ამბები, უმცირესობები

„ბევრი სახლი დაიკეტა, ბევრი კი დაინგრა” – როგორ ცხოვრობენ მარნეულის მაღალმთიან სოფლებში

by | Nov 25, 2017

2 წლის წინ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებს ულიანოვკას, ხოჯორნს, წერაქვს, ხოხმელსა და ოფრეთს მაღლმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა. მას შემდეგ იქ მცხოვრები მოსახლეობა გარკვეული ფინანსური და სოციალური შეღავათებით სარგებლობს. თუმცა, მათი თქმით, ამ სტატუსის მინიჭებით მათ ცხოვრებაში თითქმის არაფერი შეიცვალა.

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონი საქართველოს პარლამენტმა 2015 წლის 16 ივლისს მიიღო. კანონით, მაღალმთიანის სტატუსი ენიჭება იმ დასახლებას, რომელიც ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე ან მის ზევით მდებარეობს, იქ მცხოვრები მოსახლეობა კი სოციალურ და საგადასახადო შეღავათებს იღებს: პენსიონერები, მასწავლებლები, ექიმები და ექთნები ყოველთვიურ დანამატს იღებენ. მოსახლეობას უნაზღაურდება მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის 50%. ფინანსურ დახმარებას იღებენ 2016 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული ბავშვების მშობლებიც. ამჟამად მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში 1700-მდე სოფელია.

ოფრეთამდე რომ მიხვიდეთ, თბილისს იქეთ, ოღრო-ჩოღრო გზაზე დაახლოებით 5 საათი უნდა იაროთ. ამ სოფელში ეთნიკურ აზერბაიჯანელებთან ერთად ქართველები, რუსები და სომხებიც ცხოვრობენ.

ჰასან მამმადოვი.

49 წლის გულუ მამადოვა აცხადებს, რომ ოფრეთისთვის მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მინიჭების შემდეგ მათ ცხოვრებაში უკეთესობისკენ არაფერი შეიცვალა: „არც საჯარო მოხელე ვარ და არც პენსიონერი. საქონელს ვუვლით და თავს იმით ვირჩენთ. ამ კანონს ჩვენნაირი ოჯახისთვის არანაირი სარგებელი არ მოაქვს. სოფელში ადამიანური ცხოვრებისთვის საჭირო ელემენტარული პირობები არა გვაქვს. დასაბანი წყალი წყაროდან, ხელით უნდა მოვიტანოთ. ასეთმა სიღარიბემ და პირობებმა უკვე სასოწარკვეთილებამდე მიგვიყვანა.”

მიტოვებული მაღაზია სოფელ ოფრეთში.

გულუს მეუღლე, 52 წლის ჰასან მამმადოვი ამბობს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი სოფელში მხოლოდ ზაფხულობით ამოდის: „საბჭოთა პერიოდში აქ საბავშვო ბაღიც იყო, სამკერვალოც, კლუბიც და პოლიკლინიკაც. ახლა არფერი არ არის. მაშინ ტრანსპორტიც დადიოდა თბილისის და მარნეულის მიმართულებით. მარნეულისკენ ავტობუსი ახლაც დადის, მაგრამ  მხოლოდ 2 დღეში ერთხელ. მანქანის გარეშე აქ ცხოვრება შეუძლებელია. ხალხის ნაწილი აქ მხოლოდ ზაფხულობით ამოდის და საქონელი ამოჰყავს საძოვრებზე, გვიან შემოდგომაზე ისევ უკან ბრუნდებიან. ბევრი სახლი დაიკეტა. ბევრი კი საერთოდ დაინგრა.”

2002 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით, ოფრეთში 158 ადამიანი ცხოვრობდა. ახლა იქ 80-მდე მოსახლეღაა დარჩენილი.

56 წლის კოსტია ურომოვი გზების მდგომარეობაზე ჩივის. „გზები არ არის. არც გარე განათებაა, სიბნელეში ადამიანმა რომ რამე დაინახოს. ექიმიც არ არის. წესით. ოჯახის ექიმი უნდა იყოს, მაგრამ როცა გვიჭირს და გვჭირდება დახმარება, ვერსად ვპოულობთ.”

კოსტიას 4  შვილი ჰყავს. მათგან სამი საბერძნეთშია წასული. ის ახლა სოფელში უმცროს შვილთან ერთად ცხოვრობს და 400-ლარიან პენსიას იღებს. „უკეთესი იქნებოდა, თუ მთავრობა ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე იზრუნებდა. კარგია, რომ ხელფასებზე და პენსიებზე დანამატი მოგვცეს, მაგრამ ამას ახალგზრდებისთვის რა სარგებელი მოაქვს? აქ თითქმის არავინაა დასაქმებული. ჩემი შვილიც უმუშევარია. უკეთესი იქნებოდა, თუ ფინანსურ დახმარებას ყველა მიიღებდა. არ ვიცი, თავი როგორ უნდა გავიტანოთ. მე ამ სოფლის და  სახლის მიტოვება არ შემიძლია. მასთან ბევრი მოგონება მაკავშირებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როცა მოვკვდები, აქედან ჩემი უმცროსი შვილიც წავა.”

სოფელ ხოჯორნში მცხოვრები 57 წლის ჰუსეინ აბდულრაჰმანოვი, რომელიც სკოლაში მასწავლებლად მუშაობს, ამბობს, რომ ხელფასის სახით ყოველთვიურად 470 ლარს იღებს, მაგრამ ეს თანხა ოჯახის სარჩენად არ ჰყოფნის: „ოჯახში ოთხნი ვართ. ჩემი ქალიშვილი და მისი 8 წლის გოგონაც ჩვენთან ცხოვრობენ. მხოლოდ მე ვმუშაობ. 470 ლარით უნდა ვიყიდოთ საჭმელი, ტანსაცმელი, წამალი… არ გვყოფნის. სოფელს იმიტომ ტოვებენ, რომ ელემენტარული საცხოვრებელი პირობები არ არის. გზა არ გვაქვს, წყალი არ გვაქვს. სასმელი წყალი შორიდან მოგვაქვს. მოსავალიც მხოლოდ იმდენი მოგვყავს, რაც ოჯახს სჭირდება, ისიც გაჭირვებით, რადგან სარწყავი წალი არ გვაქვს და ზაფხულში აქ ყველაფერი ხმება. სამუშაო აქ არ არის. ასეთ პირობებში ხალხმა როგორ უნდა იცხოვროს? ჩემი ორი შვილი სამუშაოდ ბაქოში წავიდა. ბევრი წავიდა სოფლიდან სამუდამოდ…”

ულიანოვკა წლების წინ მიტოვებული სოფელი იყო. ახლა იქ 4 ადამიანი ცხოვრობს. „ყველასგან მიტოვებული სოფელია. აქ არც დენია და არც გაზი. საჭმელს ცეცხლზე ვამზადებთ. ტელევიზორიც არა გვაქვს. მთელი დღე ვმუშაობთ. ძირითადად, მესაქონლეობას მივდევთ,” – ამბობს 58 წლის არიფ ჰასანოვი.

ულიანოვკაში ყველაზე მეტად მძიმე ინფრასტრუქტურული პირობები აწუხებთ. „შარშან სასწრაფო დახმარების გამოძახება დაგვჭირდა. ძალიან დაიგვიანეს. გზა საშინელ მდგომარეობაშია, შეუძლებელია აქ სწრაფად მოხვიდე,” – 48 წლის გიორგი ქავთარაძე.

„საქართველო საბჭოთა რესპუბლიკა აღარ არის. მთავრობა ფაბრიკა-ქარხნებს ვერ ააშენებს. მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონის ამოქმედების შემდეგ, მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებებში მცხოვრებმა მოსახლეობამ გარკვეული შეღავათები მიიღო. მასწავლებლებს ხელფასის 35% ემატებათ. 20%-იან დანამატს იღებენ პენსიონერები. საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდებიან ის ადამიანები, რომელთა წლიური ხელფასი 6000 ლარამდეა. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობა არ იხდის მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ქონების გადასახადს,” – ამბობს მამუკა აბულაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მაღალმთიანი რეგიონების განვითარების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, – „სახელმწიფომ შექმნა პირობები იმისთვის, რომ მაღალმთიან დასახლებებში ბიზნესი განვითარდეს. მაღალმთიანი დასახლების საწარმოს საქმიანობით მიღებული მოგება 10 წლის განმავლობაში არ იბეგრება. არ იბეგრება არც ამ საწარმოს საქმიანობით მიღებული შემოსავალი. ეს შეღავათები დაწესდა იმისთვის, რომ ამ დასახლებებში ბიზნესი განვითარდეს და ადამიანები დასაქმდნენ.”

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონის მიღება საქართველოს ხელისუფლებამ მთიანი რეგიონებიდან მოსახლეობის მიგრაციის შეჩერების მიზნით გადაწყვიტა. ბოლო 15 წლის განმავლობაში საქართველოში  223 სოფელი იქცა ნასოფლარად. 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, 157 სოფელში 1-დან 5-მდე ადამიანიღა ცხოვრობს, 98 სოფელში 5-10 მოსახლეა და მხოლოდ 12 სოფელია ისეთი, სადაც 5 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

ნურანა მამმადი

სტატია მომზადებულია „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და ფონდის – „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორთა პოზიციას.

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2017
M T W T F S S
« Nov    
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031