მოსაზრება

დეკრიმინალიზაცია ლეგალიზაციის სინონიმი არ არის

by | Jul 31, 2018

მიხეილ კაზაჩკინი არის ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისიის წევრი, შიდსის, ტუბერკულოზის და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი.

ნარკოტიკული საშუალებების შესახებ კანონმდებლობის რეფორმირების მიზნით საქართველოს პარლამენტი ამჟამად იმედისმომცემ დებატებშია ჩართული, რასაც შესაძლოა ნარკოტიკების გამოყენების და ფლობის დეკრიმინალიზაცია და ქვედა დონის ნარკოდილერებისთვის ალტერნატივების გამოძებნა მოჰყვეს.   

ათი წლის წინ, საქართველომ აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის მხარდაჭერით ზიანის შემცირების ეფექტური პროგრამა განახორციელა. პროგრამა მოიცავდა შპრიცების გაცვლის, ასევე მეტადონით მკურნალობის პროგრამას, რასაც ნარკოტიკებზე დამოკიდებულ პირთა შორის ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (HIV) დაავადების მნიშვნელოვანი შემცირება მოყვა. ნარკოტიკების მოხმარების და ფლობის დეკრიმინალიზაცია შეამცირებს სამართლებრივ ზეწოლას და შეზღუდვებს და ადამიანებს მათი სიცოცხლისთვის ასე საჭირო მომსახურებით სარგებლობის საშუალებას მისცემს.

2018 წლის 30 ივლისს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა ჯარიმები მარიჰუანას მოხმარებისთვის. დღეს პარლამენტში განხილვის პროცესში არსებული ცვლილებების პაკეტი პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილი ოდენობის დადგენას ეხება, ასევე პირადი მოხმარებისთვის ნარკოტიკული საშუალებების ყიდვის ან ფლობისთვის სანქციების შემცირებას და მოთხოვნის შემცირებისა და პრევენციის სამსახურების განვითარებას. ეს არის ნაბიჯი სწორი მიმართულებით – თუმცა მეტის გაკეთებაა შესაძლებელი უფრო ეფექტური პოლიტიკის განსახორციელებლად.

ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისია უკვე დიდი ხანია მოუწოდებს ყველა სახის სისხლის სამართლებრივი სანქციის და ადმინისტრაციული სასჯელის (მათ შორის ჯარიმების) აკრძალვისკენ. მას მტკიცედ მიაჩნია, რომ მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ზიანის და ნარკოტიკების მოხმარების კრიმინალიზაციის ეფექტური და მნიშვნელოვანი შემცირება.

ჩეხეთმა და პორტუგალიამ, შესაბამისად, 10 და 17 წლის წინ ნარკოტიკების მოხმარების და ფლობის დეკრიმინალიზაცია განახორციელეს. მას შემდეგ, ორივე ქვეყანაში ნარკოტიკებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის დანაშაულების რაოდენობა შემცირდა და ასევე იკლო პატიმართა რაოდენობამაც. შედეგად, ორივე ქვეყანას მიეცა შესაძლებლობა, რომ მეტი რესურსი მიემართა საკუთრების წინააღმდეგ დანაშაულების, ასევე ძალადობრივი დანაშაულების აღმოფხვრისკენ. ანალოგიურად, კლების ტენდენცია დაფიქსირდა ნარკოტიკების მოხმარების კუთხით, კერძოდ კი ახალგაზრდებში. საბოლოო ჯამში, ორივე ქვეყანაში მნიშვნელოვნად შემცირდა ზედოზირებით გარდაცვალების და სისხლით გადამდები დაავადებების შემთხვევები, ასევე გაუმჯობესდა ადამიანებს შორის ურთიერთობები და თითქმის დასრულდა ნარკოტიკების მომხმარებელთა სტიგმატიზაცია.

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ ნარკოპოლიტიკის მიმართ რეპრესიული დამოკიდებულება დისკრიმინაციას აღვივებს ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ, რაც შესაძლოა დიდწილად განპირობებული იყოს ათწლეულების მანძილზე არსებული საერთაშორისო აკრძალვით. ამიტომ, ნარკოტიკების მიმართ უარყოფითი წარმოდგება ხშირად იდეოლოგიურადაა განპირობებული და იშვიათად ეფუძნება მტკიცებულებებს.

მაგალითად, გარკვეული ნარკოტიკული საშუალებები, როგორიცაა კანაბი, „ძალიან საშიში“ ნივთიერებების კატეგორიას მიეკუთვნება და ამიტომაც აკრძალულია, თუმცა ის რეალური პოტენციური ზიანი, რასაც მისი მოხმარება იწვევს, შესაძლოა ბევრად ნაკლები იყოს, ვიდრე ლეგალური ნარკოტიკებისა, როგორიც ალკოჰოლია. მორიგ მცდარ წარმოდგენას ქმნის ის, რომ ნარკოტიკი არის საზოგადოებაზე გარედან თავსმოხვეული „ბოროტება“, რომლის მოხმარებაც ყოველთვის გამოიწვევს დამონებას და დამოკიდებულებას. სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ მთელი ისტორიის მანძილზე სხვადასხვა კულტურები ტრადიციულად მოიხმარდნენ და მართავდნენ სხვადასხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს და რომ დღესაც მოხმარების ყველაზე ჩვეული ფორმა არარეგულარული და არაპრობლემატურია. იმ 250 მილიონ ადამიანს შორის, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით ნარკოტიკებს მოიხმარენ, 12%-ზე ნაკლები მოიხმარს მას იმ ფორმით, რაც უარყოფით გავლენას ახდენს მათ სიცოცხლეებზე.

დეკრიმინალიზაცია ლეგალიზაციის სინონიმი არ არის, არამედ ის გულისხმობს სახელმწიფოს მიერ ყველა მოქალაქის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე პასუხისმგებლობის აღებას, და მათ გათავისუფლებას დამოკლეს მახვილისგან, რასაც მათი თავისუფლების აღკვეთის საფრთხე წარმოადგენს. საქართველოს შეუძლია წამყვანი როლი ითამაშოს რეგიონში უფრო პროგრესული და ჰუმანური ნარკოპოლიტიკის მიმართულებით.

მიხეილ კაზაჩკინი



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

August 2018
M T W T F S S
« Jul    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031