ამბები

გალელებისთვის ხარისხიანი მკურნალობის ერთადერთი საშუალება ენგურსგადმოღმა გადმოსვლაა

by | Mar 5, 2018

 

გალის საავადმყოფო.

2010 წლიდან საქართველოს მთავრობა აფხაზური პასპორტის მქონე ნებისმიერ პირს სამედიცინო დახმარებას სრულიად უფასოდ უწევს. აღნიშნულით ძირითადად აფხაზები სარგებლობენ და მათი რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.

DFWatch დაინტერესდა, ოკუპირებულ აფხაზეთში რა სახის დახმარებას უწევენ მოსახლეობას და იმ ხალხს გაესაუბრა, რომელთაც უშუალოდ ჰქონდათ კონტაქტი ადგილობრივ საავადმყოფოებთან. (ჩვენი რესპონდენტები გალის, ასევე სოფლების, თაგილონის, ჭუბურხინჯის, ნაბაკევისა და სიდას მაცხოვრებლები არიან.)

როგორც ისინი ამბობენ, ოკუპირებულ რეგიონში მხოლოდ პირველადი დახმარების მიღებაა შესაძლებელი, სხვა დანარჩენისთვის ექიმები თავადვე ურჩევენ პაციენტებს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლას.

„დაახლოებით ორი კვირის წინ, ხის სახერხით ფეხი დავიზიანე, ზუგდიდში გადასვლას გაცილებით მეტი დრო უნდა, ამიტომ მაშინვე გალის საავადმყოფოში წამიყვანეს, სადაც პირველადი დახმარება გამიწიეს. სისხლდენა შემიჩერეს, მაგრამ სხვა სახის მკურნალობისთვის ექიმმა მირჩია, რომ ენგურს გაღმა გადავსულიყავი, რადგან ადგილზე შესაბამისი მედიკამენტები არ აქვთ“, – განაცხადა 60 წლის ო.ძ.-მ.

დაახლოებით იგივეს ყვება 52 წლის ქალბატონი, რომელმაც საავადმყოფოს პირველადი დახმარების გასაწევად, ყბა-სახის ძვლის მოტეხილობით  მიმართა.

„სრულიად შემთხვევით საკმაოდ მძიმე ტრამვა მივიღე ყბა-სახის არეში. ბევრი სისხლი დავკარგე და რადგან საღამო იყო და „საზღვარზე“ ფიზიკურად ვერ გადავიდოდი, პირველადი დახმარებისთვის გალის საავადმყოფოს მივმართე. რენტგენი გადამიღეს, მაგრამ აპარატურა იმდენად ძველია, ზუსტად ვერ მითხრეს, იყო თუ არა მოტეხილობა. ექიმმა ივარაუდა, რომ იყო და ზუგდიდში გამგზავნა. მეორე დღეს, დილითვე წავედით, ოღონდ ქუთაისში, და აღმოჩნდა, რომ ყბა ექვს ადგილას იყო გატეხილი“, – უთხრა DFWatch-ს გ.ბ.-მ.

ადგილობრივები აღნიშნავენ, რომ გარდა იმისა, რომ შესაბამისი აპარატურა არა აქვთ, კატასტროფული მდგომარეობაა მშობიარობის კუთხით.

„მე ვფიქრობ, რომ აქ ვინც მშობიარობს, გიჟია. სამი შვილი გავაჩინე, მაგრამ სამივე ზუგდიდში. სანამ ამის საშუალება არსებობს, თავი საფრთხეში რატომ უნდა ჩავიგდო?! საკეისრო კვეთაზე საუბარიც ზედმეტია. ერთი წლის წინ, სოფელ სიდაში მცხოვრები 36 წლის გოგო შემოაკვდათ. მესამე შვილს ელოდებოდა, ზუგდიდში ექიმს საკეისრო ჰქონდა დანიშნული, რადგან თავის პრობლემები აწუხებდა. აქაურ ექიმს კი უთქვამს, არ გრცხვენია ტანკივით გოგო რომ ვერ მშობიარობო. სამწუხაროდ, მშობიარობას გადაყვა, სამი შვილი ობლად დარჩა. დაახლოებით ერთი თვის წინაც ვერ ამშობიარეს და ბავშვი გაგუდული დაიბადა“, – ამბობს DFWatch-თან 30 წლის ხ.ჯ.

ალბათ მკითხველს გაუჩნდება კითხვა, თუ რატომ მიდიან რისკზე და რატომ მშობიარობენ ასეთ პირობებში? ეს კითხვა DFWatch-მაც დაუსვა მოსახლეობას, პასუხი კი ორი სახის იყო: პირველი – ვერ ასწრებენ „საზღვრის“ გადაკვეთას, მეორე ნაწილი კი რისკავს, რათა ბავშვს ადგილობრივი დაბადების მოწმობა ჰქონდეს.

გარდა უხარისხო სამედიცინო მომსახურებისა, ადგილობრივები წამლების სიძვირეზეც აკეთებენ აქცენტს და აცხადებენ, რომ გალში ნებისმიერი წამალი ორჯერ ძვირი ღირს, ვიდრე საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. რაც შეეხება რუსეთიდან შემოტანილ წამლებს, მათი ფასები კიდევ უფრო მაღალია.

თავად აფხაზები, ვისაც შესაძლებლობა აქვს, პირდაპირ რუსეთში მიდის სამკურნალოდ, ნაკლებად შეძლებულები კი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდიან და უფასო მომსახურებით სარგებლობენ.

აღნიშნულის ფონზე გალის ქართველი მოსახლეობა საქართველოს მთავრობის მიმართ უკმაყოფილებასაც გამოხატავს და სურვილს გამოთქვამენ, რომ სამედიცინო დახმარება ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ქართველებისთვისაც ისევე იყოს უფასო, როგორც აფხაზებისთვის.

„აქ ძირითადად ასაკიანი ხალხია შემორჩენილი. ახალგაზრდობა მიდის და სხვადასხვა მიზეზით უკან არ ბრუნდება. ასაკში შესულებს ძირითადად წნევა და გულის პრობლემები გვაწუხებს, რისი მკურნალობაც, კარგად მოგეხსენებათ, რა ძვირი ჯდება. ჩვენ ამის საშუალება არ გვაქვს, რადგან უკვე არც მარჯვენა გვიჭრის რომ ვიმუშაოთ. პენსიით კი რამდენი რამე უნდა გააკეთო. კარგი იქნება აფხაზებივით ჩვენც უფასოდ გვემსახურებოდნენ, თუნდაც ადგილობრივი გამგებლის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე, რაც დაადასტურებს, რომ ნამდვილად აქ ვცხოვრობთ“, – აღნიშნა DFWatch-თან 75 წლის ქალმა.

ცნობისთვის, გალის ტერიტორიაზე ამჟამად სამი საავადმყოფო მუშაობს – ნაბაკევში, ბარღებსა და თავად გალში. აღსანიშნავია, რომ სოხუმში კარდიოლოგიური კლინიკის გახსნა იგეგმებოდა, თუმცა კადრების არარსებობის გამო, ვერ მოხერხდა.

 

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

September 2018
M T W T F S S
« Aug    
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930