უმცირესობები

ბათუმის მეჩეთის პრობლემა კვლავ გადაუჭრელია

by | Aug 19, 2014
Tariel_Nakaidze_Crop

ტარიელ ნაკაიძე, საქართველოს მუსლიმთა კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი (DF Watch.)

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხი წლებია, გადაუჭრელი რჩება. მთავრობები მუსლიმებს ჰპირდებიან, რომ პრობლემა გადაიჭრება, თუმცა მუსლიმთა თქმით, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს, საკითხის გადაჭრა დროში გაიწელოს და რეალურად მის მოგვარებას თავს არიდებს.

DF Watch კიდევ ერთხელ ეწვია ბათუმის ორთა ჯამეს მეჩეთს პარასკევის ლოცვაზე დასასწრებად, როცა ასობით მუსლიმს მეჩეთის გარეთ, ეზოსა და ქუჩაში უწევს ლოცვა, რადგანაც სამლოცველო ყველას ვერ იტევს. ჩვენ  ამ პრობლემის შესახებ ბათუმში მოქმედი ‘ქართველ მუსლიმთა კავშირის’ დამფუძნებელს, ტარიელ ნაკაიძეს ვესაუბრეთ:

პირველად როდის გაჩნდა ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების საჭიროება?

მეჩეთის საჭიროება ბათუმში სადღაც 15 წლის წინ გაჩნდა და შესაბამისად მაშინ დაიწყო ამ საკითხზე სხვადასხვა სახის ღონისძიებების გატარება – სახელმწიფოს მოვთხოვეთ, რომ გამოეყო ადგილი და სხვა ძალიან ბევრი სახის ღონისძიება იყო ამ საკითხთან დაკავშირებით. ბათუმში, ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, ბევრი ჩამოსული ტურისტიც ამ რელიგიას განეკუთვნება, ანუ მუსლიმები არიან, და შესაბამისად ესეც დამატებით კიდევ ერთი არგუმენტია, რათა ახალი დიდი მეჩეთი აშენდეს.  ამას ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა, თითქოსდა თურქებთან რაღაც ხელშეკრულების საფუძველზე უნდა მომხდარიყო იქაური ტაძრების აღდგენა, აქაური მეჩეთის აშენება და ა.შ. მე ვფიქრობ, ეს უფრო პოლიტიკურ ჭრილში სახელმწიფოების დონეზე დაიწყო და ამაში მუსლიმი მრევლი საერთოდ არ მონაწილეობდა.

მთავრობა ახლა მუსლიმებს ორთა ჯამეს მეჩეთის გაფართოებას ჰპირდება. ეს შესაძლებელია?

მიმაჩნია, რომ ეს არის აბსოლუტურად შეუძლებელი რამდენიმე მოსაზრების გამო. პირველია ის, რომ ეს არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და მისი გაფართოების არეალი არის მწირი. იმ ტერიტორიაზე, რომელზეც არის ვარაუდი, რომ უნდა გაფრთოვდეს, ცხოვრობს მოსახლეობა, რომლის განსახლებაც საკმაოდ სერიოზულ თანხებთან არის დაკავშირებული. ეს აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ სახელმწიფო ამ საკითხის მოგვარებას აბსოლუტურად არ ცდილობს და დროში წელავს.

მაგრამ აქ არის სხვა მნიშვნელოვანი საკითხი – არსებობს საზოგადოების ნაწილი, რომელიც უსამართლოდ ითხოვს, რომ ბათუმში არ უნდა აშენდეს მეჩეთი და სახელმწიფო ასრულებს საზოგადოების ამ ნაწილის უსამართლო მოთხოვნას. სახელმწიფო ცდილობს, ეს ხალხი არ გააღიზიანოს და მიმაჩნია, რომ ამ საკითხში ის თავის სახელმწიფოებრივ ვალდებულებას ვერ ასრულებს.

სიტუაცია ისე განვიტარდა, რომ ახლა მეჩეთის მშენებლობა უკვე საქართველოს დემოკრატიის ხარისხის ინდიკატორს წარმოადგენს. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის გადაწყვეტილება, რომელიც სახელმწიფომ და სამწუხაროდ, სახელმწიფოს მიერ დანიშნულმა მუფთიმაც გაიზიარა, ვფიქრობ, არის უსამართლო არა მარტო მუსლიმების, არამედ თავად სახელმწიფოებრიობის მიმართაც. ჩვენ, რა თქმა უნდა, ახალი მეჩეთის მშენებლობის მოთხოვნის საკითხს დღის წესრიგიდან ვერ ამოვიღებთ და არ ამოვიღებთ.

muslims_praying_batumi_Crop

მუსლიმები ბათუმი ქუჩაში ლოცულობენ, რადგან მეჩეთი მლოცველებს ვერ იტევს (DF Watch.)

ცოტა ხნის წინ ითქვა, რომ მთავრობა აპირებს, შექმნას კომისია, რომელიც იმუშავებს მეჩეთის მშენებლობის საკთხზე მთავრობის წევრებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მუსლიმი თემის წარმომადგენლებთან ერთად. ამ კომისიაში თქვენს ინტერესებს ვინ წარმოადგენს?

შექმენი კომისიები, თუ არ გინდა, რამე გააკეთო. ეს კომისიაც ამას ემსახურება. მე რამდენჯერმე მქონდა შეხვედრა ბატონ პაქსაძესთან (მუფთი). აბსოლუტურად გაურკვეველ სიტუაციაშია თვითონაც, რა უნდა მოხდეს და რასთან აქვს საქმე, თვითონაც ვერ ხვდება. ის არის იმ პოლიტიკის გამტარებელი, რაც დაავალეს. სრული გაურკვევლობაა, რამდენად შეძლებენ იმ ხალხის გასახლებას იქიდან, რადგანაც საკმაოდ სერიოზულ თანხებზეა საუბარი. მილიონები უნდა გადაიხადონ იმისთვის, რომ ეს ხალხი გაასახლონ და მეჩეთი გააფართოვონ, არადა ახალი მეჩეთის მშენებლობა იმის ნახევარი არ დაჯდება.

მეჩეთის ღიად მშენებლობა, სახელმწიფოს ნებართვით შეცვლის აქ დამკვიდრებულ ფსიქოლოგიას,როცა ბავშვს სჯერა, რომ რადგან ის მუსლიმია, ის ბევრს ვერაფერს მიაღწევს ცხოვრებაში და ამის გამო უწევს რელიგიის დამალვა სახლის გარეთ. მეჩეთის მშენებლობა კი ამ დამოკიდებულებას შეცვლის. ეს არ აწყობთ იმ ადამიანებს, ვინც ცდილობს, მუსლიმი მოსახლეობა გააქრისტიანოს. ზოგადად პრობლემა ამ რეგიონში საკმაოდ  სერიოზულია. ფსიქოლოგიურად უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა, რომ მას არავინ არ ჰკითხავს ბათუმში მეჩეთი აშენდება თუ არა, თუ რაიმე სამართლებრივი ნორმა არ ირღვევა ამ მშენებლობით.

ნიგვზიანში თავს დაესხნენ ადამიანებს, არ ალოცეს და არავინ არ დაისაჯა, ამას მოჰყვა წინწყარო, იქაც არავინ დაისაჯა, ამას მოჰყვა სამთაწყარო და სამთაწყაროში დღესაც ვერ ასრულებენ ლოცვას. ჩვენ ვერ შევძელით, რომ იქ ადამიანები სურვილისამებრ შევიდნენ და შეასრულონ ლოცვა. ჩვენ უნდა არ გავწყვიტოთ ეს ჯაჭვი. თუ სახელმწიფო არსებობს და ის არის სეკულარული, არავის აქვს უფლება, რომელიმე რელიგიას ხელი შეუშალოს. ხულოს რაიონში უმრავლესობა არის მუსლიმი. იგივე სიტუაცია რომ იყოს ხულოში, რომ, ვთქვათ, ქრისტიანები იჩაგრებოდნენ, ნებისმიერმა მოქალაქემ იგივე პოზიცია უნდა დაიჭიროს.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთავრობას საპატრიარქოსი ეშინია და არ უნდა მისი ნების საწინააღმდეგო ნაბიჯის გადადგმა?

რა თქმა უნდა, სწორედ ამას ვიძახი. მეუფე დიმიტრი ჩამოვიდა და ჩაატარა საპროტესტო წირვა. როცა ასეთი დონის რელიგიური თანამდებობის პირი გამოდის და საპროტესტო ლოცვას ატარებს იმისთვის, რომ არ აშენდეს მეჩეთი, ამას უკვე საკმაოდ სერიოზულ პრობლემასთან მივყავართ და სახელმწიფოს სერიოზულად ეშინია. ამიტომაც ჩვენ, მუსლიმები, არ უნდა გავჩერდეთ.

სად არის ახლა ის ათი მილიონი, რომელიც ივანიშვილმა მეჩეთის მშენებლობისთვის გაიღო?

ივანიშვილმა თქვა, მე მუსლიმებს მეჩეთი უნდა ავუშენოვო. დღეს ამბობენ, რომ ივანიშვილმა ამისთვის გამოყო ათი მილიონი ლარი. ფული არავის არ უნახავს. მაგრამ არც არავინ ამბობს, რომ არის, ან არ არის.

მეჩეთის გაფართოების პროექტი თუ არსებობს?

ბუნებაში მსგავსი არაფერია. სხვათაშორის ბათუმში არსებობს რამდენიმე ადგილი, სადაც მუსლიმები ლოცვას აღავლენენ. ხვალ კიდევ სხვა სახლები გაიხსნება, ზეგ კიდევ რაღაც სხვა. ლოცვას ვერ შეანელებ და ვერ შეაჩერებ.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

August 2017
M T W T F S S
« Jul    
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031