ამბები

გალის რაიონში ქართული სკოლა დახურეს

by | Oct 19, 2017

სოფელ მეორე თაგილონის სკოლაში 29 ბავშვი სწავლობს. (DFWatch.net)

ოთხშაბათს გამართულ შეხვედრაზე გალის სკოლების დირექტორებს განუცხადეს, რომ სოფელ მეორე თაგილონის სკოლა იხურება და ახლომდებარე სკოლებს სამსახურის გარეშე დარჩენილი მასწავლებლების დასაქმება დაავალეს.

„სკოლაში ამჟამად 29 ბავშვი სწავლობს, არ გვყავს მე-4 და მე-7 კლასი, იმედი გვქონდა, რომ პირველი სემესტრის დახურვის საშუალებას მაინც მოგვცემდნენ, თუმცა ასე არ მოხდა, ორშაბათიდან ალბათ, ბავშვებს ახლომდებარე სკოლები მიიღებენ“, – უთხრა DFWatch-ს დახურული სკოლის მასწავლებელმა.

აღსანიშნავია, რომ გალის რაიონში მდებარე სკოლების დაწყებით კლასებში (პირველი-მეექვსე) უკვე მეორე წელია სწავლება რუსულად მიმდინარეობს, რის გამოც მოსწავლეთა ნაწილმა სკოლები დატოვა და სასწავლებლად ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდა. მოსწავლეთა რაოდენობის შემცირების ძირითად მიზეზად სწორედ ეს სახელდება და მასწავლებლები ვარაუდობენ, რომ ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება, რამაც შესაძლოა, იგივე მიზეზით სხვა სკოლების დახურვაც გამოიწვიოს.

სკოლის დახურვის ოფიციალურ მიზეზად დე ფაქტო განათლების სამინისტრო სწორედ მოსწავლეთა რაოდენობის სიმცირეს ასახელებს, თუმცა ამ მოსაზრებას ადგილობრივები არ ეთახმებიან და აცხადებენ, რომ დე ფაქტო მთავრობამ ქართულ სკოლებში რუსულენოვანი მასწავლებლების მობილიზება ვერ მოახერხა.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე მეორე წელია ქართველი მასწავლებლები გადამზადებას სპეციალურ კოლეჯებში გადიან, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა ქართული სკოლების სრული რუსიფიკაციისთვის.

„აფხაზურ მხარეს არ ჰყავს შესაბამისი განათლების პედაგოგები, რათა სრულად უზრუნველყოს გალის ტერიტორიაზე ფუნქციონირებად სკოლებში სწავლება, სწორედ ამიტომ უკვე მეორე წელია მასწავლებლების გადამზადება მიმდინარეობს, თუმცა აღნიშნული საკმარისი ვერ აღმოჩნდა. არსებობს ვარაუდი, რომ თუ ბოლომდე სისრულეში ვერ მოვა ქართული სკოლების რუსიფიკაციის გეგმა, სკოლები ეტაპობრივად დაიხურება“, – უთხრა DFWatch-ს ერთ-ერთმა ადგილობრივმა პედაგოგმა.

ცნობისთვის, თაგილონის სკოლის დახურვის შემდეგ გალის რაიონის ტერიტორიაზე 30 სკოლა დარჩა, სადაც დღეის მდგომარეობით 4 315 მოსწავლე ირიცხება. აქედან ნაწილობრივი ქართული სწავლება 10 სკოლაში მიმდინარეობს.

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

November 2017
M T W T F S S
« Oct    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930