოვრობთ, ბავშვებიც აქ დადიან სკოლაში. იქ სახლი ცარიალია და ზაფხულობით თუ გავბედავთ ხანდახან ჩასვლას, სანამ ჯერ კიდევ არის ამის საშუალება“, – განუცხადა DFWatch-ს ბ.ბ.-მ.

გალის რაიონის დატოვებაზე ფიქრობს ახალგაზრდების ის ნაწილიც, რომელიც ჯერ კიდევ აქ ცხოვრობს.

„30 წლის ვარ, ოჯახის შექმნას ვაპირებ, მაგრამ აქ თანთათან ყველაფერი იზღუდება. განათლების დონე საგრძნობლად დაეცა, მას შემდეგ, რაც რუსული სწავლება დაიწყო, რადგან რუსულენოვანი კადრები არ ჰყავთ, ქართულენოვანი მასწავლებლები კი სრულყოფილად ვერ ახერხებენ რუსულად აუხსნან საგანი ბავშვებს. რუსულის სწავლების შემოღებამდეც უკვე იგრძნობოდა კადრების დეფიციტი, რადგან ძველი თაობა მიდის სკოლიდან, ახალი თაობა კი განათლების მიღების მერე სოფლებში საცხოვრებლად არ ბრუნდება. ჯანდაცვა ლაბორატორიის დონეზეა, შვილი რომ ავად გაგიხდეს, შესაძლოა დახმარება ვერც გაუწიოს, „საზღვარზე“ კი შეზღუდული გადაადგილების გამო გადაყვანას ვერ მოახერხებ დროულად. ელემენტარულად ვერ გახსნი პატარა მაღაზიასაც კი ისე, რომ აფხაზი არ ჩაგიჯდეს წილში. ვერ ვყიდულობთ მიწას, სახლს, მანქანას, რადგან ყიდვას რა აზრი აქვს, თუ ვერ გაიფორმე. სამსახურს აქ ვერ იშოვი, მიწას თუ არ დაამუშავებ, ერთი თხილი გვქონდა შემოსავალი და ისიც გაფუჭდა. ახალგაზრდებისთვის გასართობ ადგილებზე საერთოდ არაფერს ვამბობთ, ეს მეტისმეტი ოცნების საგანია აქ. ახლახანს გავაგრძელე ერთი თვით საბუთი, ჩვენ ფულზე 60 ლარი გადავიხადე, მომავალ თვეში კი გამიგრძელებენ თუ არა, ისიც არ ვიცი“, – უთხრა DFWatch-ს რ.ბ.-მ.

ყველაზე მთავარ და საერთო პრობლემად კი კვლავ საბუთების საკითხი რჩება, რომელიც ავტომატურად ზღუდავს თავისუფალ გადაადგილებას.

„ერთხელ რუსმა მესაზღვრემ გვითხრა, ჩვენ არ გაგაგდებთ აქედან, თქვენ თვითონ წახვალთო. მას შემდეგ 2-3 წელი გავიდა და დღითიდღე უფრო ვხვდებით, რას გულისხმობდა. იმდენად ყველაფერში შეგვზღუდეს, გვაიძულებენ ჩვენი ნებით წავიდეთ სახლებიდან. საბუთების აღება ხომ გააძნელეს, მაგრამ რომც ავიღოთ, მაინც ყველა უფლება ჩამორთმეული გვაქვს. უფროსი თაობა არ ნებდება სახლ-კარს, მათთვის ყველაზე რთულია ამის გაკეთება, მაგრამ ძველი თაობა მიდის და ახალგაზრდებიც ტოვებენ აქაურობას. ჯერ კიდევ 2008 წელს ვფიქრობდით აქედან წასვლას, როცა მაშინ ითქვა, რომ რუსეთის მოქალაქეობის მიღებას მოგვთხოვდნენ, ასე არ აღმოჩნდა და დავრჩით, მერე ვთქვი, რომ როგორც კი შვილი სკოლას დაამთავრებს და სასწავლებლად თბილისში წავა, მეც გავყვები-მეთქი, მაგრამ შვილი უკვე ორი წელია სტუდენტია და მაინც ვერ მივიღე საბოლოოდ ეს გადაწყვეტილება. ასაკიანი დედა მყავს და მას რომ ვუთხრა. სახლ-კარს რომ ვტოვებ, იმ დღესვე მოკვება. თუმცა ადრე თუ გვიან ამის გაკეთება მაინც მოგვიწევს. აქ თუ დავრჩით, გამოგვკეტავენ და ისედაც მონებად გცეულებს, უარესი დაგვემართება, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავთ, რადგან ე.წ. „ვიდ ნა ჟიტელსტვა“, რომელსაც ახლა გვაძლევენ, სრულიად უუფლებოდ გვტოვებს“, – განუცხადა DFWatch-ს გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მკვიდრმა მ.ა.-მ.

ადგილზე რომ ჩახვიდეთ, დამწვარი სახლების გვერდით, ადვილად შეამჩნევთ, ოდესღაც ნაცხოვრებ, ახლა კი მიტოვებულ სახლებს, ეზოებს, რომლებიც მუდმივად მოწესრიგებული იყო, ახლა კი იშვიათად თუ ვინმე მოთიბავს ბალახს.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

July 2018
M T W T F S S
« Jun    
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031